reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ვიმარჯვებთ ყველგან, სადაც საქართველოა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 07 ივნისი, 2020. 03:08
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირმა ინაშვილი: ვიმარჯვებთ ყველგან, სადაც საქართველოა!
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 22:02


დრო, რომელშიც ირმა ინაშვილს და მის თაობას მოუწია ცხოვრება, სავსეა საინტერესო და ხშირად საბედისწერო მოვლენებით, რომელთა მიმართ სწორი პოზიციის ჩამოყალიბება უპირველესად სულის სიმტკიცეს მოითხოვს. სწორედ ამ თაობას მოუხდა არაერთი ტრაგედიის საკუთარ თავზე გამოცდა, ტკივილის გადატანა, განსაცდელის გამოვლა და ვინც გადარჩა - გამოიწრთო. ამ მოვლენებმა ადამიანური სისუსტის ბევრი მაგალითიც გვიჩვენა და არაადამიანური სიმტკიცითაც გაგვაოცა.


სწორედ ამგვარი სიმტკიცის მაგალითია ირმა ინაშვილი.



ბავშვობა და პროფესიის არჩევა

 

ექიმ ჯემალ ინაშვილის და ფილოლოგ ნათელა მარტინენკოს ოჯახში ქალ-ვაჟი - ირმა და კოტე იზრდებოდნენ. მშობლებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ პატარებს უპირველესად სამშობლოს სიყვარული შეეგრძნოთ და გულისხმიერ ადამიანებად გაზრდილიყვნენ - მოყვასის სიყვარულს და სიბრალულს ასწავლიდნენ; საქართველოს კუთხეებს აცნობდნენ და ქართველთა ზნე-ჩვეულებებს აზიარებდნენ. ამ წვრთნას, რომელსაც ბუნებაც შველოდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. მამის - უკვე ცნობილი ქირურგის - მიმართ მადლიერი პაციენტების სიყვარული კი კეთილშობილების ყველაზე ნათელი მაგალითი იყო. დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ჟურნალისტების - ირმა და კოტე ინაშვილების საქმიანობას ნათლად დააჩნდა მშობლების ზრუნვა - სწორი ცხოვრებისეული ღირებულებები მათ პროფესიულ საქმიანობაში გამოვლინდა.


ირმა ბავშვობისას ლექსებს წერდა და მცირე მუსიკალურ კომპოზიციებსაც ქმნიდა. კომპოზიტორობაზე ოცნებობდა, თუმცა, ერთმა მოვლენამ დიდი გარდატეხა მოახდინა პატარა გოგონას ცხოვრებაში. ეს იყო პროფესიის არჩევა, პროფესიისა, რომელიც შემდგომ მის ბედისწერად იქცა.


1982 წელს მამამ ჩარგალში, „ვაჟაობაზე" წაიყვანა. 12 წლის სიფრიფანა გოგონა მუსიკის სამყაროში თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდა და ქართული ფოლკლორის შედევრებს ისრუტავდა. მაგრამ საყოველთაო იდილია, უფრო სწორად - ილუზია, რომლის შექმნაზეც მაშინდელი ხელისუფლება საგანგებოდ ზრუნავდა, დაარღვია ახალგაზრდა ქალის გამოსვლამ. სცენაზე იდგა სიმართლით ნათელმოსილი უმშვენიერესი ნაზი შამანაური და დაუნდობლად ამხელდა რეჟიმს, რომლის მსახურთაც ადამიანების ჩაგვრა უზნეობად არ მიაჩნდათ. სულგანაბული უსმენდა პატარა გოგონა და, როცა დაინახა, როგორ გაიყვანეს მილიციამ და ჩინოვნიკებმა ნაზი შამანაური, მისი ვინაობით დაინტერესდა. მამამ აუხსნა, რომ ნაზი სიმართლისთვის იბრძოდა და მათი ნათესავი იყო. ჟურნალისტმა ნაზი შამანაურმა პრინციპები არ დათმო და კომუნისტურ რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა - იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს და მალევე გარდაიცვალა.


ჟურნალისტობა ირმა ინაშვილისთვის სამშობლოს და სიმართლის სამსახურთან გაიგივდა. სწორედ ამ დღემ გადაწყვიტა პროფესიის არჩევანი. თუმცა, მხოლოდ სურვილი არ იყო საკმარისი, ჟურნალისტობა სერიოზულ ცოდნასა და შრომას მოითხოვდა და საქართველოს ისტორიასა და მშობლიურ ლიტერატურას ჩაუღრმავდა. მალე ზოგადი განათლების აუცილებლობაშიც დარწმუნდა და მისი ინტერესის სფეროც გაფართოვდა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ყოველთვის დიდი კონკურსი იყო, მაგრამ ირმას არ გასჭირვებია გამოცდების ჩაბარება. ერთი შეხედვით უდარდელი სტუდენტობის წლებშიც არ სცილდებოდა ფიქრი იმაზე, თუ რატომ აირჩია სწორედ ეს პროფესია - სამშობლოს და ხალხის, სიმართლის და სამართლიანობის სამსახური იყო უპირველესი!



