reportiori.ge - სააკაშვილისა და პუტინის იდენტურობა - რომელი რომლისგან იპარავს იდეებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 31 მაისი, 2020. 18:13
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სააკაშვილისა და პუტინის იდენტურობა - რომელი რომლისგან იპარავს იდეებს
ავტორი:
26 სექტემბერი, 2015. 14:00


„დღეს საქართველო შედის ღრმა პოლიტიკური კრიზისის სტადიაში. კონსტიტუციის უკვე სრული ნიველირების საფუძველზე იქმნება რთული პოლიტიკური კონფიგურაცია. ამ კრიზისის ფესვები დევს სწორედ სააკაშვილი-პუტინის პოლიტიკური ექსპერიმენტების მოწყობის  მოდელირებაში, რომლის პოლიგონიც სამწუხაროდ გახდა საქართველო. სააკაშვილი-პუტინის პოლიტიკური „ჯადოქრობის" წყალობით, საქართველო ბრუნავს ერთ „მოჯადოებულ წრეზე" და ამ ორბიტიდან გამოსვლა მოითხოვს მთელი საზოგადოებრივი ძალისხმევის გამოვლენას", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია და  მიხეილ სააკაშვილის ვლადიმირ პუტინთან მსგავსების  ძირითად შტრიხებზე ფაქტებით საუბრობს.


 ვახტანგ მაისაია:


- პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ იდენტურ ვითარებაში დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჰქონდა ძალიან ბევრი საერთო, რომელსაც ეწოდა ე.წ. „დამოუკიდებლობათა აღლუმი". დამოუკიდებელ ქვეყნებში ჩამოყალიბდა იდენტური პოლიტიკური სისტემა და თითქმის იდენტური პოლიტიკური რეჟიმი, რომლებსაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან - სახელდობრ, მათი ტოტალიტარული წარსული, იდეოლოგიზირებული ცნობიერება და სოციალურ-ფსიქოლოგიურ დონეზე - სწრაფვა ტოტალიტარული აზროვნებისკენ და მოქმედებებისკენ. ასეთი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური მიდრეკილებანი ჩამოუყალიბდათ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეორე და მესამე თაობის ლიდერებს. მათ გაიმეორეს ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე წარმოადგენს მათთვის სავსებით ნორმალური ქცევის მოდელს.


ეს ყველაფერი განვიხილოთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკური სისტემების ლიდერების მაგალითებზე, რომელთაც ცხოვრებისეული გზები თითქოს სხვადასხვა აქვთ, მაგრამ დეტალებში ჩაღრმავების შემდეგ მიხვდებით, რომ  ისინი საერთო ჩვევების და აზროვნების პოლიტიკოსები არიან.  ამჯერად საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის მსგავსებას. ორივე პოლიტიკოსის სწრაფვა „ხისტი" ავტორიტარული მმართველობისკენ საკმაოდ თვალსაჩინოა. ამიტომაც მათი შედარებითი ანალიზის ჩატარება შემთხვევით გარემოებას არ წარმოადგენს. ჩვენ განვიხილავთ მათ „სულიერ იდენტურობას" და „პოლიტიკურ ტყუპისცალობას" ხუთი კონკრეტული სოციალურ-პოლიტიკური მოდელის ფორმატში: ისტორიულად განვლილი ცხოვრება; ფსიქოლოგიური თავსებადობის ფაქტორი; პოლიტიკურ მოქმედებათა იდენტურობა; პოლიტიკურ  გადაწყვეტილებათა კოპირება და სოციალური მენტალიტეტის საერთო მოდელირება. ამ ხუთი მოდელიდან, სასურველია განვიხილოთ სამი მათგანი (ისტორიულად განვლილი ცხოვრება; პოლიტიკურ მოქმედებათა ინდეტურობა; პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა კოპირება) და მივახდინოთ შედარებითი ანალიზი პუტინის და სააკაშვილის პოლიტიკურ მსგავსებებს შორის, რათა გავცეთ პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ვისგან იპარავს იდეებს და ვინ არის მეორე მხარის „საპატენტო უფლების" დამრღვევი სუბიექტი?


