logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: სიმახინჯეს მშვენიერებად ვერ შემოგვასაღებენ
- +

7 თებერვალი. 2019. 19:19

 

„როცა 93-ე აუდიტორიაზეა ლაპარაკი, მახსენდება ფედერიკო ფელინის ფილმის, „ორკესტრის რეპეტიციის“ დასაწყისი - საკონცერტო დარბაზში შემოდის გადამწერი და ამბობს, ეს დარბაზი მსოფლიოში საუკეთესოა, მას ყველაზე კარგი აკუსტიკა აქვსო. ასეა 93-ე აუდიტორიაც. მგონია, რომ ყველაზე საუკეთესო აკუსტიკა აქვს, იმ ცნობილ დარბაზებზე უკეთესი, სადაც წილად მხვდა ბედნიერება, გამოვსულიყავი, იქნება ეს „სთრენდის“ წიგნის სახლი ბროდვეის 828-ში, მედიჩების სასახლე ფლორენციაში, ოქსფორდისა და კემბრიჯის კლუბები და ა.შ.“, - ამბობს პოეტი დათო მაღრაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგენილი ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორია“ პირველ შეკრებაზე, სადაც მისი წიგნი „უსადაურო“ წარადგინეს.   

 

- კრებულს „უსადაურო“ დავარქვი, უსათაუროს ასოციაციით... ერთი ლექსია იქ შესული „წუთისოფელი“, სულ ერთი სტრიქონია: „მამის სახლიდან მამის სახლისკენ...“ - წუთისოფელი, ჩემი აღქმით, ამ სტრიქონში ეტევა.

 

მე ადამიანის ცხოვრებას აღვიქვამ როგორც მშობლიურ წიაღში დაბრუნებას. სამშობლო აძლევს ადამიანს გზას თავისკენ, რათა შეძლო და დაუბრუნდე ისე, როგორც წმინდა წერილში უძღები შვილის დაბრუნებაა.

 

- სადაურია „უსადაურო“ - თქვენი წიგნის ლირიკული გმირი?

 

- (იცინის) უსადაუროა, თუმცა, ბრუნდება სამშობლოში - საქართველოში. 

 

- და რა ხდება ჩვენსა და უსადაუროს სამშობლოში?

 

- ძალიან საინტერესო ამბები... ზოგიერთ გაშალაშინებულ, დავარცხნილ ქვეყანას რომ ვუყურებ, ასე მგონია, შურის თვალით გვიყურებენ. მე პირადად არ მიზიდავს ეს დავარცხნილი ქვეყნები, ვნებათაღელვაში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მოვლილ გარემოში გამიჭირდება, ალბათ, ცხოვრება. 

 

ჩემი აზრით, ხელოვნება იმიტომ არსებობს, რომ ადამიანს ღმერთთან მიახლოებაში დაეხმაროს. ადამიანის დანიშნულება სულიერი ამაღლებაა და  ხელოვნება აქ პოულობს თავის გამართლებასა და განუმეორებლობას. ხელოვანი ეძებს ჰარმონიას, რადგან ყოფაში ჰარმონია დარღვეულია, ადამიანები მასზე ძალადობენ. ამას ხელოვანი პირად შევიწროებად, მეტიც, მოყვასის დაჩაგვრად მიიჩნევს, ამას ვერ ეგუება და იწყებს ჰარმონიისთვის ბრძოლას. ამიტომ არ მესმის მისი, ვინც უსამართლობას ეგუება, ამბობს, რომ  ჰარმონიისთვის ბრძოლა მისი საქმე არ არის და თან თავს ხელოვნების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ის ამ შემთხვევაში ყოველივეზე მაღლა კი არ დგას, არამედ  თავს არიდებს განსაცდელს და მერე ამ არიდების გამართლებას ეძებს, იმის ნაცვლად, ჰარმონია ეძებოს.

 

ამიტომ ვამბობ, ხელოვნება დედალი ხალხის საქმე არ არის.

 

- დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, რა არის ჩვენი დროის მთავარი გამოწვევა?

 

- ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოების მთავარ გამოწვევად იქცა სამართლიანობა, მისთვის ბრძოლა, რაც დღემდე გრძელდება. კონკრეტულ მაგალითს თუ ავიღებთ, ეს არის სასამართლო სისტემის თემა, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდა მას მერე, რაც იუსტიციის საბჭომ პარლამენტში შეიტანა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურების ცნობილი სია.

