reportiori.ge - "... ავდგეთ ფეხზე, ვადღეგრძელოთ სწორედ ახლა, ახლა ვინც იბადება..."
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 სექტემბერი, 2018. 21:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
"... ავდგეთ ფეხზე, ვადღეგრძელოთ სწორედ ახლა, ახლა ვინც იბადება..."
02 იანვარი, 2016. 17:01

 

ამ ამბავს „შემთხვევით" შევესწარი. 1979 წლის 31 დეკემბერს ერთ-ერთ  „მთავარ-მისალოც" გადაცემას ტელევიზიის ახალგაზრდული პროგრამების რედაქცია აკეთებდა. წამყვანები მე და ჩემი თაობის კიდევ ერთი მოურჩენელი ტკივილი, უმშვენიერესი ხათუნა დონდუა ვიყავით. გადაცემის ძირითადი ნაწილი რანდენიმე დღით ადრე ჩაიწერა და ტელე-რადიოს შეფმა, ნუგზარ ფოფხაძემ მთავარ რედაქტორს, თენგიზ სულხანიშვილს სთხოვა - დარჩენილი პერიპეტიები საბოლოოდ ერთად გავიაროთო. მის კაბინეტში შევიკრიბეთ. გარშემო სხვაც ბევრი ტრიალებდა. საქმეს მალე მოვრჩით და ის იყო გამოსვლას ვაპირებდით, ნუგზარმა -ჯერ ნუ წახვალთ, ახალ სიმღერას მოგასმენინებთო - გვითხრა. 

 

 

„რაც გვინახავს ისევ ვნახავთ, ნატვრა ჩვენი სიზმარივით ცხადდება..." - იქაურობა მორის ფოცხიშვილის ლამაზ ლექსზე შექმნილი, გიორგი ცაბაძის, ლამაზი მელოდიით აივსო. ცნობილია, რომ ბატონი გიორგი საკუთარი სიმღერების გულიანი შემსრულებელიც იყო, მაგრამ არც ნუგზარ ფოფხაძის აზრის, სურვილის და ფანტაზიის განჭვრეტა-მიხვედრა გახლდათ იოლი. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ სიმღერის პრემიერა  იმ საღამოს „მოამბეში" უნდა გაჟღერებულიყო, რედაქცია გააოგნა. დადგენილი სტერეოტიპის მიხედვით „მოამბეში" სიმღერა „უხერხული" იყო და არ შეიძლებოდა. მით უმეტეს, ცნობილი გახდა, რომ პრემიერა ავტორის „ვოკალის"გარეშე უნდა შემდგარიყო, რამე თუ ნუგზარმა ბრძანა: გოგი დოლიძე მომიძებნეთო.

 

 

გოგი დოლიძე

 

 

კარგად მახსოვს თემურ ჭკუასელის სახე, არც მას აკლია ჭკუა-გონება და მაშინვე მიხვდა - რას აპირებდა მისი შეფი. გოგის მოსვლამდე სჯა-ბაასი და კამათი არ შეწყვეტილა. გიორგი ცაბაძე „ვიღაცა" არ იყო და მისი ნებართვის გარეშე (მაშინ, როცა პირველი ჩანაწერიც მისი იყო) ასეთ ნაბიჯს კომპოზიტორი შეეძლო გაენაწყენებინა. 

 

 

ამასობაში გოგი დოლიძეც გამოჩნდა.სიმღერა მოასმენინეს და ძალიანაც მოეწონა, მაგრამ როცა გაიგო, რომ მას პრემიერა ავტორის სანაცვლოდ უნდა ემღერა და ჩაეწერა, სასტიკ უარზე დადგა. უფრო სწორად მისგან „პრემიერა" გააპროტესტა, თორემ ისიც თქვა: - მშვენიერი სიმღერაა და სხვა დროს ვიმღერებო. არ გაუვიდა არც ეს და არც ის არგუმენტი, „მოამბის" დაწყებამდე სულ რაღაც სამი საათი რჩება და ჩაწერას ვერ მოვასწრებთო. ბოლოს გიორგი ცაბაძის საავტორო  უფლებების დარღვევაც ახსენა. ნუზარს გაეცინა: სიმღერა ტელევიზიას უკვე ნაყიდი აქვს და მისი ეთერში გაშვების უფლებაც - აღებული და მოპოვებული. ეგ კანონი, რომ ვინმეს უფლება არ დაზარალდეს, სხვაზე ნაკლებად არ ვიცი. რაც შეეხება დანარჩენს -მე ვიცი და ცაბაძემო!