ისტორიულად  განვლილი ცხოვრება:


ვლადიმირ პუტინის განვლილი ცხოვრების „ოქროს შუალედი" ეკუთვნის მის საქმიანობას საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებში, კერძოდ კი, ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან (სუკ-ი). იგი ამ ცხოვრების მონაკვეთს დიდი სიამაყით იხსენებს. საინფორმაციო წყაროების მიხედვით, მან დაამთავრა სუკ-ის უმაღლესი ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და იმყოფებოდა სუკ-ის სრულ განკარგულებაში. მისი კარიერული განვითარების პიკი მიღწეული იქნა 1987-1990 წლებში, როდესაც ვლადიმირ პუტინი იყო სუკ-ის ვიცე-პოლკოვნიკი და საგარეო დაზვერვის მთავარი, პირველი სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი და ასრულებდა საკმაოდ საინტერესო მისიას - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენში. იგი ახორციელებდა ოპერატიულ-საინფორმაციო უზრუნველყოფას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი საბჭოთა არალეგალური აგენტურული ქსელის სასარგებლოდ და ახორციელებდა გდრ-ის „შტაბსა" და საბჭოთა სუკ-ს შორის სამოკავშირეო ოფიცრის მოვალეობას. მანამდე მისი ჩეკისტური საქმიანობის ბიოგრაფიული მონაკვეთი ბურუსით არის მოცული. საუბარია 1981-1986 წლებზე, რომელიც მის მიერ სპეციალური სახის დავალებების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ვლადიმირ პუტინი არის პროფესიონალი მზვერავი და საკმაოდ მაღალი დონის პიარ-ტექნოლოგი და ანალიტიკოსი.  მზვერავის უნარ-ჩევევები კარგად გამოადგა შემდგომში პოლიტიკური კარიერის აწყობასა და მზაკვრული გეგმების განხორციელებაში. მაგალითად, პოლიტიკურ ასპარეზზე მისი გზის გამკვლევი ორი პოლიტიკური პირის მიმართ დამოკიდებულებაში - ანატოლი სობჩაკისა და ბორის ელცინის მიმართ. ორივე მათგანი გარდაიცვალა მეტად საეჭვო ვითარებაში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ლიდერობის ზენიტში, ისევე როგორც მისი პოლიტიკური მენტორი რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რომელმაც იგი მიიყვანა კრემლის „ოლიპზე" და „შეარჩია" პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე. პუტინმა გაანადგურა ბერეზოვსკი ყველა გაგებით. ისევე როგორც ბორის ელცინი და ანატოლი სობჩაკი, ბერეზოვსკიც გარდაიცვალა მეტად საეჭვო ვითარებაში ლონდონში, 2013 წელს.


მიხეილ სააკაშვილის განვლილი ცხოვრების მონაკვეთი, რამდენად პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, უკავშირდება ასევე საბჭოთა სუკ-ს. იგი 1983-89 წლებში სწავლობდა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (საერთაშორისო სამართლის განხრით), რომელიც მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის შემდეგ ითვლებოდა ელიტარულ დაწესებულებად, სადაც არა მარტო საბჭოთა დიპლომატებს ამზადებდნენ, არამედ საბჭოთა სპეცსამსახურის თანამშრომლებსაც, საგარეო დაზვერვის განხრით. იმავე პერიოდში, ზოგი მონაცემებით 1987-89 წლებში, ზოგიერთით კი 1988-1990 წლებში, მიხეილ სააკაშვილი გადიოდა სამხედრო სამსახურს საბჭოთა სუკ-ის ელიტარულ, სასაზღვრო ჯარების რიგებში, რომლის უშუალო კურირებას ახორციელებდნენ სუკ-ის მესამე მთავარი სამმართველოს - სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები. სააკაშვილმა მიაღწია სამხედრო წოდებას - სუკ-ის ეფრეიტორის ჩინს და მსახურობდა დახურულ ნაწილში, ფორმალურად, კიევის აეროპორტ ბორისპოლის დაცვის შენაერთში. როგორც ცნობილია, სააკაშვილს ისე მოეწონა ჯარის ამ სახეობაში მსახური, რომ მასზე არც უმოქმედია მის სამშობლოში მომხდარ 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან და ტრაგიკულ მოვლენებს და ბოლომდე დარჩა დიადი „საბჭოეთის" ფიცის ერთგული - სპეცსამსახურების განხრით. ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ამზადებდნენ სუკ-ის საგარეო დაზვერვის მიმართულებით, სავარაუდოდ, არალეგალური დაზვერვის სპეციალობით. მან სუკ-ის გამოცდილებიდან მიიღო მაღალი დონის პიარ-ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები, მაგალითად, როგორიცაა საკუთარი რეალური მისწრაფებების დროზე ადრე არწარმოჩენა. შეიძინა პროფესიონალი მზვერავისთვის დამახასიათებელი ჩვევები - პრეზიდენტობის პერიოდში იგი ოსტატურად თხზავდა უცხო ქვეყნების „ჯაშუშობის" სცენარებს მისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ოპონენტების წინააღმდეგ. ამგვარი პროფესიონალური ცოდნის გარეშე ასეთი საქმეების „შეკერვა" წარმოუდგენელია. გარდა ამისა, როგორც პუტინის შემთხვევაში, სააკაშვილმაც ოსტატურად და მზაკვრულად „გააცურა" მისი ორივე პოლიტიკური მენტორი - ედუარდ შევარდნაძე (მის პატივსაცემად საკუთარ პირველ შვილს დაარქვა ედუარდი) და ზურაბ ჟვანია. პირველი მან ვადაზე ადრე გაუშვა პოლიტიკურ გადასახლებაში, ხოლო მეორე კი - საიქიოს. ამავე დროს უცნობია, სად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ვლადიმირ პუტინი 1981-86 წლებში და 1989-1993 წლებში.


