reportiori.ge - „ნაცები“ იპარავდნენ. ჩვენ კი ხელფასებს ტყუილად ვიხდით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 28 მარტი, 2020. 21:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ნაცები“ იპარავდნენ. ჩვენ კი ხელფასებს ტყუილად ვიხდით!
15 თებერვალი, 2014. 19:32

„ნაცმოძრაობის" ლიდერებსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოსალოდნელი პასუხისმგების პირველმა შიშმა და ზაფრამ გაუარათ, რასაც ყველამ ერთად შევუწყეთ ხელი. მერე შოკიდან გამოსულები აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე. ასეა, მკვლელს, მოძალადეს, მფლანგველსა და შარლატანს პასუხს დროულად და ჯეროვნად რომ არ აგებინებ, შედეგს,  სწორედ ასეთს მიიღებ.


ამას წინათ ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა თავდაცვის სამინისტროს ათი შეკითხვა გაუგზავნა. მანამდე ასეთივე შეკითხვებით განათლების სამინისტრო გააბედნიერა. დააკვირდით, იმ უწყებას მიმართა, რომლებსაც თავკაცობდა. თუმცა, სასჯელაღრსულების სისტემისადმი შეკითხვებს თავი აარიდა. რატომ? იქ ყველაფერი მოსწონს, თუ მაინც სიფრთხილეს იჩენს, რამე „უბედურებას" არ გამოვკრა ხელიო.


შარშან, 30 სექტემბერს, „რეპორტიორის" საიტზე მასალა გამოქვეყნდა სათაურით, შაშკინიდან ბაქრაძემდე...


ჩვენს ერთგულ მკითხველს ვთხოვთ, თუ არ დაიზარებს, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი ამ წერილს, რომელსაც აქვე გთავაზობთ, ხოლო შემდეგ, იმის ახსნასაც შევეცდებით, თუ რამ გვაიძულა თვეების წინათ გამოქვეყნებულის მივბრუნებოდით:


„ამ რამდენიმე წლის წინ, ლონდონი, რომ იტყვიან, კინაღამ აფეთქდა, როცა გაირკვა, რომ ინგლისის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ტელეფონით საუბარი ბიუჯეტს ხუთი გირვანქა დაუჯდა. ისიც ბევრს გეხსომებათ, როგორ გადადგა თანამდებობიდან, დისერტაციის დაცვის შემდეგ, პლაგიატში მხილებული გერმანიის თავდაცვის მინისტრი.


ასეა! ნორმალურ სახელმწიფოში საზოგადოება, ერთი შეხედვით, წვრილმანსაც არ გაპატიებს. დაგვეთანხმებით, ხუთი გირვანქა ინგლისის ხაზინას ვერაფერს დააკლებს. სამაგიეროდ, იქ კარგად იციან, რომ კაპიკების გაფლანგვის პატიება - მილიონების მოპარვისათვის წაქეზების ტოლფასია. დიახ, ეს ინგლისშიც კარგად იციან და სხვაგანაც, სადაც ადამიანები თავს სახელმწიფოს სრულფასოვან წევრებად თვლიან, სადაც ქვეყნის პატრონად საკუთარი თავი მიაჩნიათ და არა არჩეული თუ დანიშნული ჩინოვნიკები.


როდემდე უნდა გვშურდეს ასეთი ქვეყნების. ჩვენში ვინმემ რომ პროტესტი გამოთქვას, მავანმა მინისტრმა თავის ნაშრომში აზრები მოპარა ვიღაცას, ანდა, რომელიმე პარლამენტარმა საკუთარი ცოლის მანქანაში სახელმწიფოს ხარჯზე ჩაასხა ათი ლარის ბენზინიო, გიჟად თუ არ გამოვაცხადებთ, საქმეგამოლეულის იმიჯს ნამდვილად ავკიდებთ. ათი კი არა, ათიათასობით ლარი დაუჯდა ბიუჯეტს დავით ბაქრაძის ოჯახის წევრების კომპიუტერით გართობა, მისი მეუღლისთვის გადარიცხულ თანხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ... მაგრამ რა მერე? ითქვა და მორჩა. არადა, იმ ხუთი გირვანქის ფონზე, მსგავსი ინგლისში რომ მომხდარიყო, შედეგის წარმოდგენაც კი ძნელია. ჩვენ კი ერთ ყურში შევუშვით - მეორედან გავატარეთ. ვინ მოთვლის რამდენი ასეთი გაგვიტარებია. რომელიმე მაღალჩინოსნის წინდაუხედაობა, შეცდომა და დანაშაული, რომ ჩვენსავე ყოველდღიურობას ახალ თავის ტკივილად ემატება, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. თუ ვფიქრობთ საერთოდ...


