logo_geo
eng_logo
გენრი დოლიძე: ყველა ცოცხალის თანდაყოლილი დაავადებაა სიკვდილის შიში
- +

18 თებერვალი. 2019. 11:56

 

დღევანდელი ბლიცინტერვიუს სტუმარი პოეტი გენრი დოლიძეა, რომლის შემოქმედება ერთნაირად უყვარს, აფიქრებს და აფორიაქებს როგორც დიდს, ისე პატარას. მისი ლექსები ერთგვარი მოწოდებაა, რომ გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ ყველაფერ ქართულს, რამაც დღევანდლამდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა

 

როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, მამაკაცი რომ ქალის ნეკნისგან გაეჩინა უფალს? – იარსებებდა „კაცური ბედნიერების“ სადღეგრძელო.

 

რომ შეგეძლოს – ყველა სოფელში გავხსნიდი თანამედროვე ბიბლიოთეკებს და კინოცენტრებს ახალგაზრდებისთვის.

 

სულის ფერი – მე მგონია, სულს არ აქვს ფერი…

 

არასოდეს – გავხდები პესიმისტი…

 

მტკივნეულია – როცა დღევანდელ რეალობაში ქართული მწერლობა ბანაკებად არის დაყოფილი და მათი გაერთიანება ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობების ირგვლივაც ვერ ხერხდება.

 

არასოდეს ნანობ, რომ – ბათუმს დავუბრუნდი და დედაქალაქში, ან უცხოეთში არ გავაგრძელე ცხოვრება.

 

მზე რომ არ ამოდიოდეს - ქართველ კაცს არ უნდა გაუჭირდეს, თორემ, მოიფიქრებს რამეს: გივი ალხაზიშვილის სტრიქონებს მოვიშველიებ:

„თუკი დაგჭირდა მზეს თვითონვე ამოასხივებ და შენივე მზის მცხუნვარებას მიეფიცხები.“

 

ამ ლექსისთვის ღირდა - ლექსი ტკივილების ყულაბაა, რომ გადავხედავ ზოგჯერ, პოეზიაში დალექილ წარსულის მწარე მოვლენებს, გულს ვიკეთებ, ლექსი ხომ მაინც დამრჩა-მეთქი... თუ არ დაიწვი - ვერ გაანათებ.

 

კოსმოსში გავუშვებდი - ვინც პირადი ანგარების გამო ცათამბჯენებით ჩაგვიბეტონა ქალაქი - ნახონ, როგორია უჰაერობაში სიცოცხლე. თან „ჩაკრულოს“ რომ მოუსმენენ, ეგება მცირედმა პატრიოტიზმმაც გაიღვიძოს მათში...

 

ნანობ - ვნანობ, რომ გვიან გავიგე დროის ფასი.

 

ცრემლებს ვერ ვიკავებ, როცა - ნოდარ დუმბაძის მოთხრობები არის ჩემი სუსტი წერტილი. როგორ შეიძლება წაიკითხო უცრემლოდ - „ნუ გეშინია, დედა!“ ან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ფინალი?

 

ბათუმი არის - წვიმის აფიშა.

 

ბედნიერებაა - როცა ამდენ ადამიანს ვუყვარვარ. ზოგს - დამსახურებულად, ზოგს - დაუმსახურებლად...

 

ჰობი - მოხალისე გიდი ვარ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ჩემს ქალაქს, ან ქვეყანას საინტერესო კუთხით ვაცნობ სტუმრებს.

 

დიდი სიამოვნებით - წავიდოდი საინტერესო ადამიანებთან ერთად ექსპედიციაში დაუსახლებელ კუნძულზე.

 

მე რომ მკითხოს კაცმა - საკუთარ თავზე დიდი მტერი არ ჰყავს არავის.

 

საყვარელი მწერალი - ქარჩხაძე, მარკესი, ამირეჯიბი.

 

საყვარელი წიგნი - „ყვავილები ელჯერნონისთვის“.

