logo_geo
eng_logo
აჩი ფურცელაძე: გიგასთან საჭიდაო არაფერი მაქვს, თუ მაინცდამაინც კანონის ძალით საუბარი უნდა, არის ხალხი, ვინც ამ თემასაც დაალაგებს
- +

24 მაისი. 2019. 16:34

 

 

თორმეტი წელი გაატარა ემიგრაციაში, პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც სამშობლოს დატოვება მოუწია, არცთუ ისე დიდი ხანია, რაც სამშობლოში დაბრუნდა და აგრძელებს  მოღვაწეობას.

 

საზოგადოების მხრიდან არაერთხელ ყოფილა კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული, მოღალატის სტატუსიც ბევრჯერ მოარგეს...  მისი თორმეტწლიანი ემიგრაციაში ყოფნა არც მავანისთვის ყოფილა დაფარული, ხან რა დააბრალეს, ხან რა... აჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც საავტორო უფლებების ასოციაციის პრეზიდენტი გიგა კობალაძე დაუპირისპირდა.

 

აჩი ფურცელაძე:   სანამ რეჟიმის მსხვერპლი გავხდებოდი და მომიწევდა თორმეტწლიანი ემიგრანტობა, საქართველოში ავტორთა უფლებების დაცვა ჯერ კიდევ საუბრის დონეზე იყო, დიდი მოძრაობები ამ მხრივ არ შეინიშნებოდა, ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვყოფილვარ. მოსკოვში მუშაობის დროს გავიგე ამის შესახებ და გავერკვიე ყველაფერში, თუმცა, მე ვერ მოვახერხე გაწევრიანება, რადგანაც უნდა ყოფილიყავი მოქალაქე, რასაც წარმატებით აკეთებდნენ გიგა კვენეტაძე, ქეთა და სხვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერლები.

 

როდესაც დავბრუნდი საქართველოში, „ვაიბერზე“ დამიკავშირდა გიგა კობალაძის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ჩემს სახელზე ირიცხებოდა დაგროვილი თანხა და სჭირდებოდათ ანგარიშის ნომერი. მე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ეგ ამბავი, ორმაგად გამიხარდა, რა მაგარია, როდესაც  არსებობს მსგავსი კომპანია და თან ძალიან მაგარია, რაღაც ჰონორარიც რომ გეკუთვნის, სანამ შენ ემიგრაციაში იყავი, ვიღაცამ  შენზე იზრუნა. მივედი, ავირე ჰონორარი და შევთანხმდით მორიგ შეხვედრაზე, რომ იურიდიული სახე მიგვეცა ამ ყველაფრისთვის.

 

- მანამდე არ გქონია იურიდიული საკითხები მოგვარებული?

 

- არა, არანაირი ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული ჩემსა და ამ კომპანიას შორის. ბრმად მივედი, იმ რამდენიმე ზემოთ აღნიშნული ფაქტით გახარებული, შევთანხმდით, რომ უნდა მიმეტანა ჩემი სიმღერების კატალოგი, მისცემოდა სრულყოფილი სახე... მერე უნდა მომეწერა კონტრაქტისთვის ხელი... მერე ატყდა ომობანა ჩემსა და კობალაძეს შორის და ვეღარ მოვასწარი ბევრი კითხვის დასმა.

 

 კი, თანხა ავიღე, მადლობა ამისათვის, მეგობრებო, მაგრამ რის საფუძველზე ავიღე? მე თუ არანაირი კონტრაქტი არ მქონია და არც მაქვს თქვენს ორგანიზაციასთან, რის საფუძველზე მიხდით ფულს? იცი, რას ვერ მიხვდნენ, ნებისმიერი კომპანია რომელიც ემსახურება მსგავს საქმეს, არიან დაქირავებული მენეჯერი და მე თუ შენ არ დაგიქირავებ, უბრალოდ უფლება არ გაქვს, ჩემი საქმე მართო, თუნდაც მოაგროვო ჩემი შემოსავალი.

 

- შენზე გაცილებით დიდი აგრესია მოდიოდა, ვიდრე სხვა მომღერლებზე...

 

- რა თქმა უნდა, მე და ხუჯაძე ხომ დღემდე ვასოცირდებით რუსეთთან, მოღალატეებთან და ა.შ.  შესაბამისად, გიგა იძახის, რომ ეს არის რუსეთის დაკვეთით გაკეთებული, რუსეთს უნდა ქართული მუსიკალური ბაზრის ხელში ჩაგდება... რაც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, იმიტომ, რომ საქართველოში მუსიკალური ბაზარი საერთოდ არ არის, მითუმეტეს არც შოუა და არც ბიზნესი, რაში სჭირდებათ, ვერ ვხვდები, მაგრამ ფაქტია, რომ კობალაძეს სჯერა და სწამს, აქ არის რუსეთის ხელი ჩარეული და დაე სჯეროდეს.  მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი თანამგზავრი შევხვდი კობალაძეს, ჩემს მაგალითზე ძალიან ცუდი რამ შეიძლება მოხდეს მისი მოღვაწეობის ისტორიაში, რომ ჩავეძიო, ბევრი შეცდომაა ჩემთან მიმართებაში დაშვებული. უცბათ გააქანო და მისცე ფული, ეგრე არ არის, რის საფუძველზე გადამიხადა თანხა?

