reportiori.ge - რევაზ რეხვიაშვილი: ერთმა არაკაცმა გამოიხედა და პრეზერვატივები მომიტანეთო, დაიძახა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 25 ივნისი, 2017. 16:03
პრეს-დაიჯესტი
რევაზ რეხვიაშვილი: ერთმა არაკაცმა გამოიხედა და პრეზერვატივები მომიტანეთო, დაიძახა
ავტორი:
26 იანვარი, 2015. 10:50


მეოცნებე ხელისუფლების მთავარი ლოზუნგი, _ სამართლიანობის აღდგენა, შვილმოკლული მამის, იური ვაზაგაშვილის აფეთქებით თითქოს სამუდამოდ დასამარდა. როგორც ამბობენ,  ქვეყანა ნიჰილიზმშია, სასტიკი რეჟიმი რომელიც ივანიშვილის მეშვეობით ხალხმა დაამხო, კვლავ ბობოქრობს და იმუქრება. არადა ხალხის პირველი მოთხოვნა ახალი ხელისუფლების მიმართ, სამართლიანობის აღდგენა და იმ საქმეების გამოძიება-შესწავლა იყო, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებები გამოიკვეთებოდა, მაგრამ „ოცნებამ" ეს არ გააკეთა. ახლა კი, მათი უუნარობის შედეგებს ვიმკით.
რევაზ რეხვიაშვილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს აქციაზე ნიკა კვინტრაძესთან (აქციის მეორე დღეს კვინტრაძე მაღაზიის სახურავზე იპოვეს გარდაცვლილი _რედ.) ერთად იმყოფებოდა, კარგა ხანს ამაოდ ელოდა სიმართლის გარკვევას. მან „ფოსტალიონთან" გაიხსენა, თუ რა გადახდათ იმ საშინელ ღამეს და ცხადია, თავისი ვარაუდებიც გამოთქვა. მონათხრობი შემზარავია, თუმცა ის დღემდე ისევეა გამოუძიებელი, როგორც ბევრი სხვა დანაშაული.



რევაზ რეხვიაშვილი: 



_ მე და ჩემი მეგობარი, 26 მაისის ღამეს მოკლული ნიკა კვინტრაძე, არცერთ პარტიაში არ ვიყავით. გაიხსენოს ყველამ იმ პერიოდის სიტუაცია: ბიძინა ჯერ არ იყო გამოჩენილი. ე.წ.ოპოზიცია ნაცებს ეკეკლუცებოდა (რვიანი და ა.შ.) სრული ნიჰილიზმის, უიმედობის, ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეული უსუსურობის განცდა იყო ხალხში. ნაცებს ბოლომდე ჰქონდათ გაჯეჯილებული. ამიტომაც მივედით 26 მაისს, რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე.



დარბევა რომ დაიწყო, მე და ნიკა #1 საშუალო სკოლასა და მთავრობის სახლს შორის ვიდექით. ისეთი რაოდენობის გაზი და რეზინის ტყვიები წამოვიდა ჩვენსკენ, გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. თანაც სპეცრაზმის რაოდენობა აშკარად დიდი გახლდათ და ყველა მხრიდან ალყაში აღმოვჩნდით. მეტროს მიმართულებით დავიწყეთ სიარული (იქ რომ კიბეები ადის, იქიდან გვინდოდა გაღწევა). არ მისული მეტრომდე, ასე 20-30 მეტრში კიბეებიდან შავებში ჩაცმული ზონდერები ჩამოვიდნენ და სრულ ალყაში მოგვაქციეს.1 კაცზე 5-6 ზონდერი მოდიოდა.



_ თქვენკენ წამოვიდნენ?


_ დიახ, ცოფიანებივით გვეცნენ, წაგვაქციეს, ხელები უკან შეგვიკრეს და უმოწყალოდ დაგვიწყეს ცემა. ვგრძნობდი, ნელ-ნელა გონება რომ მეკარგებოდა (ხმები შორიდან მესმოდა და დარტყმებსაც ისე მტკივნეულად უკვე ვეღარ ვგრძნობდი). ქაშვეთისკენ შევტრიალდი და გულში წმინდა გიორგის ტროპარის კითხვა დავიწყე, ქვეცნობიერად, როგორც სიკვდილის წინ,  უცებ ვიღაცამ ღონიერი ხელი მომკიდა და ძლივს-ძლივობით წამომაყენა, თან ზონდერებს დაუყვირა: რას შვრებით, კლავთ კაცსო?! იმათ კიდევ, მოკვდეს ამის ასე და ისეო....



_ ვინ იყო ეს კაცი გახსოვთ?