 

მხოლოდ ერთი ლექსი რომ იყოს შენი შემოქმედება - მასეთი მხოლოდ რუსთაველი გვყავდა. ჩვენ ას-ასი ლექსით, ოც-ოცი პოემით და ათ-ათი რომანით მივსდევთ და ვერ ვეწევით…

 

თვალდახუჭული - საჭესთან არ უნდა დაჯდე...

 

ვგრძნობ, რომ - ენთუზიაზმი და შემართება თმებთან ერთად წარსულს ჩაბარდა…

 

არ არსებობს დღე, როდესაც - ერთი სტრიქონი მაინც არ გამიელვებს თავში.

 

გზავნილი სამყაროს - მთელი ჩემი შემოქმედება და შეგნებული ცხოვრება მაგ გზავნილის ძიებაა.

 

ჩვევა, რომელიც რჯულზე უმტკიცესია შენში - ემოციის დაფარვა არ შემიძლია და არამომგებიანი თვისებაა ეს. ჩვევად მაქვს სიხარულის გამოხატვის დროს ხელების „საფირმო მოფშვნეტა“...

 

ყველაზე მეტად - ყველაზე მეტად მიყვარს მარტო სეირნობა, მარტო საქმის კეთება, მარტო თევზაობა… (უცნაურია, თუმცა წიგნის, ლექსის კითხვა და ფილმის ყურება პირიქით – მეგობრებთან ან მეუღლესთან ერთად მირჩევნია).

 

ათი წლის შემდეგ - იმედია, ათი წლის შემდეგ უკვე საინტერესო პროზაიკოსი ვიქნები…

 

ვერასდროს აპატიებ - არავინ იცის, დედამიწაზე სად გადის პატიება-არპატიების ზღვარი… ბევრი ისეთი რამ მიპატიებია, რაც ძნელად საპატიებელი იყო და ისეთი უმნიშვნელო რამ ჩამრჩენია ხინჯად, მე თვითონ გამკვირვებია…

 

ქალი - მეხუთე სტიქიაა.

 

განუმეორებელი დღე - ჩემთვის უჩვეულო და განუმეორებელი იყო დღე, როდესაც ოლიმპიური ჩირაღდნით რუსთაველის ქუჩაზე მომქონდა კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი – ცეცხლი… ეს იყო ყველაზე საპატიო, სიმბოლური და პოეტური აქტი ჩემს ცხოვრებაში.

 

იმოგზაურებდი - ტუნისში, მაროკოში, ჩილეში…

 

ყველაზე დიდი ჯილდო – შუახევის ერთ სოფელში 83 წლის ბაბუმ ჩემი ლექსი წამიკითხა ზეპირად. ამაზე დიდი ჯილდო და სიხარული იშვიათია პოეტისთვის.

 

არყოფნის სევდა – ყველა ცოცხალის თანდაყოლილი დაავადებაა სიკვდილის შიში.

 

მწამს - რომ კიდევ არსებობენ უანგარო ადამიანები…

 

ფრაზა, რომელიც ამ ეტაპზე შეეფერება შენს სულიერ მდგომარეობას – „გელი ხელგაწვდილი, როგორც სტალაქტიდა, როგორც სიყვარულის ბოლო საუკუნე“…

 

ფობია – მეშინია, ერთ დღეს წერა არ დამავიწყდეს…

 

წლების შემდეგ მინდა ჩემზე თქვან - „კარგი ადამიანი“ ყველაზე დიდი შეფასებაა ჩემთვის.

 

კანონები იმისთვის არსებობს, რომ – ჩვენით არ ვაწყობდეთ სასამართლოებს და გარჩევებს.

 

მშურს - არ მშურს…

 

მავსებს - შვილები და მეუღლე…

 

ვერაფერი შემაჩერებს, როცა – ვიცი, რომ ჩემი გაკეთებული საქმე მნიშვნელოვანია ვინმესთვის.

 

ბოლოს ყოველთვის - მივდივარ ღმერთამდე.

 

დაუტოვე კითხვა შემდეგ რესპონდენტს - თქვენს ცხოვრებაზე რომ კინოს იღებდნენ, როგორ დაასათაურებდით?

 

 

 

 

წყარო: http://gazetiajara.ge

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×