 

ყველაზე მძიმე სანახავი ის იყო, რომ სიას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილმა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მმართველი პარტიის დიდი ნაწილს არა აქვს მორალური კონფლიქტი მოსამართლეთა წარმოდგენილ სიასა და მათ ნამოქმედართან.

 

ამ პროცესმა ცხადყო, მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, მაინც როგორ მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ, ქვეყანამ განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლა, მათ შორის პარლამენტმაც. შორს რომ არ წავიდეთ, გაიხსენეთ „ნაციონალების“ მმართველობისას რაიმე საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისგან ასეთი მძაფრი წინააღმდეგობა.

 

ჩემი აზრით, ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ნუკრი ქანთარიამ და სხვებმა, მაპატიონ, ყველას ვერ ჩამოვთვლი, ამ სიისთვის გაწეული წინააღმდეგობით ღირსება შემატეს პარლამენტს, საპარლამენტო ქვეყანაში მას შესძინეს რეალური ფუნქცია და უფრო მეტიც, მოახერხეს  და „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეუნარჩუნეს გამარჯვების შანსი. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, „ქართული ოცნების“ შანსი ნულოვანი იქნებოდა. ახლა გამოიყენებენ ამ შანსს თუ ისევ უარს იტყვიან, მათი საქმეა.

 

ისე გათავხედდნენ, რომ ასეთი სიის წარმოდგენა გაბედეს, თუმცა, თავის მხრივ, ეს ნაკარნახევია პოლიტიკური ლიდერების ნაწილის ლოიალური დამოკიდებულებით, თან ამას ისეთი უსუსური ლოგიკა ახლავს, თურმე ეს მოსამართლეები მსხვერპლები ყოფილან.

 

იქნება ამ ფორმულირებას უმანკოც მიამატონ, უმანკო მსხვერპლის სტატუსი უფრო  „მოუხდებოდათ“ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს თუ მიქაუტაძეს. ყველას გასაგონად ვეტყვი: გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე კი არ არის მსხვერპლი, მსხვერპლი სანდროა! მოსამართლეთა კონფერენცია რომ აჩვენეს, იქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენში ყველაფერი პირიქითაა - გარკვეული იერარქია, რაც უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ არის, სასამართლოში კი, სადაც არ უნდა იყოს, აშკარად ჩანს. ამ ხალხთან თავისუფლებას ახლოსაც არ გაუვლია, მგონი. 

 

 ორი აზრი არ არსებობს, რომ მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმებში უმთავრესი უნდა იყოს მისი განვლილი ცხოვრების გზა და თუ ამ გზაზე თავიდან ბოლომდე ფეთხუმობაა, როგორც შეიძლება, მის არჩევას ლოგიკა ჰქონდეს?! ერუდიცია და ღირსება უნდა იყოს მოსამართლის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები.

 

 არავის ეყოფა მეცნიერება, რომ უზნეობა გაამართლოს. ამიტომ უტოპიურ საქმეს შეეჭიდა „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილი, როდესაც ამ სიის შეთავაზება განიზრახეს საზოგადოებისთვის. არ არსებობს ანალიზი და ლოგიკური აზროვნება, რომელიც შეძლებს სიმახინჯის მშვენიერებად გადაქცევას და სიცრუის - სიმართლედ. ასეთ მცდელობას მხოლოდ დემაგოგია ეწოდება, რომელიც განწირულია მარცხისთვის. ხშირად მოისმენთ კითხვას, სად არის ქართველი საზოგადოებაო? ამ საკითხით დაინტერესებულებს  მარტივი ფორმულირების პასუხს გავცემ: ქართველი საზოგადოება არის ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელისას ღირსებას არ კარგავს. ფიურერები, როგორც წესი, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლისთვისაც ღირსება დიდი არაფერი შინაარსის შემცველი არ არის, ამხედრებენ ხოლმე ამ ღირსეულთა წინააღმდეგ. ასე მოიქცნენ ბოლშევიკები და „ნაციონალებიც“.

 

ამ ეპოქაში ახალი ფასეულობა გაჩნდა - წარმატება, რომელიც აღარ გულისხმობს კითხვას, რის ფასად? ისე ცდილობენ წარმოადგინონ, რომ წარმატებული ნიშნავს მართალს, მაგრამ ასე არ არის. ესეც დროის მოტანილი მოდური ტრენდია, რომელიც ჩაივლის დროის პოდიუმზე და გაქრება.