პროფესიული წრთობა... ომში!

 

იმ წლებში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ირმა ინაშვილიც, სხვა სტუდენტებთან ერთად, აქციებს შეუერთდა. მალე საქართველომ სანუკვარი დამოუკიდებლობაც მოიპოვა და ირმას პროფესიამაც განსაკუთრებული ხიბლი შეიძინა. ახალ ქვეყანას სჭირდებოდა ჟურნალისტები სუფთა წარსულითა და სუფთა სინდისით - პატრიოტულად და ეროვნული ღირებულებებით მოაზროვნე ადამიანები, თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო და სწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. მალევე დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთში და ირმას, როგორც ჟურნალისტის, პროფესიული გამოცდის დროც დადგა. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის შტატგარეშე კორესპონდენტმა მიკროფონი აიღო და სოხუმში მოხალისე ჟურნალისტად ჩავიდა. მისი უფროსი კოლეგები გაოცებულები უყურებდნენ, 22 წლის სიფრიფანა გოგონა როგორ ჯიუტად მიიწევდა ფრონტის წინა ხაზზე, როგორ ამზადებდა სიუჟეტებს და როგორ ეხმარებოდა დაჭრილ მებრძოლებს.


ირმა ინაშვილმა თითქმის ერთი წელი გაატარა აფხაზეთში და რეპორტაჟების მომზადების პარალელურად დღიურსაც წერდა. ეს დღიური ახლა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელთან დაბრუნებაც ტკივილს უახლებს. ეს ტკივილი გაუსაძლისია, რადგან აფხაზეთის ომმა მისი მეგობრები და კოლეგები შეიწირა. საომარი მოქმედებების დროს ირმა ინაშვილი ჟურნალისტობას უთავსებდა დაჭრილი მეომრების დახმარებას. ახლა ბევრი ვეტერანი იხსენებს თითისტოლა გოგოს, რომელიც არ უშინდებოდა ტყვიების წვიმას და პროფესიულ მოვალეობასთან ერთად მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენაზეც ზრუნავდა.



ქართველთა გოლგოთა" - ჭუბერის უღელტეხილი

 

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და დაიწყო ქართველთა „გოლგოთა" - ჭუბერის უღელტეხილი. სხვა გზა არ იყო და ირმაც, კოლეგებთან, სამხედროებთან და ათასობით დევნილთან ერთად შეუდგა ტკივილით აღსავსე და ცრემლით მორწყულ გზას, რომელიც მალე ცხედრებითაც მოიფინა. თითქოს სიკვდილიც კი შეძრულიყო ადამიანური ტრაგედიებით. დევნილებს გაჩერების უფლება არ ჰქონდათ, გაჩერება უცილობელ გაყინვას და სიკვდილს ნიშნავდა. და მიდიოდნენ, მიდიოდნენ, მიდიოდნენ... ბოლომდე არც კი ჰქონდათ გააზრებული, რომ მშივრებს და შილიფად ჩაცმულებს სიცივეში 200 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი ფეხით. ვინც გაუძლებდა, გადარჩებოდა.


ირმა ინაშვილს ჭუბერის „გოლგოთაზე" საუბარი არ უყვარს. იმ დღეების გახსენებისას მხოლოდ ადამიანურ თანაგრძნობაზე ამახვილებს ყურადღებას. რასაკვირველია, იყო ეგოიზმის და სისასტიკის ფაქტებიც, მაგრამ ყოველთვის ახსოვდა მამის დარიგება - „ჩვენ, ქართველებს ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ ეს ადამიანთა მოდგმის სისუსტეა და არა მხოლოდ ქართველთათვის დამახასიათებელი..." ამიტომაც გაუძლო გამოცდას ომით, გამოცდას „გოლგოთით", რომელიც წარმატებით ჩააბარა. მხნეობას არ კარგავდა და სხვებსაც ამხნევებდა. ირმას არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი - კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც კი გვიან, სრულიად შემთხვევით შეიტყვეს, როგორ გადაარჩინა გაყინვას ათობით ბავშვი და მოხუცი.


ირმა ინაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში - ომის დროს 20-ზე მეტი რეპორტაჟი და გადაცემათა ციკლი მოამზადა. მსოფლიომ სწორედ ირმა ინაშვილის და მისი კოლეგების კადრებით იხილა აფხაზეთის ომის და ჭუბერის ტრაგედია.


ახლა კი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ არ უყვარს ომზე ლაპარაკი და იმ დღეების გახსენება. წიგნს წერდა და გაჩერდა, გადადო. ყოველწლიურად, სექტემბრის დამლევს, პანაშვიდებს იხდის ომსშეწირულთა სულების მოსახსენებლად. ყველა ქალის და ბავშვის სახე, ყველა რეპლიკა ახსოვს, მაგრამ ომი საკუთარ თავში დამარხა, - ისე სტკივა, რომ მეხსიერებაში გადამალა...



