logo_geo
eng_logo
მხატვარი-მოჭიდავე ავთანდილ რეხვიაშვილი: ხელოვნება ჩემი სულიერი მხარეა, ვეთაყვანები მხატვრობას…
- +

12 თებერვალი. 2019. 02:04

 

 

ონის რაიონის სოფელ ჭიორაში დაიბადა, სპორტი და ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. გლდანის სპორტული პროფილის სკოლა–ინტერნატში ბერძნულ–რომაული სტილის ჭიდაობის სექციაში დადიოდა. მოგვიანებით კიმოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა.
არის სპორტის ოსტატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში, იყო საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს, უკრაინის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების გუნდის წევრი.
1987 წელს სახალხო შემოქმედების მეორე საკავშირო  ფესტივალის ლაურეატია. გამორჩეულია რაჭის თემაზე მისი შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. საქართველოს მხატვართა კავშირ „ხელოვანის“ წევრია.
ამჟამად ფერწერული ნამუშევრების მეორე გამოფენისთვის ემზადება. –  ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის პერსონა.

– მშობლები სოფელ ჭიორაში ცხოვრობდნენ: დედა – სარა (სადიკო) გობეჯიშვილი და მამა შალვა (შალიკო) რეხვიაშვილი.
ვსწავლობდი ონის რაიონის მაღალმთიან სოფელ ჭიორაში. იოლად  ვწევდი ქვას, შეშის საჭრელს… სპორტული ცხოვრება ბავშვობიდან მქონდა. 7 კლასის შემდეგ წამომიყვანეს თბილისში.

 

 

მარცხნიდან დგანან – ვლადიმერ მაისურაძე, ავთანდილ რეხვიაშვილი

ფიზკულტურის მასწავლებელმა დაინახა ჩემი მონაცემები და მშობლებთან შეთანხმებით მირჩიეს, გლდანის სპორტსკოლაში შევსულიყავი. ასე მოვხვდი ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შესანიშნავ მწვრთნელთან  ვლადიმერ მაისურაძესთან.
მაშინ ჯერ ხატვით არ ვხატავდი… მოგვიანებით თავისით მოვიდა, ალბათ უფლისგან. ბევრს უთქვამს, ეს კაცი რა ლამაზად წერს, რა ლამაზად ხატავსო… და ერთ მშვენიერ დღეს  პირველი ნამუშევარი შეიქმნა.


– პირველი ნახატები…
– 80-იან წლებში დავხატე „ნატურმორტი“, შემდეგ – მეუღლის პორტრეტი… ამას მოჰყვა სხვა სურათები, მაგრამ ინტენსიური ხატვისთვის სამსახურის გამო დრო არ მრჩებოდა… მაინც ვერ ვისვენებდი… ფუნჯი და ტილო შევიძინე.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დავამთავრე. ჯერ ჩარხმშენებელ ქარხანაში ინჟინრად ვმუშაობდი, შემდეგ – თავდაცვის სამინისტროში…


– მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ…


– ბიძაშვილმა, ცოცხალი აღარ არის, აცხონოს უფალმა… მშენებლობაზე შემომთავაზა მუშაობა,  იქ გაჯით გალესილი კედლებზე ნახშირით ფიგურები მივახატე. ერთხელაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრის მასწავლებელს ბიძინა არჩვაძეს უნახავს ეს კედელი და უკითხავს, ვინ დახატაო?  ერთ-ერთი ჩვენი დამხმარეაო, – უთქვამთ.


 

იმ დღეს ვერ შემხვდა, ვერც მეორე დღეს, მესამე დღეს შევხვდით ერთმანეთს, მომკიდა ხელი, ჩამიყვანა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში,  ამაღებინა ატესტატის ასლი და  მიმიყვანა თოიძის სამხატვრო სასწავლებელში,  ბატონ სოსო ქოიავასთან.
მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და  უგამოცდოდ ჩამრიცხეს. მადლობელი ვარ ბატონი ბიძინასი, კაცი, რომელიც გვერდში დაგიდგება, სიკვდილამდე უნდა გახსოვდეს…
ამის მერე პოლიტექნიკური ინსტიტუტიც დავამთავრე, ინჟინრადაც და  მხატვრადაც ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას.


– სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ორჯერ, ვადაზე ადრემოგენიჭათ კაპიტნისა და მაიორის წოდებები. ვეტერანი მებრძოლიც ხართ...


– 1993 წლიდან  2013 წლამდე ვიყავი ძალოვან უწყებაში და სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი.


– პირველი შემოქმედებითი წარმატება 1987 წელს მოვიდა, სახალხო შემოქმედების მეორე საკავშირო ფესტივალის ლაურეატი გახდით…


– მაშინ ჩარხმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი… რამდენიმე სურათი გაიგზავნა, მათ შორის მეუღლის პორტრეტი. ჯერ პროფაკავშირების სასახლეში წაიღეს ჩემი სურათები, შემდეგ – ერევანში, ბოლოს მოსკოვში გადაინაცვლა, სამ თვეზე მეტი იყო გასული, დამირეკეს, მივედი და გადმომცეს დიპლომი.