 

სხვათა შორის, მივესალმები განათლების ახალი მინისტრის ინიციატივას , რომ უნარ-ჩვევების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

 

რა არის მაინც ეს ჩვენი ეპოქის პირმშო - არაბუნებრივად შობილი უნარ-ჩვევები, რაც თურმე ავითარებს ადამიანის გონიერებას... და მათემატიკა და ფიზიკა რას შვრება? ჩემი აზრით, ეს საგნად ქცეული უნარ-ჩვევების შედეგი ბევრის წარმოდგენით უნდა ყოფილიყო სწორედ ისეთი წარმატება, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი და რომლის დროსაც განდევნილია კითხვა: რის ფასად?

 

რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მას მერე მესმის ლაპარაკი განათლების რეფორმაზე და ეს მივიდა იქამდე, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ გაუქმდა და ილიას „აჩრდილი“ ამოიღეს  სასკოლო პროგრამიდან, მხოლოდ რაღაც საზეპიროები დატოვეს.

 

სწორი მგონია გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაც. მინისტრმა ზუსტად შეაფასა, როდესაც თქვა, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესებზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ გამოცდაზე. ჩვენი შვილები აქამდე ძირითადად, გამოცდებისთვის ემზადებოდნენ, ვიდრე ცოდნის მიღებისთვის. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონ ბატიაშვილს გააზრებული აქვს, რასთან აქვს საქმე და ეს გადაწყვეტილებები სერიოზული ანალიზის შედეგადაა მიღებული. წარმატებას ვუსურვებ... 

 

რადგან პოზიტივზე ვლაპარაკობ, ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მომეწონა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში. მან არაჩვეულებრივად სწორი, ინდივიდუალური ფორმულირებით ჩამოაყალიბა სათქმელი, რაშიც მისი პიროვნული ნიჭიერება გამოჩნდა.

 

და ერთიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო: ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამჭრიახობით მოახერხა და აგვარიდა იმ საფრთხეებს, რის შედეგადაც შეიძლება უკრაინასავით ურთულეს ვითარებაში ვყოფილიყავით.

 

- ბოლო ხანს კიდევ დადგა საზოგადოება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების მახინჯი ფაქტის წინაშე...

 

- უფრო მდაბიო, უფრო თახსირი აღარაფერი არსებობს... ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ეღირება, თუ ეს ერთხელ და სამუდამოდ არ აღიკვეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები და გავარკვევო... დიახ, უნდა ჩაყვეს ხელისუფლება ამ თემას ბოლომდე. მისი ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ადამიანის პირადი ცხოვრების, პირადი სივრცის დაცვა! ხელისუფლებამ ეს უნდა აღკვეთოს.

 

დასასრულს, ვიტყვი , რომ აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში ეროვნული თანხმობა შედგეს. დღეს რა ვითარება გვაქვს ? ვინც „ნაციონალებს“ აძლევს ხმას, ძირითადად, იმიტომ, „ქართული ოცნება“ სძულთ. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები კი არ ჰყავს, არამედ საზოგადოების ნაწილი მას ხმას „ნაციონალური მოძრაობის“ სიძულვილით აძლევს.

 

დაახლოებით ასეთი სურათი გვეხატება: ადამიანი იმ იმედით კი არ მიდის არჩევნებზე, რომ მისი რჩეული გაიმარჯვებს, არამედ ვიღაცისთვის  გზის გადასაკეტად. დროა, ეს სამარცხვინო სამკვდრო-სასიცოცხლო საარჩევნო ბრძოლა პოლიტიკურ პაექრობაში გადაიზარდოს, რათა ადამიანებს შორის ასეთი დიდი, გალესილი სიძულვილი შესუსტდეს. ამ სიძულვილს უფრო ფიურერები კვებავენ, ამიტომაც უნდა შეელიოს „ნაციონალური მოძრაობა“ ფიურერებს და მეორე მხარესაც უნდა დასრულდეს ლიდერების ფეტიშიზაცია.

 

ქრისტიანობა იმიტომ იყო და არის ბედნიერება, რომ თავისუფალი არჩევნის საშუალებას აძლევს ადამიანს. ქრისტიანობის საპირწონედ დღეს რაც იდება, მას თავისუფლებისგან გათავისუფლება ჰქვია. მე ვინატრებდი, რომ კერპებს მოვეშვათ და არ გავთავისუფლდეთ თავისუფლებისგან!

 

 

 

ესაუბრა ნათია დოლიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×