reportiori.ge - კოჰაბიტების მიერ სიკვდილმისჯილი საყდრისი შველას ითხოვს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 ივლისი, 2018. 22:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კოჰაბიტების მიერ სიკვდილმისჯილი საყდრისი შველას ითხოვს!
24 დეკემბერი, 2013. 19:05

„ნაციონალური მოძრაობის" გაგანია ზეობის დროს „კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის  7 ნოემბრის №665 ბრძანებულებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე „საყდრისი" შემდეგი ჩანაწერით: „საყდრისი. უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი; ძვ.წ.აღ. 3018-2929 წწ. ;დაბა კაზრეთიდან 3,5 კმ.".     


„ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" კოალიციის კოჰაბიტობის გაგანია უზნეობის დროს კი - „კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"  საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის 10 ივლისის  563  ბრძანებულებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ნუსხიდან ამოღებულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე „საყდრისი". ამრიგად, საყდრისის ოქროს მოპოვების უძველეს საბადოს მოეხსნა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და  მიესაჯა სიკვდილი.


განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია საყდრის - ყაჩაღიანს, რომელიც მდებარეობს თბილისი - ბოლნისი - დმანისის გზაზე და წარმოადგენს საყდრისის ერთ პატარა მონაკვეთს მცირე ბორცვის სახით. აქ აღმოჩენილ იქნა 1987 წელს (მუჯირის მიერ) ოქროს მოპოვების უძველესი კერა. 2004 წლიდან ქართულ-გერმანული არქეოლოგიური სამუშაოები წარმოებს სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების ხელშეწყობით. უპირველეს ყოვლისა გერმანული ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით. არქეოლოგების აღმოჩენებით დასტურდება, რომ აქ არის ოქროს სამთო წესით მოპოვების მსოფლიო მნისვნელობის უძველესი კერა. მისი დათარიღება ერთი ვერსიით ხდება ადრებრინჯაოს ხანით, დაახლოებით ძვ.წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასაწყისით.


როგორ მივიდა სასიკვდილო განაჩენის მიღებამდე კოჰაბიტური ხელისუფლება? ეს ის პერიოდია როდესაც სააკაშვილი ივანიშვილის მხარის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ბოიკოტს უცხადებს: არ ნიშნავს ელჩებს, არ აწერს ხელს კანონებს.... ერთი სიტყვით და „ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში შეუძლებელი იყო რაიმე პოზიტიურის გაკეთება სააკაშვილის დესტრუქციულობის გამო.


სააკაშვილი იქნებ არ ეთანხმებოდა პოზიტიურს, მაგრამ შეიძლება ეთანხმებოდა ნეგატიურს, უარყოფითი შედეგების მომტან გადაწყვეტილებას ახალი ხელისუფლებისათვის, თუნდაც ეს დამანგრეველი ყოფილიყო საქართველოსათვის?


საყდრის - ყაჩაღიანის ისტორია შეიძლება ამ გაგებით იყოს სამომავლოდ კოდი კოჰაბიტების დროს სააკაშვილის თანხმობით მიღებული გადაწყვეტილებების მავნებლობაზე შესამოწმებლად.

არის კიდევ ერთი ვარიანტი მომხდარის ასახსნელად. ან სააკაშვილსა და ივანიშვილს ჰქონდათ საერთო ინტერესი „მოეკლათ" საყდრისი, ან ვიღაცას ისეთს ჰქონდა ეს ინტერესი, რომლის დაკმაყოფილება სააკაშვილისა და ივანიშვილისათვის ერთნაირად სასურველი, ან სავალდებულო იყო.


და მაინც, როგორიც არ უნდა იყოს  მიზეზი, რატომ არ აღმოჩნდა ძეგლთა დაცვის არცერთი ოფიციალური ინსტიტუტი მზად არ დაეშვათ მომხდარი და წინ აღდგომოდნენ თუნდაც „სააკაშვილ-ივანიშვილის გაერთიანებულ ინტერესებს ძეგლის წინააღმდეგ"?


ძეგლის „სიკვდილის" პროცესის წამომწყებ და დაინტერესებული მხარედ ჩანს ჯგუფი RMG(RICH METALS GROUP). „RMG Group" სააქციო საზოგადოება „მადნეულისა" და შპს „კვარციტის" შეცვლილი სახელია.  რუსულმა Capital Group-მა 2012 წლის 14 ივნისს  შპს „კვარციტი" და სს „მადნეული"    120 მილიონ დოლარად შეიძინა GeoProMining-სგან./http://liberali.ge/ge/liberali/news/114428/ /და დღეს იწოდებიან შესაბამისად: შპს „RMG GOLD" და სს „RMG COPPER" (http://www.richmetalsgroup.com/gold/index_geo.html; http://www.richmetalsgroup.com/).