_ ვერაფერს ვხედავდი და ვერც გავარჩიე ვინ იყო ჩემი დამხმარე. ჩინიანი რომ იყო, იმაზე შეეტყო, რომ ზონდერები მართლაც შემეშვნენ. მან თავისუფლების მოედნამდე ასე ხელჩავლებული გამიყვანა და ყველაზე ნაკლებად აგრესიულებს, პატრულს მიმაბარა. თან უთხრა _ ხელი აღარ დააკაროთ, ცოდვა არ დაიდოთ, ისედაც ბევრი მოხვდა და არ შემოგაკვდეთო.



218e447b8cb9



251857_222658487762625_100000554271500_888973_5494371_n

.

არ ვიცი ვინ იყო და რატომ მოიქცა ასე. ძალიან მაინტერესებს დღესაც, რა მოტივი ამოძრავებდა. სამწუხაროდ ნიკას არ ერგო წილად ასეთი ადამიანი და მოკლეს კიდევაც....

.


e1839ce18398e18399e18390 .



ყვითელი ავტობუსები ჰყავდათ მომარაგებული მოედანზე და იქ შეგვყარეს ნახირივით. პოლიციის სამმართველომდე ავტობუსშიც მიდიოდა დარტყმა და შეურაცხყოფა, აგრეთვე „დუბინკებით" ცემა და გინება. ასე სამხედრო ტყვეებს თუ ექცევიან აფრიკულ ტომებში. სამმართველოში, მე-5 სართულზე აგვიყვანეს და იატაკზე დაგვყარეს. პარტიის აქტივისტებს, ვისაც სახეზე ცნობდნენ, ოთახებში მიათრევდნენ და მერე იქიდან კივილის ხმები გამოდიოდა. ერთმა არაკაცმა გამოიხედა და პრეზერვატივები მომიტანეთ ბლომადო, დაიძახა. ალბათ, გარეთ მყოფთა დასაშინებლად და ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის იყო ნათქვამი. წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. ამ დროს ერთი ჩემი ხნის პოლიციელი მოვიდა, რა გინდა ფანჯარასთანო?! _ მკითხა. ვეღარ ვსუნთქავ მეთქი. სისულელე არ ქნა რამეო და ხელი წამავლო, _ ამ კაცს მე დავკითხავო და პატარა ოთახში შემიყვანა. _ ვაკეში ვმუშაობდი კაი ხანს, გიცნობ ნორმალური ბიჭი ხარ და ამ გაუგებრობაში როგორ მოხდიო?_ კვლავ შემეკითხა. რა უნდა მეთქვა, ჩამეცინა. ხელებზე მარყუჟი მომხსნა და წინიდან შემიკრა, ლაითად. წყალი დამალევინა და სიგარეტი მომაწევინა და რა მითხრა იცით, ვინმე თუ შემოვიდა გინებას დაგიწყებ იმის გასაგონად და არ გაგიტყდესო. „პასტანოვკა" იყო ზემოდან ასეთი, არანაირი დანდობა და შეცოდება! არ შემიძლია სასწრაფო დახმარების ექიმებზეც არ ვთქვა ორიოდე სიტყვა: ისინი .სამმართველოშიც მოვიდნენ. დაკავებულებიდან ზოგს თავი ჰქონდა გატეხილი, ერთისთვის თვალი ამოეგდოთ და როცა უხვევდნენ დასძახოდნენ :- უარესის ღირსები ხართ, რას მიეთრეოდითო. გავგიჟდი, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ექიმი ქალები.



მერე სამმართველოში მოიყვანეს რაიონის ოპერმუშაკები და უბნის ინსპექტორები, რომლებმაც დაკავების ოქმები დაგვიწერეს. დილის 9-ზე ისევ შეგვყარეს ავტობუსებში და სასამართლოში გადაგვიყვანეს. ნიკას სულ ვეძებდი, მაგრამ არსად ჩანდა. სასამართლოში ზოგს 400 ლარიანი ჯარიმა,ზოგს ათდღიანი ან ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მე 400 ლარიანით გამომიშვეს. სახლში მოვედი და ეგრევე დავწექი. ტანი სულ დალურჯებული მქონდა, თავზე 5 თუ 6 დიდი კოპი მეჯდა. მხედველობის გაუარესება დამეწყო, რაც აქამდე მომყვება. ამ ყველაფერს კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ის, რაც ტელევიზიით ხდებოდა, აუტანელი იყო. რუსთაველზე, სისხლის გუბეებზე პარადი ჩაატარეს. „კლოუნი" მიშა ბაქიბუქობდა _ მტერი დავამარცხეთ გუშინო. ყველაზე უფრო შემზარავად მაინც ის მომეჩვენა, ხალხი ბავშვებს რომ დაასეირნებდა რუსთაველზე ბუშტებით ხელში და გაბადრული სახეები რომ ჰქონდათ. ვფიქრობდი, ან მე გავგიჟდი, ან ესენი-მეთქი. თან ვერსად ვრეკავდი, რადგან მობილური წამართვეს ამ მათხოვრებმა.



