reportiori.ge - 1937 წელი მხოლოდ „კალენდარი“ არ არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 16 ივლისი, 2019. 22:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
1937 წელი მხოლოდ „კალენდარი“ არ არის
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 11:37


ადამიანური ისტორიები.


დიდ მწერალს აქვს ნათქვამი: „...ჭეშმარიტი ნიჭიერება ისეთივე შეუვალია, როგორიც ჭეშმარიტი უნიჭობაო..."


თავს უფლებას მივცემ, გავბედავ და ამ ფრაზას ასე „ვისესხებ": ჭეშმარიტად ვაჟკაცისა და აბსოლუტურად არაკაცის ფსიქიკა და აზრიც - ერთნაირად შეუვალია. პირველს - ბოროტება ვერ ერევა, მეორესთან კი მოწადინებული სიკეთითაც ვერაფერს გააწყობ.


ეს ამბავი ერთი ჩემი ახლო მეგობრისგან მაქვს მოსმენილი და რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ მითბება გული. ულამაზესი ქმნილებაა ადამიანი!


1937 წელი იყო. გურიაში ხე-ტყის დამამზადებელ თუ გადამმუშავებელ კომბინატს ერთი, ყველასათვის საყვარელი, ყველას ხელის გამმართავი და ყველას ჭირის და ლხინის მოზიარე კაცი ხელმძღვანელობდა. ეს გულღია,უებრო მომღერალი, თამადა და, გურიაში რომ იტყვიან, ყველგან გამოსაჩენი ადამიანი უსათნოესი ბავშვური გულუბრყვილობის მატარებელიც ყოფილა.


სამსახურში ფინანსური პრობლემა რომ ჰქონდა, ისეთმა ძმაკაცმა მიაკითხა ერთხელ. იცოდა, ბანკიდან მის ორგანიზაციას დასარიგებელი ხელფასები ჰქონდა გამოტანილი და საკმაოდ დიდი თანხა სთხოვა - ერთი დღის ვადით. რამდენადაც მონაყოლიდან მახსოვს, ფულის მთხოვნელი ყოველდღიურად შემოსული „ხმელი" ფულით ასრულებდა სახელმწიფო გეგმას და სწორედ ეს გეგმა უჭირდა ახლა. „ხმელი" ფულიც შემოსავლის დასადასტურებლად უნდოდა. ეს როგორც მერე გაირკვა, იქ თქვა ასე, თორემ წაღებულ ფულთან ერთად გაქრა და „ჩეკაში" სასწრაფო უსახელო „დანოსიც" დატოვა: ამან და ამან დასარიგებელი ხელფასები მიითვისაო. მიზანი მარტივი იყო. ეს საქმე მხოლოდ ორმა იცოდა. რადგან ფული სეიფში აღარ იდო (ანდა საიდან მოიტანდა წაღებულ უშველებელ თანხას), კომბინატის დირექტორი ისე გაქრებოდა, მამაზეციერის გარდა ფულის გასესხების ამბავი არავის ეცოდინებოდა. არაკაცი კი „სუფთად" გამოვიდოდა საქმიდან.


იმასაც ჰყვებოდნენ თურმე - წამიერად გაუთეთრდა თმა, როგორც კი „ძმაკაცის" ფულიანად გაქცევის ამბავი გაიგო, მაგრამ ეს მიზეზი საჯაროდ არავისთვის გაუმხელია. ეგ იყო მხოლოდ, რომ წარმოების ბუღალტერი დაიბარა, მდგომარეობა აუხსნა და უთხრა: მე აღარ მეშველება, შენ კი, როცა „იქ" დაგიბარებენ - თქვი, რომ სეიფის გასაღები მარტო მე მქონდა და ფულის შესახებ არაფერი იცოდიო.


მეორე დილით სამსახურში მიაკითხა შინსახკომმა. სეიფის გაღება მოსთხოვეს. აი, იმ სეიფის გაღება იყო და, კაბინეტში აქოშინებული ბუღალტერი შევიდა. ხელში სახელფასო უწყისები ეჭირა. „უცხო ხალხთან" ბოდიში მოიხადა და ძალიან უკმაყოფილო სახით უსაყვედურა დირექტორს: დალოცვილო, ჩემი დაღუპვა თუ გინდა, არ ვიცი და ასეთი დაბნეული კაცი რატომ ხარ, ხელფასი რომ აიღე, მოლარეს უწყისზე რატომ არ მოუწერე ხელი?! ამისთვის რას გვიზამენ, ხომ იციო! ისედაც გამშრალმა და ზეზეულად ცოცხალ-მკვდარმა დირექტორმა დაუფიქრებლად აიღო კალმისტარი და...


...იმ კომბინატში სამასამდე ადამიანი მუშაობდა. სამასივე ხელისმოწერით ადასტურებდა, რომ კუთვნილი ხელფასი მიღებული ჰქონდა. მთელი ღამის მანძილზე სოფელ-სოფელ და ეზო-ეზო ურბენიათ ბუღალტერს და მოლარეს. დასამალავი აღარაფერი იყო და ყველას აუხსნეს, რაც მოხდა. სამას კაცში ერთიც არ აღმოჩნდა გამწირავი. დაუჯერებელია, რომ მაშინდელ „ჩეკას" ხეტყის კომბინატში თავისი დამსმენები არ ჰყოლოდა და სწორედ ეს არის ყველაზე უცნაური. თუ ასეა, უწყისში მათი ავტოგრაფიც იყო სხვებთან ერთად. რა სულის მატარებელი უნდა ყოფილიყო ადამიანი, ვის დასაცავად და ვისი გულისთვისაც კარგმა და ცუდმა -  ასე ერთად გამოიდო თავი - 1937 წელს!


მაინც გავამხელ და ვიტყვი - ეს ამბავი ჩემი (ჩვენი) გოგი დოლიძის მონათხრობია. ის კაცი კი მამამისის ბიძაშვილი ყოფილა. მეტი რა ვთქვა?!



წყარო: sputnik-georgia.com, მერაბ ხაჩიძე 


 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016