ამ ბრალდების წინააღმდეგ, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, კრინტიც არ დაუძრავს, არც ხო უთქვამს და არც - არა. ახალი ამბავი არ არის, ქართველი ჩინოვნიკები საზოგადოების ინტერესს საკუთარი მაღალი ყურადღების ღირსად რომ არ თვლიან. ამიტომაც ამ დანაშაულს ყველამ წაუყრუა. ეს მაშინ, როცა დადასტურებულია, რომ ხარჯი ნამდვილად ბიუჯეტიდან დაიფარა!


ამბობენ, რომ ეს ერთადერთი და რაც მთავარია ერთეული შემთხვევა არ არის. ყოველი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ჩვენს კისერზე ჯდომა, აქამდეც ჩვეულებრივი ცხოვრების წესი გახლავთ.


ბოროტი ენები ჭორაობენ, რომ კავშირგაბმულობის კორპორაციული საშუალებებით კონტაქტობენ, დღემდე თავის აქაურ მეგობარ-ნათესავებთან, უცხოეთში გაქცეული ჩინოვნიკები. ასეთების რიცხვში გახლავთ დიმიტრი შაშკინიც - უფრო სწორად, ბაქრაძის პარტიული კოლეგა და ამხანაგი შაშკინიც, რომლის „ემიგრაციაში" ყოფნისას საქართველოს ბიუჯეტმა, განათლების სამინისტროს ხარჯებიდან ათი ათას ლარზე მეტი გადაიხადა, მარტო მისი სატელეფონო მომსახურებისათვის.


განათლების სამინისტრო რა შუაშიაო, იკითხავს დაკვირვებული მკითხველი. იმ შუაშია, ბატონო, რომ განათლებიდან თავდაცვაში რომ გადავიდა შაშკინი, თან განათლების სამინისტროს კორპორატიული ტელეფონის ნომერიც თან გაიყოლა, რომელსაც ამერიკაში ყოფნისას ვერ შეელია! იმასაც ფიქრობდა, აბა ვინ იეჭვიანებს განათლების სამინისტროს ტელეფონით ვსარგებლობო...


არც ეს ამბავია დაუდგენელი ჭორი. არსებობს შაშკინის მესიჯობის დამადასტურებელი ფაქტები. სწორედ ამ კორპორატიული ნომრიდან. გაზეთმა „ალიამ" ამ თემას პუბლიკაციაც კი მიუძღვნა. მაგრამ განათლების სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყურიც კი არ შეიბარტყუნა!!! არადა, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ყოფილ მინისტრს, პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილსაც ეკუთვნის! ასევე, დასადგენი და გასარკვევი სხვა რამეა და ვფიქრობთ, ძალზე მნიშვნელოვანიც: რატომ პატიობს დღევანდელი ხელისუფლება ყოფილ ჩინოვნიკებს გაფლანგულ ჩვენს ფულებს, რომლის რაოდენობაც, როგორც სარწმუნო წყარო გვეუბნება, ასტრონომიულ ციფრებამდე ადის."


ამაზე მეტი მაშინ რაღა უნდა გვეთქვა! როცა ეს წერილი იწერებოდა, ბატონი მარგველაშვილი უხვი საარჩევნო დაპირებების გამცემი პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობისთვის „მახაზირებელი" შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ, არც ჩვენს მასალას და არც პრესაში ამ თემაზე ატეხილი ხმაურს არანაირი რეაქცია არ მოყოლია. თუმცა თანამდებობრივად ეს ორივეს ევალებოდა. მეტიც, ბატონ მარგველაშვილს, მისი უწყებიდან (განათლების სამინისტრო) მობილური ოპერატორებისთვის გადარიცხული თანხები მაინც  უნდა გადაემოწმებინა, იმის გასაგებად, ამხელა დავიდარაბის ატეხვას, მართლა ჰქონდა თუ არა მიზეზი..