 

-  აპირებ, რომ ჩაეძიო?

 

- არავისთან მტრობას არ ვაპირებ, მითუმეტეს, როდესაც საქმე მუსიკას ეხება!

 

-  კობალაძის სურვილზე - რომ უნდა, იყოს უალტერნატივო, რას ფიქრობ?

 

­- ნორმალურად ვერ აღვიქვავ მის უალტერნატივობას, ძალიან მაკვირვებს ამ თემის მონოპოლიზაციაც, ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის რამდენიმე ორგანიზაცია და ავტორს თუ შემსრულებელს აქვს არჩევანის უფლება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კობალაძემ ვერ გაიაზრა, რომ არის დაქირავებული მენეჯერი, ისინი კი არ მიხდიან თანხას, მე ვუხდი მათ და მათ ინტერესში ჩემი უფლებების დაცვა მხოლოდ იმიტომ შედის, რომ მე მინდა ასე!  მე, აჩი ფურცელაძეს თუ არ მომწონხარ როგორც მენეჯერი, დაგემშვიდობები და მოვძებნი სხვას, რომელიც დააკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.

 

გიგასთან საჭიდაო არაფერი მაქვს, თუ მაინცდამაინც კანონის ძალით საუბარი უნდა, არის ხალხი, ვინც ამ თემასაც დაალაგებს.

 

- ახალმა კომპანიამ რა პირობები შემოგთავაზა?

 

- ჩემთვის პრიორიტეტი იყო, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე. კომპანიაში, რომელშიც ახლა ვარ გაწევრიანებული, მე თვითონ ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით მივადევნებ თვალს, საიდან რა მერიცხება და როგორ. ორ ლარს გამოვიმუშავებ თუ ოთხს, ვერავის დავაბრალებ საკუთარი თავის გარდა და ის უკმაყოფილებაც აღარ იქნება, როგორც კობალაძის შემთხვევაში იყო, კაპიკებს გვიხდისო. მომწონს ეს კომპანია, სადაც ვარ გაწევრიანებული, თუ არ მომეწონა, ის ტიპი ნამდვილად არ ვარ, რამეზე თვალი დავხუჭო.

 

- რა მექანიზმით მოხდება შემოსავლის დათვლა?

 

­- კობალაძე რომ იძახდა, სადაც მუსიკა ჟღერს, ყველგან ადამიანები მყავს შეშვებული და აღრიცხავენო, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება., მაგ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ნახევარი საქართველო უნდა იყოს, ჩვენ არ გვყავს ეგეთი აგენტურა, აგენტურის მაგივრად გვაქვს აპარატი, აგრეგატი, რომელიც შექმნილია ებრაელების მიერ. ბაზაში შეგყავს სიმღერების კატალოგი და როგორც კი გაჟღერდება სადმე სიმღერა, ავტომატურად იყოფა ოთხ ადამიანზე და გვერიცხება: ავტორს, შემსრულებელს, ტექსტის ავტორს და არანჟირების ავტორს. აი, ეს არის გამჭვირვალობა, ჩემი აზრით. მსოფლიოში ჯერ კიდევ ყველაზე მდიდარი მკვდარი ელვის პრესლია, მემკვიდრეობით ვინც ფლობს მის უფლებებს, იმას ერიცხება თანხები, მსოფლიო წინ მიდის, ჩვენ კიდევ რაზე ვდავობთ.

 

- დავა კიდე გრძელდება?

 

-  სიმართლე გითხრა, სადავო რა არის, ვერ ვხვდები, ეს იყო პატარა ომობანა. ბოლო გაფართხალებას უფრო ჰგავდა გიგასგან ეგ ამბავი, მაგრამ ცოტა ხმაურიანად გაფართხალდა. ვიდეორგოლი „არა ინტელექტის ოკუპაციას“ რომ ჩაწერეს, ხალხი რომ მოატყუა, არ განუმარტა, რატომ აწერინებდა, ეცადა, მუსიკოსების ერთმანეთზე გადაკიდებას, ძალიან ცუდი საქციელი იყო. პატარა ბავშვები გასვარა მაგ საქმეში. არ შეიძლება მსგავსი თემით მანიპულირება. პოლიტიკური კუთხით რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ არა მუსიკალურ კონტექსტში, ძალიან ბევრი აზრზე არ იყო, რატომ წერდა და რას ემსახურებოდა ეს ვიდეო. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი სტრატეგია, მიდი, გიგა, შენ ილაპარაკე, არ აგყვებით ამ ჭიდაობაში და ოხუნჯობაში, გვირჩევნია, საქმე ვაკეთოთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×