პოლიტიკურ მოქმედებათა იდენტურობა:


ვლადიმირ პუტინის  ყველაზე ტირანული მმართველობისკენ გადაგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2001-2002 წლებში პირადი განკარგულებით განხორციელებული შტურმი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ერთდაერთ, დამოუკიდებელ და ოპოზიციურ НТВ-ს ტელევიზიაზე. ამ დროს მისი პრეზიდენტობიდან ჯერ ორი წელი იყო გასული. ტელევიზია, რომელიც ეკუთვნოდა მილიარდერ ვლადიმერ გუსინსკის, იქნა უკანონოდ დაკავებული და გადაცემული ბორის იორდანის კუთვნილებაში, რომელიც აშშ-დან ჩამოიყვანეს. რა თქმა უნდა, ფორმალურად. ტელევიზიის მთლიანი შემადგენლობა გაათავისუფლეს და სულ რაღაც 2 წელიწადში, აღნიშნული ტელევიზია გადავიდა პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის განკარგულებაში (მოგვიანებით კი ბორის იორდანი გაიქცა აშშ-ში, თავის სამშობლოში) და ასრულებდა მის დაკვეთებს. განსაკუთრებით, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. იმავე შტურმის დროს, ასევე იქნა დარბეული მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც შეიკრიბა ტელევიზიის დაცვის მიზნით. ამის ფონზე, 2002-2003 წლებში პუტინის რეჟიმმა მიაყენა „მომაკვდინებელი" დარტყმა მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მილიარდერ მიხაილ ხოდორკოვსკის, რომელმაც პირდაპირ განუცხადა ვლადიმირ პუტინს ე.წ. „შვიდი ბანკირის" სათათბირო სხდომაზე (семибанкирщина), რომ იგი აღარ დააფინანსებდა პრეზიდენტის პირად პროექტებს და არ მისცემდა მას არავითარ თანხებს. აქვე მან განაცხადა, რომ იგი დააფინანსებდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, შექმნიდა ცალკე პოლიტიკურ გაერთიანებას და გააგრძელებდა პოლიტიკურ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. ხოდორკოვსკის მოცემული ქმედებები ძალიან ძვირად დაუჯდა, რადგანაც მას ჩამოართვეს, უხეში ნაციონალიზაციის გზით, მისი მთავარი აქტივი - სანავთობო კორპორაცია „იუკოსი", რომლის ძირითადი კაპიტალი შეადგენდა თითქმის 2 მილიარდ დოლარს. ბოლოს მიხაილ ხოდორკოვსკი დააპატიმრეს გადასახადების დაფარვის ბრალდებით და მიუსაჯეს 10-14 წელი (იგი გათავისუფლდა მხოლოდ 2013 წელს, 10-წლიანი პატიმრობის მოხდის შემდგომ). ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთ პოლიტტექნოლოგიურ ხრიკს წარმოადგენდა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში (დღევანდელის ჩათვლით) პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ანუ ქვეყანაში მეორე პირის პოსტზე ე.წ. „ტექნოკრატი" პოლიტიკოსების დაყენება, მიხაილ კასიანოვის გარდა. მიხაილ კასიანოვი იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ბორის ელცინის მმართველობისას იყო საკმაოდ გავლენიანი. პუტინს იგი გადაეცა ე.წ. „მემკვიდრეობით" იმ თამაშის წესების თანახმად, რომლის საფუძველზე იგი გახდა ქვეყნის პირველი პირი 2000 წელს. მან პირველი პრეზიდენტობის ვადის პერიოდში „გმირულად" აიტანა კასიანოვი და შემდეგ გაათავისუფლა თანამდებობიდან (კასიანოვი მოგვიანებით გადავიდა სასტიკ ოპოზიციაში პუტინის მიმართ). დანარჩენი პრემიერ-მინისტრები: მიხაილ ფრადკოვი (2004-2007 წლები), ვიქტორ ზუბკოვი (2007-2008 წლები), დიმიტრი მედვედევი (ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, მანამდე კი პრეზიდენტი 2008-2012 წლებში) იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ „ტექნიკური" ტიპის პრემიერები, რომელთა გავლენა ქვეყნის შიგნით გადაწყვეტილებათა პროცესში იყო არცთუ ისე მაღალი. გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ითვლება ის, რომ მან 2004-2012 წლებში ჩამოაყალიბა მისი ავტორიტარული მმართველობის სტილის გასამყარებელი ე.