 

 

თანაც უნდა იცოდეთ, რომ ნუგზარისა და გოგი ცაბაძის დამოკიდებულება უახლოესი იყო. ხოლო გოგი დოლიძის მასთან მეგობრობა ლეგენდად ახლაც დადის. გოგი ჩაწერაზე დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ეთერში გასვლამდე ავტორიც საქმის კურსში იქნებოდა.რა მომასვენებდა და ბიჭებს ჩამწერ სტუდიაში ჩავყევი. გოგიმ ტექსტი ხელში დაიჭირა. ორჯერ მოისმინა და ერთი ცდით ჩაწერა. ახლაც, ვინც ორივე ვარიანტს მოუსმენს, იოლად მიხვდება, როგორ ცდილობდა შეენარჩუნებინა ის ინტონაცია და „მარილი" ცაბაძის ნამღერში რომ ჟღერდა. როგორც იტყვიან - „ჯერ წესია საქმე" და ნუგზარ ფოფხაძემ გიორგი ცაბაძეს ტელეფონით დაურეკა. არც არავინ აპირებდა მის გარეშე ამ ნაბიჯის გადადგმას, თუ არაფრად ჩათვლით, რომ ცნობილი კომპოზიტორი პირდაპირ ფაქტის წინაშე დადგა. ჩანაწერი მოისმინა.

 

 

კომპოზიტორი გოგი ცაბაძე

 

 

გაბრაზდაო?!  ფოფხაძის ყურთან მიტანილი ტელეფონიდანაც კი ყველას გვესმოდა მისი ხმამაღალი ლაპარაკი. ბოლოს ისიც დაუმატა - საქართველოს ტელევიზია ჩემგან სიმღერის დაწერას ვეღარასდროს ეღირსება. ტყუილად არ შეიწუხოთ თავი შეკვეთებითო და ყურმილი დაუმშვიდობებლად დაკიდა. გოგი გამშრალი იდგა. უხერხული დუმილი გამეფდა. მხოლოდ ნუგზარ ფოფხაძე ინარჩუნებდა მშვიდ ღიმილს. ერთ მომენტში საათს დახედა და  - რაღაც ძალიან გაუგრძელდა ფიქრის დროო - ჩაილაპარაკა. რა საოცარი რამეა ადამიანი.

 

ტელეფონის ზარი გაისმა. ნუგზარმა სელექტორის ღილაკს დააჭირა ხელი და ყველამ გავიგონეთ: მანდ მოსვლას ვერ მოვახერხებ, კიდევ ერთხელ მომასმენინე გოგი დოლიძის ჩანაწერი. იმასაც ვხვდები, შენი ოინბაზობაა ყველაფერი და ეგ ბიჭი არაფერ შუაში იქნებოდა მაგ საქმეშიო - ხმაში სითბო და ღიმილი ერთნაირად ჩანდა და იგრძნობოდა. კიდევ მოისმინა. აღარაფერი უთქვამს მანამდე, ვიდრე „მოამბე" არ დამთავრდა და ისევ დაურეკა ნუგზარს: იცოდი, წინასწარ ნათქვამზე რომ  არ დაგეთანხმებოდი  და ამიტომ მოაწყვე ეს მასკარადი. არც შემცდარხარ. ეს ის შემთხვევაა, როცა კომპოზიტორმა უნდა წეროს და გოგი დოლიძემ უნდა იმღეროს. აშკარად სჯობდა მაგის ნამღერი ჩემსას. მოეფერე და მადლობაც უთხარიო. ისე, ბედნიერებაა შენისთანა ჯიუტი კაცი მაგ ადგილზე რომ მუშაობს და თანაც ჩვენი - კომპოზიტორების მეგობარი და გულშემატკივარი რომ არისო.  გოგის კი, იმ წუთში გიორგი ცაბაძის მოფერება-შექებაზე მეტად „თავსმოხვეული შარიდან" გამოსვლა უხაროდა. 

 

 

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბევრიც ჩაივლის, მაგრამ არ მოიშლება  ყოველ ახალ წელს გოგისგან ტკბილად ნამღერი, გიორგი ცაბაძის თბილი მელოდია და დიდებული მორის ფოცხიშვილის დალოცვა: - "... ავდგეთ ფეხზე, ვადღეგრძელოთ სწორედ ახლა, ახლა ვინც იბადება..."

 

 

 

 

 

 

წყარო:  sputnik-georgia.com

 

 

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016