სახელმწიფოს მშენებლობა - შეხვედრები მსოფლიო დედაქალაქებში

 

დამოუკიდებელი საქართველო ომის შემდგომ ჭრილობებს იშუშებდა და სამოქალაქო ომის ქაოსიდან თავის დაღწევას ცდილობდა. ირმა ინაშვილი საქართველოს ტელევიზიას დაუბრუნდა და 1993-2003 წლებში 200-ზე მეტი საავტორო გადაცემა და 30 დოკუმენტური ფილმი მოამზადა. დღეს სხვადასხვა ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის ირმა ინაშვილის ამ გადაცემებისა და ფილმების ფრაგმენტები უძვირფასესი საარქივო მასალაა. იმ წლებში ირმა ინაშვილი ტელევიზიის პუბლიცისტურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა და აქტიურად მონაწილეობდა ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ მისი მნიშვნელობის აღიარებაში. მსოფლიოს ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზულ ფორუმზე განხილულ საკითხებს ქართველი მაყურებელი უმოკლეს დროში ეცნობოდა. საქართველო და ქართველი ხალხიც აქტიურად ჩაერთო მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ირმა ინაშვილი ამ წლებში შეხვდა ჰავიერ სოლანას - ბრიუსელსა და თბილისში, ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშს, მადლენ ოლბრაიტს და კოლინ პაუელს - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, მსოფლიოს სხვა ლიდერებს სხვადასხვა სამიტებზე... ექსკლუზიური ინტერვიუების დროს ირმა ინაშვილის უპირველესი მიზანი იყო, თითოეულ ამ ლიდერს ყურადღება გაემახვილებინა საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე მსოფლიო თანამე-გობრობაში, ჩვენი სამშობლოს გაერთიანებაზე...



ბრძოლა სარწმუნოების დასაცავად

 

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ ირმა ინაშვილი კიდევ ერთი გამოცდისა თუ განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, როცა საქართველოს ტელევიზიის პუბლიცისტური ჯგუფის  ხელმძღვანელი არჩევანის წინაშე დააყენეს - ან უნდა შეესრულებინა „თავისუფლების ინსტიტუტში" მოფიქრებული მზაკვრული გეგმა და ამისკენ მიემართა თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, ანდა - სამსახური დაეტოვებინა. ნაციონალების გეგმა ითვალისწინებდა საქართველოს ეკლესიის და სასულიერო პირთა დისკრედიტაციას და მათ სრულ დამორჩილებას. გეგმის მზაკვრულობა კი გამოიხატებოდა მამათა მონასტრებში - ბერებისა და დედათა მონასტრებში - მონაზვნების განქიქებასა და დაცინვაში, მათ შესახებ ბინძური ჭორების შეთხზვასა და გავრცელებაში.


2004 წელს ირმა ინაშვილი საგანგებოდ გამართულ თათბირზე დაიბარეს ხელისუფლებაში ახალმოსული ძალის იდეოლოგებმა და არჩევანის წინაშე დააყენეს. სწორედ აქ გამოჩნდა, რომ 1982 წელს ნაზი შამანაურის მიერ ჩარგალში წარმოთქმული სიტყვა უკვალოდ არ გამქრალიყო და პატარა გოგონას მეხსიერებაში საფუძვლიანად აღბეჭდილიყო. გაახსენდა ნაზის ბრძოლა უსამართლობასთან და მისი თავგანწირვა. მიხვდა, რომ, თუ ამ გამოცდასა და განსაცდელს დაძლევდა, სწორ გზაზე სვლას განაგრძობდა, ამ გზიდან გადახვევა კი უცილობელ დაღუპვას ნიშნავდა.


ირმა ინაშვილმა მკაცრად და პირუთვნელად, მოურიდებლად მიახალა რეჟიმის იდეოლოგებს, რომ არა მხოლოდ თვითონ და მისი პუბლიცისტური ჯგუფი არ შეასრულებდა ამ ბინძურ დაკვეთას, არამედ არავის მისცემდა უფლებას, გაელანძღვა დედა-ეკლესია და მისი მწყემსმთავარი, ბერ-მონაზვნები, რომლებიც გამუდმებით ლოცულობდნენ საქართველოსთვის.


იდეოლოგები გაწბილებულები დარჩნენ, თუმცა, დაემუქრნენ, რომ ამ სიჯიუტისთვის მკაცრად დაისჯებოდა. ასეც მოხდა - ირმა ინაშვილი ტელევიზიიდან გამოუშვეს. დაიწყო გარდაუვალი ბრძოლა რეჟიმთან, რომლის ბოროტ ზრახვებში დასარწმუნებლად ეს ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო.


სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგები მკაცრად დაუპირისპირდნენ ირმა ინაშვილს. საპასუხოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავისთან მიიწვია ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, დაამშვიდა და დალოცა იგი.




