logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: მალხაზ მაჩალიკაშვილი 100 %-ით პოტენციური ტერორისტია
- +

8 მაისი. 2019. 21:06

 

 

„სოსო გოგაშვილი“ ის სახელი და გვარია, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახი მათ ტრაგედიასთან მიმართებაში ყველაზე ხშირად ახსენებს. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მათი შვილის გარდაცვალებაში ყველაზე მეტად სწორედ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალეულობას ხედავენ და მას, როგორც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ორგანიზატორს განიხილავენ, თუმცა გუშინ სახელი და გვარი „სოსო გოგაშვილი“ ახალ კონტექსტში გაჟღერდა - სუს-ის მიერ, როგორც „პოტენციური მსხვერპლი“.

 

რა იცის მის მიმართ მოსალოდნელი შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტის ჩამდენი პირია და რა არგუმენტები აქვს მაჩალიკაშვილების ოჯახის ბრალდებებზე, „ინტერპრესნიუსი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილე სოსო გოგაშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა.

 

- პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მომზადების პროცესში აღკვეთეს ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. დიდი მადლობა სამსახურს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართული და რომლებმაც ეს მტკიცებულებები მოიპოვეს, შეაფასეს და ჩათვალეს, რომ მძიმე დანაშაული იგეგმებოდა და პრევენციული ღონისძიებების გატარებით ავირიდეთ თავიდან.

 

დეტალები არ ვიცი და არც სისხლის სამართლის საქმე მინახავს. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩემ დროს დაიწყო, როცა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ ფიცი დადო და 100 კაცთან ერთად თავი უნდა აეფეთქებინა. სუს-იდან წამოსვლის შემდეგ როგორ განვითარდა იქ მოვლენები, ეს რა თქმა უნდა, არ ვიცი. როცა მითხრეს, რომ აუცილებელი იყო უსაფრთხოების ზომები, მაშინ შევიტყვე აღნიშნულის შესახებ.

 

- კონკრეტულად რა გირჩიათ სუს-მა „მომატებული საფრთხის“ გამო?

 

- მირჩიეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ დაცვა გაძლიერდებოდა. იქ {მაჩხაანი} ჩემი სოფელია, ჩემი მეგობრები ცხოვრობენ და სასაფლაოზეც რომ მივედით, უსაფრთხოების ზომები შეინიშნებოდა. მაქსიმალური ზომები იყო მიღებული, მთელი პერიმეტრი კონტროლდებოდა.

 

- დაცვა სახელმწიფომ გაგიძლიერათ, თუ ამაზე თქვენ იზრუნეთ?

 

- ერთობლივად.

 

- რამდენი ხნის წინ გაიგეთ, რომ როგორც სუს-ი ამბობს, მალხაზ მაჩალიკაშვილი თქვენზე „მუშაობდა“?

 

- დაახლოებით წინასააღდგომო პერიოდში გავიგე. რა თქმა უნდა, იმის კონკრეტიკა, თუ რას აპირებდნენ, სად ისაუბრეს, არ ვიცოდი. გუშინდელი ბრიფინგი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. როცა დაანონსდა, აქ მეგობრები, ნათესავები იყვნენ და ყველამ ერთად გავიგეთ ამის შესახებ.

 

- რამდენად სარწმუნო იყო თქვენთვის სუს-ის ინფორმაცია, კითხვები თუ გაგიჩნდათ?

 

- კითხვები არ გამჩენია, რადგან რაღაც პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეკრიბა ის, რაც აქამდე შესაძლებელი იყო და ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი. მინდა, რომ პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ მივიდა ეს ადამიანი ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. უნდა მიაქციოს ყურადღება იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენელს, ზოგიერთ ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ადამიანს მიზანმიმართულად ამზადებდნენ ამ დანაშაულის ჩადენისკენ და დეზინფორმაციებს აწვდიდნენ. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ მეც ვიმუშავებ ამ მიმართულებით, ჩემი არხებით და ყველანაირად დავეხმარები გამოძიებას, რომ მაქსიმალური მტკიცებულებები შეკრიბონ.