წ. „პოლიტიკური ვერტიკალი" (политическый вертикаль), რომელიც დაეყრდნო პოლიტიკური ძალაუფლების განაწილების ე.წ. „კლანურ" მოდელს. ამ ვერტიკალის ფარგლებში შეიქმნა ოთხი მთავარი „კლანი", რომლის ფარგლებშიც წარმოიშვა ე.წ. „ფარული პოლიტიკური საბჭო" (რამდენიმე ადამიანი თითოეული კლანიდან), რომელიც მონაწილეობდა უშუალოდ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებაში (5-10 პოლიტიკოსი). მოცემულ კლანებს წარმოადგენდნენ: „პუტინის პირადი გვარდია - კოოპერატივი „ტბა" (ტიმჩუკი-იაკუნინი-კოვალჩუკი-როტენბერგი); „ძალოვანთა კლანი - силовики" (სეჩინი-პატრუშევი-ივანოვი-ბორტნიკოვი); „პიტერის-ლიბერალთა" კლანი (მედვედევი-ჩუბაისი-კოზაკი-სურკოვი); „ტექნოკრატიულ-პარტიული" კლანი (გრიზლოვი-შოიგუ-ვოლოდინი-მატვიენკო-მილერი). ამ ოთხ კლანს შორის ურთიერთობების ფორმატში პუტინი თავს ლაღად გრძნობს. მას მთლიანად ემორჩილება პარლამენტის ორივე პარტია და მის განკარგულებაშია მმართველი „ერთიანი რუსეთის" (Единная Россия) პოლიტიკური პარტია, რომლის ხელმძღვანელიც არის პუტინი. პუტინმა აქვე შექმნა ე.წ. „ჰიბრიდული" სახის ოპოზიციური პარტიები - მემარცხენე ორიენტაციის „სამართლიანობის" პარტია (სერგეი მირონოვი), მემარჯვენე ორიენტაციის „სამოქალაქო პლატფორმა" (მიხეილ პროხოროვი) და მთლიანად გახადა მარიონეტული რუსეთის კომუნისტური პარტია (გენადი ზიუგანოვი) და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ვლადიმირ ჟირინოვსკი).


მიხეილ სააკაშვილის ძირითადი პოლიტიკური მოქმედებანი ზედმიწევნით ემთხვევა და ემსგავსება პუტინის ქმედებებს რუსეთში. მიხეილ სააკაშვილმა მისი გაპრეზიდენტების მეოთხე წელს, ანუ 2007 წლის 7 ნოემბერს სასტიკი და არაკონსტიტუციური მეთოდებით დაშალა მშვიდობიანი ოპოზიციური მიტინგი, რომლის მთავარი მიზანი იყო ოპოზიციური მედიაჰოლდინგის, „იმედის" ხელში ჩაგდება და ტელევიზია „იმედის" სასტიკი დარბევა, რაც განხორციელდა იმავე დღესვე (სწორედ აღნიშნული ქმედებების საფუძველზე ამჟამად მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული და იძებნება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ). მედიაჰოლდინგი „იმედი" სააკაშვილის რეჟიმმა, ფორმალური კუთხით,  გადასცა სამართავად უცხოელ მოქალაქეს ჯოზეფ ქეის (იოსებ კაკალაშვილს), რომელსაც სულ რაღაც ერთ წელიწადში წაართვა მფლობელობის უფლება და როგორც პუტინმა იორდანი, სააკაშვილმა ქეი გაუყენა საზღვარგარეთის გზას. მან ამით უხეშად ხელყო ქართველი მილიარდერის და ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის პირადი საკუთრება და დაარღვია საერთაშორისო კერძო სამართლის ელემენტარული ნორმები. ბადრი პატარკაციშვილი, ისევე როგორც მისი მეგობარი, პუტინის დევნილი ბორის ბერეზოვსკი, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ლონდონში, 2008 წელს.