ობიექტივი" - სიმართლის სარკმელი და ბრძოლა უნივერსიტეტისთვის


სააკაშვილის რეჟიმთან და მის იდეოლოგებთან საბრძოლველად საჭირო იყო ჟურნალისტების კონსოლიდაცია და სერიოზული მედიაგაერთიანების შექმნა. 2004 წელს ირმა ინაშვილმა მეგობრებთან, კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა მედიაკავშირი „ობიექტივი", მაგრამ ხელისუფლებამ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა. დაიწყო ბრძოლა სასამართლოს გზით, მაგრამ რეჟიმისგან დაშინებული მოსამართლეები, რომლებსაც აიძულებდნენ, არა მხოლოდ სამოქალაქო საქმეებზე გამოეტანათ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები, არამედ უტიფრად მოითხოვდნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანების მრავალწლიან პატიმრობას, წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ მოძალადეებს. საჭირო იყო მოქმედება. ირმა ინაშვილმა მცირერიცხოვან თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ქუჩის ტელევიზიის ორგანიზება - მზადდებოდა დოკუმენტური ფილმები და ქუჩებში იმართებოდა სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული და ნაწამები ადამიანების შესახებ დოკუმენტური კადრების ჩვენება.


„ობიექტივი" წმინდა ჟურნალისტური პროექტიდან გარდაიქმნა უფლებადამცველ ორგანიზაციად. აქ მოდიოდნენ და შველას ითხოვდნენ რეჟიმისგან დევნილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და მთელი ორგანიზაციებიც კი. „ობიექტივს" მიმართავდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, აკადემიკოსები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, რომლებსაც აუდიტორიებიდან აძევებდნენ.


ხელისუფლებამ დაიწყო უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო ინსტიტუტების განადგურება. ირმა ინაშვილი სათავეში ჩაუდგა ბრძოლას უნივერსიტეტის გადასარჩენად. „ობიექტივმა" მისი ხელმძღვანელობით დაიწყო სპეციალური გადაცემების მომზადება უნივერსიტეტისა და მეცნიერთა დასაცავად. მაგრამ „ობიექტივს" მაუწყებლობის უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომ მზა გადაცემებს სთავაზობდა სხვადასხვა ტელევიზიებს. მეცნიერები დაუფარავად ამხელდნენ რეჟიმის დამანგრეველ ხასიათს.


„ობიექტივში" თავს იყრიდნენ რეჟიმისგან გაწამებული ადამიანები და მოჰქონდათ მათ მიმართ განხორციელებული რეპრესიების ამსახველი დოკუმენტური მასალები. ირმა ინაშვილმა დაიწყო დოკუმენტური ფილმების შექმნა და გავრცელება. საქართველოში ყველამ კარგად იცოდა ნაცრეჟიმის მიერ ჩადენილი ბოროტებების შესახებ, საზღვარგარეთ კი ჯერ კიდევ სჯეროდათ „დემოკრატიის შუქურისა". ირმა ინაშვილი დარწმუნდა, რომ ევროპელ უფლებადამცველებთან კომუნიკაციის გარეშე რეჟიმის დამარცხება გაუჭირდებოდათ. ამიტომაც მეგობრებთან ერთად დაიწყო მიმოწერა და ურთიერთობების დამყარება სტრასბურგსა და ბრიუსელში განთავსებულ უფლებადაცვით ორგანიზაციებთან და შეხვედრებიც დაიგეგმა.



ბრძოლა ნაცრეჟიმთან - გადამწყვეტი ფაზა

 

2009 წლიდან „ობიექტივმა" დაიწყო ჯერ რადიოსიხშირეზე, ხოლო შემდეგ კი ინტერნეტ და სატელევიზიო ეთერში მაუწყებლობა. ეს იყო ერთგვარი შვება დაშინებული საზოგადოებისთვის. თავდაპირველად - ძნელად, შემდეგ კი უფრო თამამად გამოდიოდნენ ადამიანები და პირდაპირ ეთერში დაუფარავად ამხელდნენ სააკაშვილის რეჟიმს.


სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ამ წინააღმდეგობის კერის განეიტრალება, მაგრამ მედიასაშუალებაზე ღია ზეწოლას ვერ ბედავდნენ 2007 წელს „ტელეიმედში" ბარბაროსულად შევარდნის შემდგომი მსოფლიო რეაქციის გამო. ამიტომ დაიწყეს ირმა ინაშვილის დევნა. იგი არაერთხელ გახდა თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. 2008 წელს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ, თან დაემუქრნენ, რომ ჟურნალისტურ და უფლებადაცვით საქმიანობას თუ არ შეწყვეტდა, მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 2009 წელს კი სააკაშვილის სპეცრაზმელებმა ვიდეოკამერა დაუმტვრიეს და კვლავ სასტიკად სცემეს.


ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად, ირმა ინაშვილი რეჟიმთან ბრძოლას განაგრძობდა. იგი სისტემატურად მართავდა საპროტესტო აქციებს პატიმრების უფლებების დასაცავად, რომელთა რაოდენობა 40 ათასს მიუახლოვდა, პრობაციონერთა რაოდენობამ კი 300 ათასს გადააჭარბა. „ობიექტივში" კი უკვე ღიად საუბრობდნენ ციხეებში გამეფებულ სისასტიკესა და არაადამიანურ მოპყრობაზე. ირმა ინაშვილმა პირველმა საჯაროდ წაიკითხა ციხის ჯალათების 29-კაციანი სია, რომელთაგან ახლა ზოგი სასჯელს იხდის, ზოგიც ქვეყნიდან არის გაქცეული და იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.


რეჟიმთან საბრძოლველად საჭირო გახდა კიდევ უფრო მეტი ორგანიზებულობა. 2010 წლიდან ირმა ინაშვილი გახდა „წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და დავით თარხან-მოურავთან ერთად სათავეში ჩაუდგა უკომპრომისო ბრძოლას საქართველოს და ქართველი ხალხის გადასარჩენად. ამ დროიდან დაიწყო ინტენსიური შეხვედრები ევროპელ და ამერიკელ უფლებადამცველებთან და პოლიტიკოსებთან.


საქართველოშიც ყველა მიხვდა, რომ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა და საჭირო იყო ძალისხმევის გაერთიანება. პატრიოტული ძალები „ობიექტივის" და „წინააღმდეგობის მოძრაობის" ირგვლივ შეიკრიბნენ და ერთობლივი ბრძოლის გეგმებიც დაისახა.


„ობიექტივმა" ირმა ინაშვილის, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი უკომპრომისო ჟურნალისტის ინიციატივით დააწესა ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც რეჟიმს არ ეპუებოდა და სიმართლეს ემსახურებოდა.


„ობიექტივი" დღესაც ემსახურება მიზანს, რისთვისაც შეიქმნა. დღესაც გვჭირდება სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. „ობიექტივი" დღესაც ერთადერთი მედიასაშუალებაა, სადაც ხალხს ყოველდღიურად აქვს გამოსვლისა და საკუთარი აზრის შეუზღუდავად გამოთქმის შესაძლებლობა. ასეთი კი, ამ წლების განმავლობაში, ათიათასობითაა. ეს არის ტელე და რადიომაუწყებლობა, სადაც სტუმრებს არ არჩევენ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით და ასზე მეტ წამყვანს არავინ უკვეთავს გადაცემებს; სადაც ყველა თავისუფალია აზრის გამოთქმის დროს. ამიტომაც უყვარს ხალხს „ობიექტივი" - ნამდვილი სახალხო და საზოგადოებრივი მაუწყებლობა. ეს კი ირმა ინაშვილის დამსახურებაა, რომლის ოცნებაც სწორედ ამგვარი ტელევიზიის შექმნა იყო და დიდი ბრძოლების შემდეგ შეძლო.



ციხის კადრები" და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება


2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო აქციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეჟიმთან დაპირისპირება სასურველ შედეგს ვერ ან საკმაოდ გვიან გამოიღებდა და საჭირო იყო პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. ასევე სააკაშვილთან „შეკრული" ძალებისგან პოლიტიკური ველის გასუფთავება. სწორედ ამ დროს, 2011 წლის შემოდგომაზე, პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა ცნობილმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა. მან შემოიკრიბა რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ცალკეული პოლიტიკოსები და „ნაცმოძრაობას" ღიად დაუპირისპირდა.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ნაციონალების კრახით დასრულდა - სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდა. ამ საქმეში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა „ციხის კადრებმა", რომლებიც ირმა ინაშვილმა ბრიუსელიდან გაავრცელა. მან ციხის შემზარავი კადრები და დოკუმენტები ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ევროპელ უფლებადამცველებს და ევროპულ და ამერიკულ მედიაორგანიზაციებს მიაწოდა. კადრების საქართველოდან გატანას ორგანიზებას უწევდა „წინააღმდეგობის მოძრაობის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი.


საქართველოში „ციხის კადრებმა" ნამდვილი შოკი გამოიწვია. ის, რაზეც ირმა ინაშვილი და მისი მეგობრები, „წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერები და წევრები, ყოფილი პატიმრები და პატიმრების ოჯახების წევრები წლების განმავლობაში „ობიექტივის" ეთერით საუბრობდნენ, დოკუმენტურად დადასტურდა. თბილისსა და რეგიონებში იმართებოდა საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადადგომის და ჯალათების დასჯის მოთხოვნით.