 

 

ჭიორის „სანახშო“

მეუღლის, თამარ ბაკურაძის პორტრეტი 1983 წელს ქუთაისში დავხატე. მომავალი მეუღლე თბილისში  გავიცანი, მაგრამ ზაფხულობით, როცა, სამსახურიდან თავისუფალი ვიყავი, ჩავდიოდი ქუთაისში, იქ გამიჩნდა მისი დახატვის სურვილი… სამწუხაროდ, მეუღლე გარდაიცვალა. იგი იყო ფსიქოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, უძვირფასესი ადამიანი. ნოემბერში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვგეგმავ ჩემი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას და  მინდა ჩემს მეუღლის ხსოვნას მივუძღვნა.


– ფერთა კოლორიტით, ორიგინალური ხედვით საინტერესოა რაჭის თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოები…


– ეს ნამუშევრები ჩემს სოფელს – ჭიორას მივუძღვენი. სადაც დაიბადე და გაიზარდე, მაინც სულ სხვა განცდაა. მიყვარს ის ადგილები… სოფლის ისტორია ფუნჯით გადმოვეცი. ვინც ათვალიერებს, ფოტოები ჰგონიათ. სოფელი ჭიორა ჩემებურად დავხატე, უფრო გავამრავლე ყანები, ზვინები, რომ  ახალგაზრდები დავაინტერესო და შევაყვარო იქაურობა, უკეთეს ადგილას სად დაბრუნდებიან?.  სამწუხაროდ, დაიცალა რაჭა,  ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ ახალგაზრდობა დაბრუნდეს და ეს ლამაზი კუთხე ისევ აღორძინდეს.

დავხატე სათიბ-საძოვრების ამსახველი პეიზაჟები, ჭიორის კვირაცხოველი, ასევე ე.წ. „სანახშო“,  სადაც  ჭიორელები ქვეყნისა თუ პირად საქმეებზე სასაუბროდ იყრიდნენ თავს. წყარო ისევ მიედინება, მაგრამ ხალხისგან დაცლილ მხარეში მისი დამლევი აღარ დარჩა…

 

 

 

– თქვენ თუ ახერხებთ ხშირად ჩასვლას რაჭაში?


– უწინ ყოველ ზაფხულს მივდიოდი რაჭაში…  ვრჩებოდი, მოვესიყვარულებოდი ხოლმე.  ამ ზაფხულსაც ვიყავი. მანქანა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი და იქაურობა დავიარე ფეხით. ყოვნებს ვეძახით, ის ადგილებიც მოვინახულე.  შევისწავლე ყველა კუთხე – კუნჭული… რა ჯობია სუფთა ჰაერზე  ულამაზეს ბუნებაში ყოფნას…

ამჟამად მამაპაპისეულ სახლში ჩემი ძმა ვახტანგი ცხოვრობს სამი შვილით. დაოჯახებულია და –  მზიაც.


– თქვენი ნახატი – დავით აღმაშენებელი ჭიორის ეკლესიაშია…


–  თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დროს ბატონ  დიმიტრი ლეჟავას თხოვნით დავხატე   დავით აღმაშენებლის სურათი. იქვე ვიჯექი და ვხატავდი, შემდეგ ფოიეში დიდხანს ეკიდა… ავდექი და ნახატი წავიღე რაჭაში…  ჭიორელმა რეხვიაშვილებმა სალოცავში  მიიტანეს. ჭიორის კვირაცხოვლის ეკლესიაში ჰკიდია… ახლახან  ვიყავი იქ, ზამთარში, ყინვების მერე მაინტერესებდა, რა მდგომარეობაში იყო. დაკეტილი იყო და ვერ მოვხერხე ნახვა.

მრავალი ნახატი გავაჩუქე. რამდენიმე ტილო სამედიცინო ინსტიტუტსაც დავუხატე, ნამუშევრები ჰემატოლოგიის კლინიკასაც ვაჩუქე… უარის თქმა არავისთვის შემიძლია.
ბოლოს,  „ფინკა“ ბანკში 15 წელი დაცვის ოფიცრად ვმუშაობდი, იქ ჩემი კუთხე მოვაწყე, ნახატებით გავალამაზე. ამაყობდნენ, ტალანტი გვყავსო. მერე გაუქმდა ეს ცენტრი და დავრჩი უმუშევარი. ხელოვნება ჩემი სულიერი მხარეა, ვეთაყვანები მხატვრობას…

 

 

 

მეუღლის პორტრეტი

– ოჯახი…


– შვილი მერი იურისტია, სიძე –  მამუკა ბაგრატიონი ბაგრატოვანთა სახლის წევრი, შვილიშვილი ბარბარე  საფრანგეთში სწავლობს.
სიმამრი – ოთარ ბაკურაძე იყო ფილოსოფიის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი წლის განმავლობაში ქუთაისისა და ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტების რექტორი.


– წარმატებები სპორტში… ხართ სპორტის ოსტატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს, უკრაინის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების გუნდის წევრი...


–  სსრკ-ს ნაკრების წევრობა უკვე თავისთავად დიდი მიღწევა იყო. საერთაშორისო თუ რესპუბლიკური ასპარეზობების გამარჯვებული და პრიზიორიც გავხდი…  ახლა აღარ ვჭიდაობ, მთლიანად ხატვაზე გადავერთე.


– შემოდგომაზე თქვენი მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართება…
– პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წლის 12-14 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა..

2019 წლის ნოემბერში, ისევ ეროვნულ ბიბილიოთეკაში, უკვე ცნობილ ნამუშევრებთან ერთად, მრავალ ახალ ნახატსაც წარვუდგენ სტუმრებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×