reportiori.ge - „ჩვენი ბოზი ემა“ - ნოველა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 31 მაისი, 2020. 18:02
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ჩვენი ბოზი ემა“ - ნოველა
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 10:43


ბოზი

ვიცოდი, რომ ბოზს ეძახდნენ, მაგრამ არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა...

ის ჩემთვის ერთი ლამაზი და კეთილი ქალბატონი იყო, რომელიც უბნის ბავშვებს მოფერებით „ცუნცულებს" გვეძახდა და ჩვენს დანახვაზე მომხიბვლელად იღიმებოდა...

- ახლოს აღარ გაეკარო ბალღსა, შე უნამუსო! - იყვირა ლამზირა დეიდამ და ემას მიაფურთხა...

- ჭირიანი ხომ არ ვარ, ბავშვს მოვეფერე. რა დავაშავე, ლამზირა, ასეთი?

- არ სჭირდება ჩემს შვილს ბოზების მოფერება! არ აკლია მომფერებლები!

- ბავშვებთან მაინც ნუ მეუბნები ამ სიტყვას, ქალო. ასე რამ გაგაცეცხლა?!

- ცეცხლი და ნავთი არ მოაკლდეს შენს გვარს და მოდგმას დასაწველად! - ცხარობდა გაცოფებული ლამზირა დეიდა და პატარა ნუციკოს სახლისკენ ძალით მიათრევდა...


***


- ბოზები ცუდები არიან? - ინტერესით ვკითხე მამაჩემს და მუხლზე ჩამოვუსკუპდი.

- მაგას მერე გაიგებ...

- როდის?

- როცა დიდი ბიჭი გახდები...

და მეც ველოდებოდი, როდის გავხდებოდი დიდი, რომ გამეგო, რას ნიშნავდა ბოზი...


***

 

დეკემბრის ბოლოს ისე ხვავიანდ ჩამოთოვა, რომ ბავშვები მის საფარში ვიმალებოდით. ჩვენს სიხარულსა და ჟრიამულს საზღვარი არ ჰქონდა. „პალიანკის" გორაკიდან გადაბმული ციგებით ვეშვებოდით და მთელი დღე ასე მატარებლობანას თამაშში გაგვყავდა. მემანქანეებიც მორიგეობით ვიცვლებოდით და აი, ნუცას ჯერიც დადგა...

ქათქათა თოვლი უეცრად გაწითლდა...

კისრიდან შადრევანივით ამოფრქვეულმა სისხლმა ბავშვები ისტერიკაში ჩაგვაგდო და განწირული ხმით აგვაყვირა. ნუცას თვალებმა სიმწრის ცრემლების გადმოდენაც კი ვერ მოასწრო, ისე გაიყინა...

ვიღაც კაცმა მისი უსულო სხეული ხელში აიტაცა და გაიქცა...

მამა გვიან ღამით დაბრუნდა საავადმყოფოდან...

მე თავზე საბანწაფარებული ველოდებოდი მის ხმის გაგონებას და ეს მოლოდინი ტანში მზარავდა: ოღონდაც არა თქვას, რომ მოკვდა, ვფიქრობდი და საუკუნესავით გაწელილ წამებს შინაგანად ვუჯანყდებოდი...

- მშვიდობა თუა ჩვენს თავს? - აკანკალებული ხმით იკითხა დედამ...

- გადარჩა ! - თქვა მამამ და სავარძელზე მოწყეტით დაეშვა.

- დიდება, ღმერთო, შენს ძალას!

-ემამ... ბოზმა ემამ... ის რომ არა...

- რა ემა? ხმა ამოიღე, კაცო?!

- მხოლოდ მას აღმოაჩნდა იმ ჯგუფის სისხლი, რომელიც ბავშვს სჭირდებოდა...

სიხარულისგან მამას კისერზე შემოვეხვიე... ბედნიერი, საწოლიდან საწოლზე დავხტოდი და მთელი ხმით ვყვიროდი

- ნუცა ცოცხალიაა! აი, გავიზრდები და მეც ვიქნები ბოზი! ბოზი, რომელიც ყველაზე კეთილი და მაგარია! თქვენც ხომ ხართ ბოზები? - ვეკითხებოდი ორივეს და ვერ ვხვდებოდი, ისინი რატომ იცინოდნენ და ტიროდნენ ჩემთან ერთად.


***


რამდენიმე წელი იყო გასული... მე და დედა ავტოსადგურში ბილეთების შესაძენად შევედით. სალაროსთან ლამზირა დეიდა შეგვხვდა.

- ლამზირა, რა ხდება, რატომ ხარ შავებში? - იკითხა გაკვირვებულმა დედამ.

- ერთი კვირის წინ ჩვენი ემა გარდაიცვალა აბასთუმანში, ტუბერკულოზით - უპასუხა ლამზირა დეიდამ და თვალზე მომდგარი ცრემლი შავი ხილაბანდით შეიმშრალა.

- რომელი ემა?

- აი ის, ჩვენი ბოზი ემა, ნუციკო სიკვდილს რომ გადაგვირჩინა...

დღემდე გონებიდან არ ამომდის ეს სიტყვები „ჩვენი ბოზი ემა". სიტყვები, რომელიც ერთნაირად იყო გამსჭვალული ტკივილით, სიყვარულით, თანაგრძნობით, სინანულით და მაინც, ემას მნიშვნელოვან ადამიანურ ღირებულებას თან ახლდა დამაკნინებელ სტატუსად - „ბოზი".

თბილისამდე ხმის ამოუღებლად ვიმგზავრეთ მე და დედამ...


***


- ეს არ არის ჩვენი მარშრუტკა...

- ვიცი.

-სად მივდივართ?

- სიონში.

-რატომ?

- ემას სულს სანთელი ავუნთოთ...

- დედა, - სახელოზე მოვქაჩე და შევაჩერე.

- რა გინდა?

- სანთელთან არ თქვა, რომ ემა ბოზი იყო.

დედა ჩემს წინ დაიხარა, თვალებში შემომეხდა და მკითხა:

- შენ უკვე იცი, რას ნიშნავს ეს სიტყვა?

- ვიცი, - ვუპასუხე და მხრებზე მოვეხვიე...

მან მკერდზე მიმიკრა და ჩუმად  ჩამჩურჩულა:

- სანთელმა იცის, რომ ემა ანგელოზია...

დედას ლოყაზე ვაკოცე და ტუჩებით ვიგრძენი ცრემლების სიმლაშე. ის ტიროდა...




ნუგზარ (სულა) სულაშვილი, საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი და ქალაქის მრჩეველთა საბჭოს წევრი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016