როგორც ახლა ეს, ადრე გამოქვეყნებული მასალა არ შეგვიცვლია ისე, არც ამ საქმეში და არც შაშკინ-ბაქრაძესა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის დამოკიდებულებაში შეცვლილა ამის შემდეგ რაიმე - გარდა ერთისა:


ყოფილი მაღალჩინოსნებისა და საერთოდ, „ნაცმოძრაობის" ლიდერების გამოსვლებსა და ასე განსაჯეთ, გამოხედვაშიც კი ცინიზმმა იმატა. მათ შორის შაშკინის თავდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ კითხვარშიც.


შეკითხვის კი არა და ხელისუფლებისგან პასუხის მოთხოვნის უფლებაც აქვს ნებისმიერს, მაგრამ არა შაშკინს, სააკაშვილს, მერაბიშვილს, ბაქრაძეს და მთელს მათ ამქარს.


იმ შეკითხვებს, პასუხს როგორ გასცემს, ან, გასცემს თუ არა საერთოდ, ეს თავდაცვის სამინისტროს თავსატეხია. ცინიზმი კი თავისთავად იმაშია, რომ შაშკინი ვიღაცისგან აქეთ ითხოვს პასუხს. „ნაცები"  ასეთ კითხვარს, კვირაში ერთხელ უგზავნიან დღევანდელ მთავრობას, რომელსაც ეტყობა, აშკარად არ აწუხებს და ასეთი უტიფრობა ძილისპირულივით ესმის, მაგრამ იმ ხალხმა რა დააშავა, ვისაც იქიდან თავხედობა და აქედან წაყრუება ერთნაირად რომ უშლის ნერვებს.


სულ არ ვაპირებ, ახლა ემიციების ფრქვევას და სენტიმენტების დახვავებას, ისე, უბრალოდ და ადამიანურად გეტყვით, ჩვენს ერი-ორ კითხვასაც მოუსმინეთ, რომელიც ვეჭვობ, ნანასავით მოსასმენი იყოს ბატონი პრემიერის, ბატონი პრეზიდენტისა და ბატონი გადამდგარი პრემიერისთვისაც, რომელსაც განსაკუთრებით აღიზიანებს ჟურნალისტების ზერელეობა და ამიტომ კონკრეტული შეკითხვები უყვარს.


ეს SMS, რომელსაც გთავაზობთ, რომლის ნამდვილობა შაშკინის მამამ, ბატონმა ნიკოლოზმაც დაადასტურა და რომელიც შეგახსენებთ, შარშან „ალიაში" და „რეკლამა+"-შიც გამოქვეყნდა, შაშკინმა გამოუგზავნა ამერიკიდან ვანო მერაბიშვილს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი შენთან ერთად მუშაობა. იყო რამოდენიმე მიზეზი რატომ დავტოვე ქვეყანა, ერთ-ერთი იყო ისიც, რომ ახალი ოქრუაშვილი არ გავხდები და მეოცნებეების მოთხოვნით არ დავიწყებ ჩემ კოლეგებზე და პრეზიდენტზე ცრუ ჩვენებების მიწოდებას. დანარჩენს როდისმე პირად მოგიყვები. მე ყოველთვის დავრჩები ერთგული ჩემი პრეზიდენტის, ჩემი კოლეგების და მეგობრების. დანარჩენს, რაც შეეხება... იზვინი, ესლი ჩტო ტო ნი ტაკ. დიმა"


ეს ქართულად ნათარგმნი ასლია. დედანიც გვაქვს, თუმცა, თუ მოინდომებთ, არც დედნის ადგილსამყოფელის და არც ტელეფონის ნომრის გაგება არ გაგიჭირდებათ. მაგრამ საქმე რომ გაგიიოლოთ, ტელეფონის ნომერსაც გეტყვით - 577 222 303. როგორც აპარატის შეძენაში, ისევე ნომრის აღებაშიც სახელმწიფოს ჩვენი ფული აქვს გადახდილი. ამიტომაც, საინტერესოა, სად და ვის ხელშია ახლა იგი.

