reportiori.ge - ინდოეთი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დროებით გადმოგვცემს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 მაისი, 2020. 02:07
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ინდოეთი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დროებით გადმოგვცემს?!
ავტორი:
09 სექტემბერი, 2015. 17:36


ქეთევან დედოფალი ხსენების დღედ 13 სექტემბერი (ახ. სტ. 26 სექტემბერი) დადგინდა


ფრესკაზე სამი სცენაა გამოსახული - დედოფლის ლოცვა, წამება და წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოსვენება


ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, უკან მგლოვიარე ქართველები მიჰყვებოდნენ... ჯალათებმა ცეცხლი დაანთეს, შიგ გასახურებლად შანთები შეაწყვეს, მოამზადეს სპილენძის ქვაბები და საზეიმოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს... მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით". ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს: გახურებული რვალის ქვაბი თავზე დაამხეს, „გაზით გაგლიჯეს ძუძუნი" (როგორც წერდა მისი ძე, თეიმურაზი), გავარვარებული შანთები ზურგში გაუყარეს, ფრჩხილები დააძვრეს, ხორცი დაუფლითეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს... გამძვინვარებულმა ჯალათებმა ესეც არ აკმარეს - დედოფლის გვამი ნადირთა საჯიჯგნად დააგდეს...


წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი, ქრისტიანული სარწმუნოების არდატევებისთვის, ირანის შაჰის, აბას II-ის ბრძანებით, 1624 წლის 12 სექტემბერს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს...


მოსვენება არც დედოფლის ძვლებს ეღირსა - ჯალათებმა დაჯიჯგნილი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ტრიალ მინდორში ორმოში ჩაფლეს, სადაც სამი თვე და ცამეტი დღე იყო დამარხული...


დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, როდესაც მეფე თეიმურაზ პირველმა დედის გვამის ძიება დაიწყო, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში, საღმრთო ტრაპეზის ქვეშ 1723 წლამდე ინახებოდა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I I-ს 1656 წლის 18 აპრილს, ალავერდში დავანებული ნეშტის ნაწილიდან მცირედი რელიკვია რუსეთის მეფის, ალექსი I-ისთვის გაუგზავნია. მისი ბედი დღემდე უცნობია. ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს.


საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მოხვდა გოასა (ინდოეთი) და რომში, სავარაუდოდ - ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში. მალე გოას მონასტერში ისპაჰანიდან გაიგზავნა კიდევ ერთი სიწმინდე - დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე. გოაში ჩატანილი წმინდა ნაწილები დაცული იყო შავი ქვის კუბოში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში დაგრასას მონასტრის კოშკი ჩამოიქცა და მთელი შენობა ნანგრევებად აქცია.


ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ სამეცნიერო ექსპედიციები რევაზ თაბუკაშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ წმინდა ნაწილებს უმალავდნენ. საბოლოოდ, დიდი აღმოჩენა მაინც მოხდა - 2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას დაგრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მიაკვლია, რითაც ქართველთა არაერთი თაობის სანუკვარი ოცნება ასრულდა - 2013 წელს კი ქართველმა და ინდოელმა არქეოლოგებმა გოაში, წმინდა ავგუსტინეს ნანგრევებად ქცეულ ეკლესიაში წმინდანი დედოფლის მკლავის ძვალი აღმოაჩინეს.


ინდოეთთან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ქართული მხარისთვის გადმოსაცემად მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ინდოეთის ხელისუფლება უარზე იყო. რამდენიმე დღის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთი საქართველოსთვის დედოფლის წმინდა ნაწილების უსასყიდლოდ გადმოცემას აპირებს. ამავე დროს, ისიც - ითქვა, რომ წმინდა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილების მუხრანში მშენებარე ტაძრის საძვალეში დასვენება იგეგმებოდა, თუმცა ინფორმაცია მამა გიორგი რაზმაძემ კატეგორიულად უარყო. ის წლებია, ამ საკითხზე ინდოეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს. დეტალების დასაზუსტებლად სწორედ მას დავუკავშირდით:


- ერთი თვეა, რაც ინდოეთიდან დავბრუნდი. ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, კულტურის მინისტრს შევხვდით. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთი უსასყიდლოდ, თუმცა მხოლოდ 15-20 წლით გადმოგვცემს. სამწუხაროდ, ინდოეთის მხარე უარზეა, წმინდა ნაწილები საქართველოს სამუდამოდ გადასცეს. ჩვენი წარმომადგენლები დღესაც ინდოეთში იმყოფებიან და დეტალებს აზუსტებენ.


