reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის შემდეგ შეხვედრებს ბელგიის სამეფოში გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 06 აპრილი, 2020. 00:28
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის შემდეგ შეხვედრებს ბელგიის სამეფოში გამართავს
03 თებერვალი, 2014. 14:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 3-5 თებერვალს ბელგიის სამეფოს ეწვევა.

 

როგორც მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროსოსთან, რის შემდეგაც მხარეები მედიისთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროპის საშინაო საქმეების კომისარს სესილია მალმსტრომს, ევროპის ენერგეტიკის კომისარ გიუნტერ ოტინგერს. ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან შეხვედრის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება და მასთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა ეგმონტის ინსტიტუტის კონფერენციაზე, ასევე მიწვეულია ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილზე.

 

ბელგიის სამეფოში მნიშვნელოვანი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს - შედგება ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-თან, ფრანგულ საერთაშორისო სამაუწყებლო ტელეკომპანია FRANCE 24-თან, ასევე REUTERS-თან, EURONEWS-თან, WSJ და LE MONDE-თან, – ნათქვამია პრესრელიზში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტი დაასრულა. იგი ბელგიაში სწორედ გერმანიიდან მიემგზავრება. გერმანიაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში და სიტყვით გამოვიდა სესიაზე: გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა. კონფერენციის ფარგლებში მან ორმხრივი შეხვედრები გამართა: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტთან, ხორვატიის პრეზიდენტთან, ბულგარეთის პრეზიდენტთან, სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაეროს გენერალურ მდივანთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტთან, აშშ- თავდაცვის მდივანთან, აშშ- ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან.

 

მთავრობის პრესრელიზის მიხედვით, გერმანულ მხარესთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. სინანულით აღინიშნა, რომ ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას, როგორიც არის გერმანია, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან არ ჰქონდა ინტენსიური თანამშრომლობა. ამ დრომდე საქართველოში თითქმის არ შემოსულა გერმანული ინვესტიცია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გერმანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა. სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრამ ცხადი გახადა დიდი მხარდაჭერა საქართველოსადმი და საქართველოს გამორჩეული ლიდერის როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში.

 

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გამოიხატა დაინტერესება საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვისადმი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით. ამავე პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ გერმანია, მთლიანად ევროკავშირის ქვეყნები და აშშ მიესალმებიან საქართველოს ახალი მთავრობის ღიად გაცხადებულ მიდგომას - რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც სესიაზე გამოსვლისას, ისე პირისპირ გამართული შეხვედრების დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია ნორმალურ ჩარჩოებში დააბრუნოს რუსეთთან ურთიერთობები. მაგრამ, პრინციპულები ვრჩებით მთავარ საკითხში - ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და სწორედ ეს იქნება საქართველოსა და რუსეთის შორის შეთანხმების მთავარი თემა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გერმანიის, ისე მთლიანად ევროკავშირის და აშშ- როლს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებონდენ საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016