 

მე, რა თქმა უნდა, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და არანაირ უკანონობას არ ჩავიდენ. არ ჩამიდენია და არც შურისძიების მოტივი მამოძრავებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ, მას რამე დამართონ და ამით ისრები ჩემკენ და ხელისუფლებისკენ გადმოწიონ. ამიტომ მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მაქსიმალური ზომები მიიღონ, რათა ეს არ მოხდეს.

 

ეს ადამიანი {მალხაზ მაჩალიკაშვილი}, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მეც მქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, ეს დანაშაული ჩაედინა. უცხო არ არის მისთვის ამგვარი ქმედებები და აქამდეც კავშირი ჰქონდა ისეთ დაჯგუფებებთან, როგორიც ახმედ ჩატაევის დაჯგუფებაა.

 

- მალხაზ მაჩალიკაშვილს თქვენი გვარი მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით არაერთხელ უხსენებია. გქონიათ მასთან პირადი კომუნიკაცია, ან პერსონალურად თუ მიგიღიათ რაიმე სახის მუქარა მისგან?

 

- პირადად არც შემხვედრია, არც ტელეფონით და არც სხვა საშუალებებით კავშირი არ ჰქონია. ის ამას საჯაროდ აკეთებდა, ის და მისი ახლო გარემოცვა. არაერთი განცხადებაა გაკეთებული, რომ გაანადგურებდა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს. ეს ფაქტები სავარაუდოდ, ამ საქმეს მტკიცებულებად დაერთვება.

 

- რატომ, მაინც და მაინც საფლავზე?

 

- სავარაუდოდ, მან იცოდა, როგორ გადავაადგილდებოდი და ალბათ, ჩათვალა, რომ ჩემი განადგურება სხვაგან შეუძლებელი იყო, რადგან სულ მეგობრებთან ერთად ვმოძრაობ და გახსნილი ცხოვრების სტილით არ ვცხოვრობ, რესტორნებში, ბარებში, საჯარო ადგილებში არ დავდივარ. სამსახურმა რაღაცნაირად ჩამკეტა და სამსახურის შეცვლის შემდეგაც ვაგრძელებ ასე ცხოვრებას. აქედან გამომდინარე ჩათვალა ალბათ, რომ იქ უნდა გაეკეთებინა ეს და თან ეს რაღაცნაირი აქტი იქნებოდა - სასფლაოზე მასიურ მკვლელობას მოაწყობდა, თუ რას იზამდა, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხონ. იქ იმიტომ დაგეგმა ალბათ, რომ ყველაზე მოწყვლადი ადგილი იქნებოდა სასაფლაო, რადგან იქ გავდივართ მთელი სანათესაო.

 

დღეს ტერორისტებს ახალი სტილი აქვთ, თავს აღარ იფეთქებენ, ისინი ავტომატური იარაღით ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ასე სჩადიან მასიურ მკვლელობებს. ჩემი ვარაუდით, ესენიც ასე გეგმავდნენ. შესაძლოა, აფეთქებასაც გეგმავდნენ.

 

- ანუ მაჩალიკაშვილი თქვენთვის ტერორისტია?

 

- რა თქმა უნდა! მასალებს ბოლომდე რომ გავეცნობი, შემდეგ 100 პროცენტით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ის 100 პროცენტით პოტენციური ტერორისტია.

 

ის ამას გეგმავდა, კონკრეტული დავალება მისცა, ადგილზეც ნამყოფები არიან, შესწავლილი აქვთ ის ადგილი და თავიდან ბოლომდე იცოდნენ სად, რა ხდებოდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტი არ მოხდა და რომ მას ამის განზრახვა ჰქონდა. თუ ის ამას გააკეთებდა, ეს იქნებოდა შემდგარი დანაშაული მსხვერპლით და რა თქმა უნდა, რეზონანსული საქმე იქნებოდა - მოკლავდნენ გოგაშვილს და მის თანმხლებ პირებს.