- ცნობილია, რომ ინდოეთის მხარე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების სანაცვლოდ თანხასაც ითხოვდა... უკვე დაზუსტებულია, როდის ჩამოაბრძანებენ დედოფლის სხეულის ნაწილებს საქართველოში?

 

- კონკრეტული თარიღის დასახელება, ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია, თუმცა ეს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოხდება. რაც შეეხება თანხას, ინდოეთის არაოფიციალური პირები წმინდა ნაწილების სანაცვლოდ ორ მილიონ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები თანხაზე არასოდეს დაგვლაპარაკებიან. საბედნიეროდ, მართალია, დროებით, მაგრამ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამშობლოში სრულიად უსასყიდლოდ დაბრუნდება.


- ითქვა, რომ წმინდა ნაწილებს მუხრანის მშენებარე ტაძარში დაასვენებდნენ...

 

- ვერ გაგიმხელთ, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, სად დაასვენებენ. ინფორმაცია, მუხრანის მშენებარე ტაძარში წმინდა ნაწილების დასვენების თაობაზე, აბსურდია. ეს მხოლოდ ალექსანდრე ბიჭიაშვილის (სოფელ მუხრანში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეის ავტორი და მშენებლობის მონაწილე. - რედ.) სურვილია... ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, ინდოეთის კონსული დაგვიკავშირდა და საქმეში გარკვევა ითხოვა. შეთანხმების მიხედვით, ყოველი პუნქტი გაწერილია. მოგვიანებით, ბიჭიაშვილი დამიკავშირდა და ბოდიში მოიხადა, თუმცა, ვფიქრობ, მან ბოდიში მე კი არა, საზოგადოებას უნდა მოუხადოს...


საბედნიეროდ, 15-წლიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.




დაგრასის ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკა


პორტუგალიაში, ლისაბონის დაგრასის ტაძარში, დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკა, სადაც ქეთევან დედოფლის წამების სრული სცენაა ასახული. ფრესკა დედოფლის წამების თვითმხილველ პორტუგალიელ ბერებს შეუქმნიათ. პორტუგალიურად ქეთევანი გეტევანდაა. ქეთევან წამებული ევროპაში რამდენიმე სახელითაა ცნობილი. ზოგან მას კატერინას (წმინდა კრეტიენს) უწოდებენ. ყველამ იცის, რომ ის იბერთა დედოფალი იყო. მისიონერი ბერები აღწერენ: "მისი ცხედარი რამდენიმე თვე უხრწნელი იყო და ვარდის სურნელი ასდიოდა".


პორტუგალიელმა ბერმა მამა ამბროსიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზ მეფეს დედის თავის ქალა ჩამოუტანა. როგორც ანჟუს წერილიდან ვიგებთ, თეიმურაზ მეფეს ცრემლები წასკდა და მამა ამბროსიოს უთხრა, მთელი მსოფლიოს საგანძური რომ მოგეტანა, ამაზე ძვირფასი არ იქნებოდაო. ფრესკაზე თეიმურაზ მეფეც არის გამოსახული, რომელიც ტირის.


ფრესკაზე სამი სცენაა გამოსახული - დედოფლის ლოცვა, წამება და წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოსვენება. ფრესკას ასეთი წარწერა აქვს: „პატივცემული დედოფალი გატევანდა, საქართველოს დედოფალი. ეწამა შირაზში, 1624 წლის 22 სექტემბერს". ფრესკაზე გამოსახულია, დედოფალს მარწუხებით მკერდს როგორ ჰგლეჯენ. იქვე კი ლათინური წარწერაა: „ღმერთო, შემეწიე ძუძუთა ჩემთა სატანჯველში".


 

 

 

რუსუდან შელია

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016