სააკაშვილმა პირდაპირი ომი გამოუცხადა მეორე ქართველ მილიარდერს და ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სააკაშვილს უარი განუცხადა ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზე, ჩამოაყალიბა პოლიტიკური ოპოზიცია „ქართული ოცნება" და გამოუცხადა პოლიტიკური ბრძოლა მის რეჟიმს. სააკაშვილმა, ისევე როგორც პუტინმა ხოდორკოვსკის მიმართ, განახორციელა რეპრესიული ღონისძიებები და პირადი განკარგულებით, ძალოვან სტრუქტურებს დააყადაღებინა ივანიშვილის 80 მილიონი ლარის ოდენობის ქონება. შეაჩერეს „ქართუ ბანკის" საქმიანობა, შემდგომში მისი უკანონო ნაციონალიზაციის მიზნით. 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში. მმართველობაში ყოფნის დროს, სააკაშვილმა მთლიანად დაიმორჩილა საპარლამენტო ხელისუფლება და გამოაცხადა მაშინდელი მმართველი ძალის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მონოპოლია. ასევე, 2008-2012 წლებში შექმნა ე.წ. „ჰიბრიდული" მართული ოპოზიცია - „ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია" , „საქართველოს დემოკრატიული პარტია" , პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ" და სრულად დაიმორჩილა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. საქართველოს „ბოკასიზაციის" (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იმპერატორ ბოკასას მიერ საკუთარი პარლამენტის მონობიზაცია) პარალელურად, სააკაშვილმა, ისევე როგორც პუტინმა, ჩამოაყალიბა საკუთარი „პოლიტიკური ვერტიკალი" ანუ განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია (მან ეს გააკეთა ჯერ კიდევ 2005 წლის 14 თებერვალს პარლამენტის წინაშე გამოთქმული ცნობილი თეზისის _ „ნულოვანი ტოლერანტობის" გამოცხადების შედეგად). მისი „პოლიტიკური ვერტიკალი" შედგებობა ოთხი ძირითადი „კლანისაგან":


„სააკაშვილის პირადი გვარდია" (თემურ ალასანია-დავით კეზერაშვილი-გრიგოლ ვაშაძე-ბაჩო ახალაია); „ძალოვანთა" კლანი (ვანო მერაბიშვილი-ზურაბ ადეიშვილი-ირაკლი ოქრუაშვილი-კოტე კუბლაშვილი); „ლიბერტარიანული" კლანი (გიგი უგულავა-გიგა ბოკერია-გივი თარგამაძე); „ტექნოკრატიულ-პარტიული" კლანი (დავით ბაქრაძე-გოკა გაბაშვილი-ვანო მაჭავარიანი-გიგი წერეთელი). სააკაშვილი ასევე ვერ იტანდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პოლიტიკური ფიგურების დანიშვნებს (გამონაკლისი იყო ჟვანია და ისიც მოკლეს, ისევე როგორც პუტინის შემთხვევაში მოხდა კასიანოვთან მიმართებაში). სააკაშვილის „ტექნოკრატ" პრემიერებად გვევლინებოდნენ: ზურაბ ნოღაიდელი, ლადო გურგენიძე, ნიკა გილაური და ბოლოს „პოლიტიკური გენიალურობის უნიკალური შედევრი" - ვანო მერაბიშვილი. სააკაშვილმა არაფორმალურად შექმნა ე.წ. „პოლიტიკური ბიურო", სადაც  შედიოდნენ არაუმეტეს 5-6 ადამიანი (ძირითადად აღნიშნული კლანების თავკაცები) და იქ  ხდებოდა ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება (მათ შორის 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევა, მასობრივი რეპრესიების განხორციელება, პოლიტიკური მკვლელობების დაგეგმვა  და ა.შ.). სააკაშვილის რეჟიმის „პოლიტბიუროს" წევრები იყვნენ: ვანო მერაბიშვილი, თემურ ალასანია, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ზურაბ ადეიშვილი.


პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა კოპირება:


ვლადიმირ პუტინი თავისი პოლიტიკური ძლიერების გასახანგრძლივებლად მიმართავს რადიკალურ ზომას, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს და წარმოადგენს პირდაპირ კონსტიტუციურ გადატრიალებას. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ პუტინის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო სათათბირო იღებს გადაწყვეტილებას და შეაქვს ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის უფლებამოსილება მართალია დარჩა ორი ვადით, მაგრამ გაიზარდა ოთხწლიანი ვადა ხუთით. პიროვნებას, რომელიც იყო პრეზიდენტად ორი ვადის განმავლობაში, კვლავ შეუძლია დაუბრუნდეს ამ პოსტს კიდევ ორი ვადით, ოღონდ ერთი ვადის გამოკლებით. აღნიშნული ცვლილების მიხედვით 2008-2012 წლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, „პოლიტიკური-ტექნიკური როქირებით" (პოლიტტექნოლოგიური ტრიუკით) ხდება მოქმედი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ხოლო პრეზიდენტი გადადის ამ ვადის განმავლობაში პრემიერ-მინისტრად, თანაც ამ ვადის პერიოდში უფრო გაფართოებული უფლებამოსილებით (ფაქტიურად, ამ ეტაპზე რუსეთი გადადის კონსტიტუციური მოწყობის ნახევრად საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოდელზე). 2012 წლის შემდეგ კი ყველაფერი ისევ ძველი მართვის სისტემაში ბრუნდება და შესაბამისი არის „როქირებაც". ვლადიმირ პუტინი კვლავ იბრუნებს „მონომახის მძიმე ქუდს". ქვეყნის კონსტიტუცია კი ისევ თავისებურად „იკერება და იჭრება" და ერგება ერთ საერთო „თასმას". ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ მოახდინა ქვეყნის მართვის უზურპაცია და მოაქცია პირადი კონტროლის ქვეშ. მან დაამყარა „ხისტი", ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მალე გადავა ტოტალიტარული რეჟიმის სტილზე (ამის ინდიკაციაა ყველა არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის საშუალებების წარმომადგენლების გამოცხადება უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი მცირე ზომით, მაგრამ მაინც იღებენ სხვა ქვეყნების, ძირითადად იგულისხმება „დასავლეთის" სახელმწიფოების ფინანსურ გრანტებსა და სხვა სახის დახმარებებს. (აი, საიდან გაუჩნდა მიხეილ სააკაშვილის „ჯაშუშომანიის" ეპიდემია).


მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად იმეორებს  საქართველოში პუტინის „პოლიტტექნოლოგიურ" ტრიუკს. 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოების დროს, იმის იმედით, რომ ხელისუფლება უკვე საკმაოდ უზურპირებულია და განადგურებულია პოლიტიკური ოპოზიციის ყველა კერა (2011 წლის 26 მაისის თბილისში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ეგიდით გაერთიანებული კოალიციის სამშვიდობო საპროტესტო მიტინგის სისხლიანი მეთოდებით დარბევის შედეგების მიხედვით, სააკაშვილმა ირწმუნა, რომ მან დაამარცხა მისთვის ყველაზე საშიში მტერი - ნინო ბურჯანაძე). ერთი წლით ადრე სააკაშვილის რეჟიმის პოლიტბიურო იღებს გადაწყვეტილებას, თავისი მარიონეტული პოლიტიკური სატელიტების და აგენტი-სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერტების მონაწილეობით დაიწყოს ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალება" და კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების წყალობით, რომელიც დღესაც გრძელდება, მოახდინოს ქვეყნის გადაყვანა ე.წ. „საპარლამენტო მოწყობის" მოდელზე - მორჩილი პარლამენტის, სუსტი პრეზიდენტის (ანუ ქართველი „მედვედევის" - დავით ბაქრაძის ბუტაფორიით) და ძლიერი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.  ფაქტობრივად სააკაშვილმა სცადა გაემეორებინა „პუტინიზაციის" გეგმა საქართველოში, მაგრამ შეცდა. მისი „ხისტი" ავტორიტარული რეჟიმი ხუხულასავით დაემხო პუტინის ანალოგიური რეჟიმისგან განსხვავებით, მაგრამ დარჩა მისი ნარჩენები, რომლებიც დღევანდელ საქართველოს დიდ და საშიშ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნიან.



 

წყარო: postalioni.com



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016