თურმე როგორი წვრილმანები ვართ!  ხომ ასეა ბატონებო?

აბა, ამაზე უფრო კონკრეტულად რა გითხრათ და რაღა ვიკითხოთ?!


როცა ქვითარი, კორპორატიული ტელეფონი, მისი ნომერი, კომპიუტერი და გადახდილი ათიათასები სახეზეა. ანუ როცა სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტის უმიზნო ხარჯვის მაგალითი, მხარჯველი უნდა დაისაჯოს თუ არა. ამასაც „კოაბიტაცია" და ევროპელ „მეგობრებთან" შეთანხმებების გარეშე ნაბიჯი ხომ არ სჭირდება? ან შსს-ს და პროკურატურის შრომას რატომ ვყრით წყალში, ან ჩვენ რაში ვიხდით ამხელა ხელფასებს? იმაში, რომ შაშკინი ჩვენი სახელით ლაპარაკს ბედავდეს?


ამ ყველაფერს როგორ აგვიხსნით? უფრო სწორად, ჩვენ კი არა, იმ პატარა ბიჭს როგორ აუხსნით, ამას წინა პურისთვის შესული - მაღაზიიდან ატირებული რომ გამოვიდა და იქაც ატირებული გამყიდველი რომ დატოვა, რომელსაც ნისიის ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა? როგორ აუხსნით ჩვენთან დახმარებისთვის მოსულ იმ აცრემლებულ ქალბატონს, 20 ლარის გადაუხდელობისთვის, ამ გაყინულ ზამთარში გაზის მილი რომ გადაუჭრეს? ან იმ ძალიან კარგ კაცს და დიდებულ თბილისელ ინტელიგენტს, „მაღაზია ნუგეშთან" , ხელს რომ სწვავდა მხოლოდ 100 გრამი შაქრის საყიდელი 20 თეთრი.


დასასჯელი ადამიანების ამდენმა თავხედობამ, ცინიზმმა და უტიფრობამ კი მიგვიყვანა იქამდე, რომ „წერე და იკითხეო" - ამას აღარავის ვათქმევინებთ.


შარშან სექტემბერში კი არა, ახლა ამ თებერვალში, მეორედ დაწერილს - მესამედ და მეათედაც მივუბრუნდებით, მანამ სანამ ბიუჯეტის ვირთაგვები ისევ სოროში არ შეძვრებიან. ჯერ-ჯერობით კი, ძველების დაუსჯელობის გამო ხომ არ ხდება ახალი მაღალჩინოსნებიც ასიათასიან მანქანებს „ადელხანოვის ჩუსტივით", რომ ყიდულობენ? ევროპაში, სამი დღით წასული, სამკაციანი დელეგაცია, რომ 20 ათასამდე ლარს მხოლოდ სასტუმროში იხდის? როცა ბერიძე ან დუმბაძე თუ არ ხარ, მაგალითად, ბათუმში სამსახურს ვერ იშოვი?


იმ უპუროდ დარჩენილი პატარა ბიჭის, იმ ქალბატონის, გაზი რომ გადაუჭრეს, ან იმ ასი გრამი შაქრის შემყურე კაცის პირობებში მყოფ უამრავ ადამიანს, გაჭირვების გამო, რომ ხელი ცუდად წასცდეთ, დარწმუნებული ვარ, დანანებით იტყვით, ვწუხვართ, მაგრამ კანონი არ პატიობსო!

ჰოდა, ასე თუ შევხედავთ საქმეს, „ნაცებს" დღეს მშვენიერი პატრონი ყავთ და ამ პატრონს სიყრუე და სიბრმავე ჰქვია.


ღმერთმა დაგვიფაროს არაგულწრფელობისგან - გუშინდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ გადარებთ, მაგრამ,  როცა ჩვენ, შაშკინი, სააკაშვილი, ბაქრაძე და სხვები, მართალია, რომ სხვადასხვა მიზნითა და განწყობით, მაგრამ ერთნაირ შეკითხვებს ვსვამთ, ძალიან გვრცხვენია.

თქვენ?


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016