 

ძალიან რთული იყო ზოგადად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ მიმართ ცილისწამების მოსმენა. ძალიან მძიმეა, როცა გაბრალებენ იმას, რაც არ გაგიკეთებია. რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებასთან არანაირი შეხება არ მქონია, რასაც მაბრალებენ და ამბობენ, რომ მკვლელი ვარ. ეს იმ ტიპის ღონისძიება არ იყო, სადაც მაღალი თანამდებობის პირები დადიან. გამომძიებლები მიდიან, უზრუნველყოფას სპეცდანიშნულების რაზმი უკეთებს, რადგან მძიმე მუხლია. ახმედ ჩატაევი, ცნობილ ხუთეულში შემავალი ტერორისტული დაჯგუფების ხელშემწყობები იყვნენ. პანკისში მე არ ვყოფილვარ, რადგან ჩემი იქ ჩასვლის აუცილებლობა არ იყო, არც ცენტრის დირექტორი არ ყოფილა. ახლა სიბინძურეებს ავრცელებენ, თანამშრომლის გვარს ასახელებენ, რომ ის ყოფილა. ვადასტურებ, რომ ის ადამიანი, ვისზეც ახლა საუბრობენ, იმ ღონისძიების ხელმძღვანელი არ ყოფილა. იქ გამომძიებლები ჩავიდნენ, ბრალი უნდა წარედგინათ სასამართლო განჩინების საფუძველზე. პანკისში რომ ვყოფილიყავი, ამას არ დავმალავდი.

 

- არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდით?

 

- არა, რა თქმა უნდა. ჩვენ სპეცოპერაცია სალოსის ქუჩაზე ჩავატარეთ, შემდეგ იქიდან ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე, უცხოელ კოლეგებთან ერთად ფართომასშტაბიანი საგამოძიებო პროცედურები ჩავატარეთ, ამოვიღეთ მტკიცებულებები, რამაც მოგვცა საფუძველი, რომ ეს ადამიანები ტერაქტის მომზადებაში იყვნენ ჩართულები. საჭირო გახდა იმ ადამიანების დაკავება.

 

- მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის?

 

- რა თქმა უნდა, სასამართლო განჩინება იყო, რის საფუძველზეც, ის უნდა დაგვეკავებინა. არანაირი ბრძანება არ ყოფილა გაცემული არავის ლიკვიდაციაზე, რადგან ჩვენ ყველა ის ადამიანი ცოცხალი გვჭირდებოდა, რადგან ისინი ჩვენებებს მოგვცემდნენ, მათ შორის, ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილსაც, მისგანაც ძალიან ბევრ ჩვენებებს მივიღებდით. როცა სპეცოპერაცია იგეგმება, იქ ყველაფერი ხდება.

 

- თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია შეცდომა არ იყო?

 

- ეს ლიკვიდაცია არ ყოფილა, აყვანის პერიოდში მოხდა დაჭრა, ამ ჭრილობის შედეგად, რომელიც აღმოჩნდა სასიკვდილო, ფატალური შედეგი დადგა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და იმედი მაქვს, მალე დამთავრდება. დაკითხულია ბევრი ადამიანი. თქვენი კითხვით ვისარგებლებ, მინდა პროკურატურას მივმართო და ვუთხრა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა, რომ დამკითხონ - დამკითხონ, ვიყავი თუ არა ჩასული პანკისის ხეობაში. იმ დროს, თბილისში ვიყავი, ისევე როგორც, ყველა ხელმძღვანელი. ჩემთან ერთად იყვნენ სტუმრები, ამის დადგენა მარტივად შეიძლება, მათ შორის, სატელეფონო ანძებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ასევე გამოსაკითხია გამომძიებლები, დაკავების ჯგუფი, მე ვხელმძღვანელობდი თუ არა ამ ღონისძიებას.

 

- თუ ასეა, რატომ გაკავშირებთ მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის სპეცოპერაციასთან მაინცდამაინც თქვენ?