ციხეებში წამების კადრები ნახეს გაეროს და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა. 24 აგვისტოს გადაღებულმა ე.წ. კარანტინის დაშლის კადრებმა, რომელიც ირმა ინაშვილმა 18 სექტემბერს ბრიუსელიდან გაავრცელა, ნამდვილი შოკი გამოიწვია და სააკაშვილის ერთგული ლობისტებიც კი განაიარაღა. მათი მხრიდან ნაცრეჟიმის ღიად დაცვა შეუძლებელი გახდა და სააკაშვილმაც აღიარა სისტემური კრახი. ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და უფლებადამცველებმა ნათლად დაინახეს სააკაშვილის რეჟიმის მთელი სისასტიკე და დანაშაულის სისტემურობა, ყურად იღეს ქართველი ხალხის პროტესტი და ნაციონალების ბელადი აიძულეს, არჩევნებში დამარცხებას შეგუებოდა.



აზიზიეს მეჩეთი და ბრძოლა თურქული ექსპანსიის წინააღმდეგ

 

2010 წლის დამლევს „ობიექტივს" და „წინააღმდეგობის მოძრაობას" ქართველმა მუსლიმებმა მიმართეს დახმარების თხოვნით. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თურქეთის ათასობით მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მისცა და მათაც ბათუმში და მთლიანად აჭარაში დამკვიდრება დაიწყეს, თურქეთის ხელისუფლება მოითხოვდა ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებას. თურქეთი მზად იყო, მშენებლობა მთლიანად დაეფინანსებინა და სასულიერო პირებიც გამოეგზავნა მეჩეთში მსახურებისთვის. აჭარის მოსახლეობამ და ქართველმა მუსლიმანებმა სწორედ აქ დაინახეს საფრთხე და ნაღმები საქართველოსთვის.


მედიაკავშირ „ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი და „წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი სათავეში ჩაუდგნენ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს და კატეგორიულად მოითხოვეს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ არ მიეღო თურქეთის წინადადება.


ქართველი მუსლიმები აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, თვითონ, საკუთარი სახსრებით აეშენებინათ მეჩეთი, როცა ამის საჭიროება დადგებოდა. ირმა ინაშვილმა ბათუმში რამდენიმე აქცია გამართა აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ. აქციებზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქართველი მუსლიმები. მოთხოვნები უცვლელი იყო - საქართველოში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენებულიყო, ხოლო ამ საკითხის განხილვისას უპირველესად ქართველი მუსლიმების აზრი უნდა გაეთვალისწინებინათ.


თურქეთის ხელისუფლება საქართველოს ახალი ხელისუფლებისგანაც დაჟინებით მოითხოვდა მეჩეთის აშენებას. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი თვითონ დააფინანსებდა მეჩეთის მშენებლობას და ეს იქნებოდა ქართული ფულით აშენებული მეჩეთი. ირმა ინაშვილმა და „წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერებმა ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩაატარეს. ბათუმში 60 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, უმეტესად მუსლიმანებმა მიიღეს მონაწილეობა სახელობით გამოკითხვაში. ანკეტები რამდენიმე ტომად აიკინძა და საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა.


რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი შეწყდა.


საქართველოში ასეულობით მეჩეთი ააშენეს ჩვენთან მცხოვრებმა მუსლიმებმა და არცერთი მათგანის მშენებლობაზე ერთი აუგი სიტყვაც კი არ უთქვამთ ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს, რადგან ქართული ფულით აშენებული მეჩეთები სჭირდებათ ჩვენს ძმებს - საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს.



საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" შექმნა

 

სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებისა და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ბრძოლა ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად კვლავაც გრძელდებოდა. საჭირო იყო ე. წ. ლიბერალური „ოთხი არა"-ს გაუვნებელყოფა და 9 წლის განმავლობაში დანერგილი იდეოლოგიური კლიშეების მსხვრევა. ამ კლიშეების დამკვიდრებას ცალკეული პოლიტიკური ძალები კვლავაც ცდილობდნენ. ეს „ოთხი არა" არის „არა - სამშობლოს, არა - ეროვნებას, არა - რწმენას და არა - სქესს". ასევე აუცილებელი იყო, რომ ხალხში გაჩენილიყო მომავლის რწმენა - ქართველ კაცს გაეხარა თავის სამშობლოში!


2012 წლის არჩევნების შემდეგ ცხადი გახდა, ხალხი ელოდა პოლიტიკურ ველზე პატრიოტული და ეროვნული პოლიტიკური ძალის გამოჩენას. „წინააღმდეგობის მოძრაობა" პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაიქმნა და 2013 წლის დასაწყისში დაფუძნდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".


„პატრიოტთა ალიანსმა" არაერთი აქცია გამართა დამნაშავეთა დასჯისა და სამართლიანობის დამკვიდრების მოთხოვნით. საპროტესტო აქციები იმართებოდა ახალი ხელისუფლების მთავარი პროკურორის კბილაშვილის და ძველი ხელისუფლებიდან შემორჩენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით. კბილაშვილი მართლაც გადააყენეს, ახლა აღარც კუბლაშვილი ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს.


ასევე აქტიური ბრძოლა დაიწყო და ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მოთხოვნით.