2013 წლის 26 აპრილს შპს „RMG GOLD"-მა მიმართა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს  საყდრისისათვის ძეგლის სტატუსის შეცვლით, კომპანიისათვის წიაღით სარგებლობის პრობლემების მოგვარების თხოვნით.


სამწუხაროდ, ამ თხოვნასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი დასკვნაც: „RMG Copper-სა და RMG Gold-ის შეუფერხებელი მუშაობისათვის ბარიერების მოხსნის საკითხის მოგვარებით, თავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაკავდა და პრობლემაც განსაკუთრებული გართულებების გარეშე მოაგვარა. პრომლემა ამ შემთხვევაში RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე, საყდრისი-ყაჩარიანის უძველესი ოქროს მაღაროს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის არსებობა იყო. პრობლემა მარტივად გადაწყდა - ძეგლს ჯერ უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, შემდეგ ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი, ხოლო საბოლოოდ, გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონა და RMG-ისათვის ძეგლის დაცვის ზონაში წიაღით სარგებლობის შეზღუდვის პრობლემაც მოიხსნა. (http://www.osgf.ge/files/2013/2013/Madneuli_kanonze_magla.pdf, გვ.20)


თუმცა მივყვეთ მოვლენებს. როდესაც კომპანიამ მიმართა მთავრობას, მისი ლიცენზიის /ნომერი1000874 ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალების და ბარიტის მოპოვების შესახებ/  20-წლიანი ვადის გასვლამდე (2014 წლის 14 აპრილამდე) დარჩენილი იყო ერთი წელი და  ამ დროისათვის უკვე ცნობილი იყო მადნეულის მოპოვების ახალი ლიცენზიანტი. 2012 წლის 29 თებერვალს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ჩატარებულ აუქციონზე 2014 ლის 15 აპრილიდან 27 წლის ვადით წიაღით სარგებლობის უფლება შპს „მაინინგ ინვესთმენთსმა" მოიპოვა.


ამასთან ამ ახალ ლიცენზიაში არ შედის საყდრის-ყაჩაღიანის მონაკვეთი. (აქ უკვე ჩაირთო დრო, თუ რამდენ ხანს უდა გაძლოს ძეგლმა, რომ სიკვდილს გადაურჩეს).


1 მაისს ბიძინა ივანიშვილმა საკითხი უწყებრივად დაავალა კულტურის სამინისტროს.

კულტურის მინისტრი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც პროცესის განვითარებას ძეგლის გადარჩენისაკენ კი არა, არამედ მისი მოკვლისაკენ შეუწყო ხელი.


მირიანე ოდიშარიამ 2013 წლის 28 მაისს გამოსცა ბრძანება №03/82 „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ" რომელსაც დაავალა არა იმის გარკვევა თუ რამდენად შეესაბამება ძეგლი სტატუსს, არამედ (1)"ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის „შესწავლა და (2) „მისი გადატანისათვის საჭირო რეკომენდაციების" შემუშავება. (ლიცენზიის ვადის გასვლამდე რჩება 10 თვე).


დავალება ითხოვდა სამართლის სპეციალისტებს და სიკვდილის შემდეგ ძეგლის ნარჩენების „გადასაფლავების" პროფესიონალებს.


2013 წლის 5 ივლისს მირიანე ოდიშარიამ გამოსცა ბრძანება № 03/108 „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე".


კომისია შედგა დარგის პროფესიონალებისაგან. ამ უკანასკნელებს სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ პროფესიულად, რომელსაც მათგან არავინ არ ითხოვდა. მათ არაპროფესიულ დასკვნას, რომ ძეგლს არასწორად მიენიჭა სტატუსი სამართლებრინად მოჰყვა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება ძეგლის მოკვლის შესახებ.


კულტურის მინისტრმა მიიღო სასიკვდილო განაჩენი კულტურის ძეგლზე  ლიცენზიის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე.


2013 წლის 5 ივლისს მირიანე ოდიშარიამ გამოსცა ბრძანება №03/108 „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე".


ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ კოჰაბიტები როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის მხარეს და 2013 წლის 10 ივლისს სააკაშვილმა ხელი მოაწერა ძეგლის მოკვლის განაჩენს.


გასაოცარია ოპერატიულობა და ბიუროკრატიული მანქანის სისწრაფე. კულტურის მინისტრის ბძანებასა და პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემებს შორის 5 დღეა შუალედი, აქედან ორი დღე - 6 და 7 ივლისი - უქმე დღეები იყო. ეს მაშინ როდესაც ამ ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების დროს მინისტრ გოკა გაბაშვილის ბრძანებასა და მისი თანაპარტიელი პრეზიდეტის ბრძანებულებას შორის 7 თვეზე მეტია. ეს ძალიან თვალში საცემი მაგალითია კოჰაბიტანტური „რთული" ურთიერთობის  წარმოსადგენად.


კულტურის სამინისტროს 5 ივლისის ბრძანებაში არქეოლოგიური შეწავლისათვის მოცემული იყო ვადა 2013 წლის 15 სექტემბრამდე. შემდეგ ეს ვადა გადაიწია 1 ოქტომბრამდე - ეჭვი არავის არ შეჰპარვია, რომ ეს იყო ხარკი საპრეზიდენტო არჩევნების გარემოსათვის და არა ზრუნვა ძეგლზე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ამ დროისათვის რჩებოდა 6 თვე.


სამინისტროს კომისიის წევრებს შორის  იყო აზრთა სხვადასხვაობა: ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს არ იყო ოქროს საბადოს მოპოვების ძეგლი, თუმცა წინააღმდეგი იყო მისი სიკვდილის, მეორენი თვლიდნენ რომ ეს იყო სპილენძის საბადო და ასეთი სხვაგანაც ბევრია საქართველოში და სხვა. კულტურის სამინისტროს შიგნითაც იყო სხვა აზრი. კოჰაბიტური პოზიცია დაეფუძნა იმას, რომ ეს არა არის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომ იქ არ არის ოქრო (თუ ოქრო იქ არ ყოფილა არასდროს რატომ მიიჩქარიან ოქროს ციებ-ცხელებით ბულდოზერებითა და დინამიტებით ამ ტერიტორიის მოსაშთობად?). ამასთან ამტკიცებდნენ, რომ თუ ეს ადგილი არ მოექცევა სამრეწველო წარმოებაში, მაშინ იქნება ფინანსური დანაკარგები. თუმცა ფინანსური გაანგარიშებები იყო არა 6 თვეზე, არამედ ხანგძლივ პერიოდზე, როდესაც ამ კომპანიას იქ არ ექნება ლიცენზია.


ვინ როგორ რა თქვა სახელმწიფო კომისიიდან და რატომ თქვა ამას კიდევ მრავალგზის დაუბრუნდება ქართული საზოგადოება.


ფაქტი ერთია, მთავარი მიზანი ძეგლის მოსპობა იკვეთება.


კულტურის სამინისტროს სასიკვდილო განაჩენი არ უნდა გამოეტანა თუნდაც ერთი საწინააღმდეგო აზრის არსებობის პირობებში.


კომისიის დასკვნაში შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი, გარდა ძეგლის სიკვდილზე თანხმობისა.


თავის დროზე საქართველოში ადამიანების სიკვდილით დასჯის გაუქმების ადრეული დებატები მძიმედ მიმდინარეობდა. ქვეყანასი იმდენი უბედურება, ღალატი იყო, რომ ყველაზე ჰუმანურ ადამიანებსაც უჭირდათ  ამ პოზიციაზე გადასვლა. უმთავრესი გადამწყვეტი არგუმენტი სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად გახდა ის, რომ უმჯობესია სიკვდილით არ დასაჯო თუნდაც ის, ვინც ამას იმსახურებს, რათა თავიდან აიშორო გამოუსწორებელი შეცდომა - თუნდაც ერთი უდანაშაულო პირის სიკვდილით დასჯა.


რატომ არ ამუშავდა სახელისუფლებო წრეებში მსგავსი „გამოუსწორებელი შეცდომის თავიდან აშორების" მექანიზმი?


ან იქნებ მართლაც რაღაც „დანაშაულისათვის" უნდა მოკვდეს საყდრისი?


ამ გაუგებრობას დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა საზოგადოების ყველა ფენა და  გამოყენებულ იქნა კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა. გამოქვეყნდა ანალიტიკური მასალები, ჟურნალისტური გამოძიებების შედეგები და სხვ. /იხ. მაგალითად, მადნეული კანონზე მაღლა" http://www.osgf.ge/files/2013/2013/Madneuli_kanonze_magla.pdf/.


პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს 2013 წლის 13 სექტემბერს წერილით მიმართა ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურმა მდივანმა ვილჰელმ კრულმა. „..მე გაოგნებული ვარ იმ ახალი ამბით, - წერს იგი, - რომ საყდრისის ოქროს მაღარო.... არის დიდ საფრთხეში და განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება". იგი თხოვს ქართველ პრემიერს ქართველების ეჭვების მოსახსნელად შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი კომისია და თავაზობს ამისათვის ყველანაირ დახმარებას „სიამოვნებით". „საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომა საყდრისის დაზიანებით" - აღნიშნავს ბატონი კრული. მიაქციეთ ყურადღება - ხაზგასმულია გამოუსწორებელი შეცდომის არ დაშვებისათვის ზრუნვა. პასუხი ჩვენთვის უცნობია. თუმცა 26 ოქტომბერს ივანიშვილი შეხვდა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას და სთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია. მეცნიერებათა აკადემიის დასკვნა იყო ეტყობა „ძლიერ აკადემიური", რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და საბოლოოდ მეცნიერებათა აკადემიის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა საყდრისის სასარგებლოთ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე  2013 წლის 9 დეკემბერს./ http://www.epn.ge/?p=176850/ (ლიცენზიის ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე). ხომ არ იქნება ეს უკან მიდევნებული ლამპარი?/იხ.ნინო მიქიაშვილის სტატია http://www.argumenti.ge/?p=5688/


მე არ ვიცი მეცნიერულ კამათში ვინ იქნება სწორი, მაგრამ სანამ ყველაფერი დამტკიცდება მანამ არ მინდა მოკვდეს საყდრისი და ბედნიერი ვიქნები თუ მართალი აღმოჩნდება ის მხარე ვინც ამტკიცებს, რომ საყდრისი უნიკალურია, ის ადასტურებს ქართველების მიერ ორგანიზებულ საზოგადოებასა და მათ მიერ ოქროს სამთო წესით მოპოვებას პერიოდისათვის, რომელიც თითქმის 500 წლით უსწრებს წინ ეგვიპტის აღმოსავლეთ უდაბნოში აღმოჩენილ ცნობილ მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროებს.


დარჩენილია 100 დღე ვიდრე ლიცენზია გაუქმდება საყდრის-ყაჩაღიანის მონაკვეთზე სამთო სამუშაოების წარმოებისათვის.


ყველა უნდა დავდგეთ საყდრისის საშველად!


უნდა გავაერთიანოთ:


ის, რომ მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ პოზიცია საყდრისის სიცოცხლის სასარგებლოდ შეცვალა ( თუნდაც საჯარო განცხადებით);

ის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა და ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე არ დაუშვებს „გამოუსწორებელ შეცდომას" ძეგლის განადგურების გადაწყვეტილების განხორციელებით;


ის, რომ კოჰაბიტაცია დამთავრებულად ოფიციალურად გამოცხადდა 1 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით და კოჰაბიტაციური გადაწყვეტილებებით ცხოვრება რეალურად ამ პოლიტიკის გაგრძელება და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება იქნება;


ის, რომ გერმანიაში საყდრისს უამრავი მეგობარი ჰყავს და ვერ წარმოუდგენიათ მათ თანამედროვე მსოფლიოში როგორ ვერ უნდა გადაარჩინონ ასეთი ძეგლი;


ის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საყდრისთან დაკავშირებით საერთაშორისო კომისიის შექმნის მიზნით დაუზუსტებელი ინფორმაციით ჩატარდა სპეციალური შეხვედრა, სადაც მიწვეული იყოსაქართველოს   შესაბამისი უწყებებიდან მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაცია;


ის, რომ ამ საკითხში ერთად დგას ერი და ბერი


და არ დავუშვათ საყდრისის სიკვდილი!


კოჰაბიტობიდან გამოსვლის კარგი ნიშანი იქნება თუ ხელისუფლება აღუდგენს საყდრისს სტატუსს.

 

სხვა შემთხვევაში არ მივცეთ საშუალება დასაჯონ სიკვდილით საყდრისი მხოლოდ იმიტომ, რომ  ის არის შეუდავებელი მაგალითი ქართველების ინტელექტუალური პიონერობისა მსოფლიოში.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016