_ ნიკას ამბავი როგორ შეიტყეთ?



_ სახლის ტელეფონზე ახლობელმა დამირეკა, ნიკას ამბავი ხომ არ იცი, ოჯახი ნერვიულობსო. ვუთხარი, სამმართველო გადავსებული იყო, შეიძლება რაიონებში რომ გადაანაწილეს დაკავებულები, იმათში მოხვდა, ნუ ნერვიულობენ, მაგასაც გამოუშვებენ მეთქი. მეორე დღეს თანაკლასელმა, „ჭარხალამ" დამირეკა და ნიკას დაღუპვის ამბავი მითხრა. გაჭირვებით წავედი ასათიანის ქუჩაზე, პროზექტურაში და ვნახე საცოდავი. ეზოში ბიჭები შემომეხვივნენ და მომაყოლეს რა როგორ იყო. იქვე იყვნენ მაესტროს ჟურნალისტები და ამ საუბარს ისმენდნენ. მერე ერთმა მითხრა, ბატონო რეზო, იგივეს თუ გაიმეორებთ მიკროფონში, დღესვე გავუშვებთო. არც მიფიქრია, ეგრევე დავთანხდი და დაიწყო პრესი  -  სახლთან, დედაჩემთან „კუდი" „სადკაც". მე ბავშვობის მეგობართან, „ჩაქუჩასთან" ვიმალებოდი. მერე ნანა კაკაბაძე ნახეს ბიჭებმა, ასევე ჩვენი თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი. ნანამ გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა და შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა. დიდი მადლობა მას. გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საელჩოში მივიდა, იმათ წერილები გაუგზავნეს მიშას ადმინისტრაციას და შს სამინისტროს. უთხრეს, საქმის კურსში ვართ, რაიმე თუ დაემართება, ჩავთვლით რომ თქვენი გაკეთებული იქნებაო. მოკლედ მაგათი თავდებით მივედი პოლიციაში. ჟურნალისტებიც მომყვნენ და ჩვენება ჩამომართვეს.



.

5314imedi29-05-2013_14_15_34



ფიზიკურად ვეღარ შემეხნენ, მაგრამ ვაჭრობა დამიწყეს _ თუ დაწერ, რომ დაინახე ნიკა როგორ ადიოდა სახურავზე და მედიაშიც საჯაროდ იგივეს განაცხადებ, ჩვენ ვიცით შენი პატივისცემაო. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. ასე გამომიშვეს. საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელმა უთხრა ნანას _ აშკარად ვეღარ შეეხებიან, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად იყოს, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელიო. გაეროს წარმომადგენლებისა და საფრანგეთის მთავრობისგან განსხვავებით, ,ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა იცი რა უთხრა ნანას, რას მიდიოდა მიტინგზე, იქ რა უნდოდაო?!
2012 წლის ოქტომბრამდე ნახევრად არალეგალურად ვცხოვრობდი. არჩევნების მერე კი ერთხელ დამიბარეს პროკურატურაში და ერთხელაც შსს-ში, ესეც ზრდილობისთვის, მერე არავინ შემხმიანებია.


1477940_685335224831694_998297838_n


.

_ მას მერე არსად შეხვედრილხართ ვინც სამმართველოში ასე სასტიკად მოგექცათ?



_ არა. ეგენი ხომ პოლიციელები არ იყვნენ... თანაც ისეთი ნაცემი ვიყავი, მათი სახეები ვერ დავაფიქსირე. სხვათაშორის, ნაღდი პოლიციელები ბევრად უფრო ნორმალურად იქცეოდნენ, ვიდრე ის არაკაცები და არაადამიანები. როგორც მერე, ისევ ხალხისგან გავიგე, მანიაკი ახალაიას, უდესიანის და რურუას ზონდერები იყვნენ. უბედურება ის არის, რომ არჩევნების მერე, ისევ იმდროინდელი ხალხი იძიებდა ჩვენს საქმეს. პროკურატურაში ბოლოს რომ ვიყავი, პირველად იქ გამიჩნდა უნდობლობის გრძნობა. აბა თქვენ მითხარით, მგავსი საქმე რომელი გამოიძიეს?! არცერთი. ნიკას მამამ ინერვიულა და ორი მიცვალებული, ერთმანეთის მიყოლებით გაასვენა ოჯახმა.



_ თქვენი აზრით, ნიკა ცემაში შემოაკვდათ?



_ დიახ. ან იქ, ანდაც პოლიციის შენობაში. აღლუმის მეორე დღეს კი, მიიტანეს და დადეს მეტროს გვერდით, მაღაზიის სახურავზე. აი, ეს არის სიმართლე.





(წყარო:postalioni.com)

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016