ირმა ინაშვილი ყველა ამ აქციის სათავეებთან იდგა და ჩვეული პრინციპულობითა და პირდაპირობით მოითხოვდა ახალი ხელისუფლებისგან, შეესრულებინა წინასაარჩევნო დაპირებები.


2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" - პოლიტიკურ ველზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი და კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტის სტატუსიც მოიპოვა.



საგარეჯო - ახალი გამოწვევა

 

საგარეჯოელებმა, სახელოვანი ფალავნის - ლევან თედიაშვილის თაოსნობით, ირმა ინაშვილს საგარეჯოში კენჭისყრა შესთავაზეს. დღეს ირმა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. შუალედური საპარლამენტო არჩევნები დაადასტურებს, რომ ირმას და მისი თანამოაზრეთა გუნდის ბრძოლას წლების განმავლობაში ამაოდ არ ჩაუვლია. საგარეჯოელები მხარს უჭერენ ირმა ინაშვილს, ირმა კი ყოველთვის მათ გვერდით იქნება!


აქვე უნდა ითქვას, რომ საგარეჯოს არჩევნები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიდი გამარჯვებისკენ, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი" 2016 წელს მოიპოვებს! და ამ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად მიაღწევს!



ოჯახი - ნავსაყუდელი

 

ყველა ბრძოლაში ირმა ინაშვილის გვერდით იყო მისი ოჯახი. ძმა - კოტე ინაშვილი ერთგულ თანამებრძოლობას უწევდა და კოტეს დიდი დამსახურებაც არის, მსოფლიომ „ციხის კადრები" რომ იხილა. ასევე აქტიურად გულშემატკივრობდა მამა - ცნობილი და ავტორიტეტული ექიმი ჯემალ ინაშვილი, რომელიც ორიოდე წლის წინათ უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა, და დედა - უსათნოესი ქალბატონი ნათელა მარტინენკო, რომელიც შვილიშვილებს მზრუნველობას არ აკლებს.


ირმა ინაშვილი 17 წლის წინ დაოჯახდა. მისი მეუღლე - მხატვარი კახა კევლიშვილი შემოქმედი ადამიანია, თუმცა კარგად ესმის ირმას ბრძოლის მნიშვნელობა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად და, რაც მთავარია, მისი ყველაზე საიმედო დასაყრდენია. ქალ-ვაჟი ჰყავთ - 15 წლის ნინი და 14 წლის დაჩი. ირმას მამამთილი - ცნობილი რადიოჟურნალისტი ილია კევლიშვილი ქართული რადიოს ლეგენდაა.


გაგიკვირდებათ, თუკი ირმა ინაშვილს ოჯახურ და მეგობრების გარემოცვაში ნახავთ - აქ იგი საოცრად მზრუნველი შვილი და დედაა, მეუღლე და დაა, ნათესავი და მეგობარია. ასეთ დროს ბავშვობის პროფესიას - მუსიკოსობასაც იხსენებს და ფორტეპიანოსაც მიუჯდება ხოლმე. ერთი ფორტეპიანო სამსახურშიც აქვს, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ საოცარ კომპოზიციებს ასრულებს - ცნობილი კომპოზიტორებისას თუ საკუთარს. ასეა ოჯახურ და მეგობრულ წრეშიც. ამ დროს ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს ადამიანი სწორედ ის მებრძოლი და შეუპოვარი ირმა ინაშვილია, რომლის გამოჩენაც ბევრ პოლიტიკოსს გასაქცევ კარს აძებნინებს. თუ ჰკითხავთ, სად ურჩევნია ყოფნა, გიპასუხებთ, რომ მისი ცხოვრების ეს ორი მხარე - ბობოქარი საზოგადოებრივი ცხოვრება და ოჯახური იდილია ერთმანეთს ავსებს.


ბევრს აინტერესებს, როგორ ცხოვრობდა ირმა ინაშვილის ოჯახი სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა ჟურნალისტი არ ეგუებოდა იმდროინდელ ტერორსა და დაუნდობლობას და სასტიკად იდევნებოდა. ეს იყო დიდი გაჭირვებისა და ამავდროულად, ურთიერთობების გამოცდის უმძიმესი წლები. მისთვის, როგორც დედისთვის, წარმოუდგენელი იყო იმის გაცნობიერება, რომ არ შეეძლო, ბავშვები ნორმალური საკვებით უზრუნველეყო. ირმამ ხელსაქმეს მოჰკიდა ხელი - მძივებს აკეთებდა და მაღაზიებში აბარებდა. ოჯახს ძალიან უჭირდა და სულ რამდენიმე მეგობარი ეხმარებოდა. ბევრმა თავი შორს დაიჭირა და ირმაც ერიდებოდა მათთან ურთიერთობას, რადგან რეჟიმთან დაპირისპირებულ ჟურნალისტთან სიახლოვის გამო უსათუოდ დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ.