 

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემის უფლებას დავიტოვებ შემდგომისთვის და პირობას გაძლევთ, გეტყვით, რა და როგორ იყო, რატომ მიდიოდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. შუაგულ ქალაქში ყველზე მძიმე ტერაქტი ავიცილეთ, სამიზნეებზე გვქონდა ინფორმაცია, ეს სამიზნეები რომ აეღოთ, ეს იქნებოდა კატასტროფა. ეს ისე ავიცილეთ, რომ ერთ მოქალაქესაც კი არ ჩამოვარდნია თმის ღერი. გარდაგვეცვალა გმირი ვანო გოლაშვილი, რომელიც შეეწირა თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ქუჩაში გადით, გააჩერეთ 10 ადამიანი და ჰკითხეთ, ვინ არის ვანო გოლაშვილი - 10-დან 9 მინიმუმ ვერ გეტყვით ვინაა. ამ დროს, ჰკითხეთ, ვინ იყო თემირლან მაჩალიკაშვილი და 10-ვე გეტყვით. ეს არის ნონსენსი, შეუსაბამობა. სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო ამ ტიპის დანაშაულის პრევენცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა - ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანები გააღმერთებდა. ჩვენთან პირიქით წავიდა ამ სამსახურის დიკრედიტაცია. ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით ყველანი.

 

- შევაჯამოთ კიდევ ერთხელ - პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რომელსაც მოგვიანებით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოსო გოგაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონია?

 

- რა თქმა უნდა, არა!

 

- არც ოპერაციის დაგეგმვაში?

 

- არა... ეს არის მართლა უდიდესი ტრაგედია, ერთადერთი, გვარის გამგრძელებელი ბიჭი დაკარგეს, მაგრამ ამ მიზეზებზეც შემდეგ ვისაუბროთ, რა იყო გამომწვევი მიზეზები, ვინ იყო დამნაშავე, გარედან იყო, ოჯახიდან იყო ვინმე დამნაშავე, თუ რა, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.

 

- როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იმ შემთხვევაში, თუკი, ის მართლა გეგმავდა დანაშაულის ჩადენას, უნდა გადაადგილდებოდეს თუ არა ის თავისუფლად?

 

- არ მინდა ისეთ თემებს შევეხო, რითიც გამოძიებას ხელს შევუშლი. მინდა მაქსიმუმი გავაკეთო, რომ საგამოძიებო უწყებებს დავეხმარო. საგამოძიებო მოქმედებები ალბათ, ახლაც გრძელდება, ალბათ, იმოქმედებენ, შეკრებენ მტკიცებულებებს და აუცილებლად უნდა დაისაჯოს დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება. ჩემთვის, ის პოტენციური ტერორისტია, ვინაიდან ჩემი ოჯახის ლიკვიდაციას გეგმავდა, ამიტომ ის საფრთხეს წარმოადგენს. როცა გაიგეთ, რომ რუსთაველზე, კარავში, კონკრეტული პიროვნების მკვლელობა იგეგმება, არ ფიქრობთ, რომ ის ადგილი საფრთხეს წარმოადგენს? დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე, კარავში, ტერაქტი თუ იგეგმება, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებებს ვაცდით, ჯერი პროკურატურაზეა, რომ შეაფასონ მოგროვებული მტკიცებულებები, რაც აქვთ და რაც დაემატებათ და გადაწყვეტილება მიიღონ, დამნაშავე დასაჯონ.

 

- თქვენ არ გაქვთ კითხვა, რატომ არ არის მაჩალიკაშვილი დაკავებული ასეთი მძიმე ბრალდების შემდეგ?

 

- არა, ეს კითხვა არ მაქვს, რადგან მტკიცებულებების შეგროვებას ველოდები. შემდეგ, უკვე მტკიცებულებები რომ შეგროვდება და მეც გავიგებ, რა მტკიცებულებები იქნება, თუ ეს კითხვა გამიჩნდება, დავსვამ.

 

- როგორ ფიქრობთ, მაჩალიკაშვილის დაკავებას სუს-ი თავს იმის გამო ხომ არ არიდებს, რომ ხელისუფლება პანკისელების რეაქციას ერიდება?

 

- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვახა მაჩალიკაშვილი არ არის პანკისის ხეობა. ის არის, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც თავისი ოჯახის ტრაგედია აქვს და რომელსაც კონკრეტული პიროვნებები იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად და ის არანაირად არ უნდა გავაიგივოთ პანკისის ხეობასთან.

 

- რაც პოსტი დატოვეთ, რას საქმიანობთ?

 

- ახლა „ქართული ოცნების“ პარტიაში ვარ. შუალედური არჩევნებია და ამ მიმართულებით ვმუშაობ, ჩვეულებრივად ვცხოვრობ.

 

ეკა ლემონჯავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×