ახლაც, როდესაც ირმა ინაშვილს გაჭირვებულები დახმარების სათხოვნელად მიმართავენ, ყოველთვის გრძნობს, რას განიცდის დედა, რომელსაც შინ მშიერი შვილები ელოდებიან და მათ მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობით არის განმსჭვალული.


ამ მძიმე მდგომარეობას კი ამსუბუქებდა ის დიდი სიყვარული, რომელიც ირმა ინაშვილის და კახა კევლიშვილის ოჯახში სუფევს. ამ სიყვარულმა გაუძლო დროს, გაჭირვებას, დევნას, შევიწროებას და ოჯახი ახლაც გვერდით უდგას ადამიანს, რომელსაც მიუხედავად დაუნდობელი დევნისა და რეპრესიებისა, მიუხედავად არაერთი ბრძოლისა, არასოდეს ავიწყდებოდა და ავიწყდება, რომ უპირველესად, შვილი და დაა, მეუღლე და დედაა...



კოლეგების აღიარება


ახლა, როცა ამ წერილს გაეცანით და მეტ-ნაკლებად წარმოდგენა გაქვთ ირმა ინაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ მას არც კოლეგების და არც სახელმწიფოს მხრიდან ჰქონია აღიარება. ბევრმა მიიღო ჯილდო და პრემია აფხაზეთის ომში მონაწილეობისთვის, ბევრსაც სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილი დაუფასდა, ირმა ინაშვილი კი მუშაობდა, პატიოსნად ემსახურებოდა პროფესიასა და სამშობლოს და არასოდეს დაუწუწუნია. მისმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ, რომ მას არასოდეს მიუღია რაიმე ჯილდო თავისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის სანაცვლოდ. ამის გამო ბევრი გაოცებული შეძახილიც მოუსმენია, თუმცა ირმასთვის ყოველთვის სამშობლო იყო „განსაცვიფრებლად მთავარი"!


მხოლოდ ერთხელ დააფასეს და ამ დაფასებას ახლაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს - რეჟიმთან ბრძოლისა და რეპრესიების დროს, 2005 წელს გადაეცა სიგელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თანადგომისთვის. იმ დროისთვის ირმა ინაშვილის დაჯილდოება სარისკო იყო, მაგრამ ფონდის მესვეურებმა ჟურნალისტს ამაგი არ დაუკარგეს.


2012 წლის ცნობილი მოვლენების და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ კი ყველამ შეამჩნია.


2013 წელს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხოლო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა „ოქროს ფრთით" დააჯილდოვა.


იმავე წელს საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმმა მაღალი კულტურითა და ჟურნალისტური ეთიკით გამორჩეულ, საქართველოს კეთილდღეობაზე მოფიქრალ, უსამართლობასთან, მანკიერებასა და ბოროტებასთან შეურიგებელ მებრძოლ ჟურნალისტს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია მიანიჭა და ბრინჯაოს მედალიონით დააჯილდოვა. ამ დიდი აღიარების დამადასტურებელი სიგელი და მედალიონი ირმა ინაშვილს პირადად გადასცა დიდმა ხელოვანმა მერაბ ბერძენიშვილმა.


ირმა ინაშვილის ღვაწლი საგანგებოდ აღნიშნა თავად-აზნაურთა საკრებულომ და გიორგი სააკაძის მედლით დააჯილდოვა უდრეკი თავდადებისთვის, პროფესიული გმირობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის.


2014 წლის 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ირმა ინაშვილს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა ქართულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და წარმა-ტებული მოღვაწეობისთვის.


გარდაუვალი აღიარება გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა - აღიარება კოლეგებისა და თვალსაჩინო საზოგადოებისგან!


ირმა ინაშვილისთვის კი მთავარი ხალხის ის დიდი სიყვარულია, რომელსაც გრძნობს ყველგან, სადაც საქართველოა!

ირმა ინაშვილი, წლების წინ, მცირერიცხოვან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად შეეჭიდა საქვეყნო საქმეებს, ახლა კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი მრავალრიცხოვან თანამებრძოლთა არმიას მიუძღვება წინ - გამარჯვებისკენ! ეს გამარჯვება ჩვენი სამშობლოს - საქართველოს გამარჯვებამდე მიგვიყვანს!


დაბოლოს: ირმა ინაშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია, საუკეთესო მეგობარი! საქართველოს უმძიმეს წლებში, როდესაც სამშობლოსთვის ბრძოლა დიდ ენერგიასა და თავგანწირვას მოითხოვდა, ირმა ჩვენთვის საიმედო დასაყრდენი იყო და ახლაც ასეა - ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი ენეგიით გვმუხტავს და გვაერთიანებს!


მჯერა, ირმა ინაშვილი ერთგულ მეგობრობას გაუწევს საგარეჯოელებს!


ბონდო მძინარაშვილი,

მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.

 

თბილისი, 2015 წლის 26-27 სექტემბერი

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016