reportiori.ge - „ნაცმოძრაობის“, ალასანიას და ოქრუაშვილის ალიანსი „ოცნების“ წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019. 06:32
პრეს-დაიჯესტი
„ნაცმოძრაობის“, ალასანიას და ოქრუაშვილის ალიანსი „ოცნების“ წინააღმდეგ
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 12:33

 

 

გორის პრეცედენტი - ახალმა კოალიციურმა უმრავლესობამ მმართველ კოალიციას ძალაუფლება წაართვა.


გორში პრაქტიკულად „ხავერდოვანი გადატრიალება" მოხდა - ქალაქის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ", ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა" და ირაკლი ოქრუაშვილის „ქართულმა პარტიამ" კოალიციური უმრავლესობა შექმნეს და „ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაცილეს - გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან გადააყენეს.


კენჭისყრაში მონაწილეობა 15-დან რვა დეპუტატმა მიიღო, შვიდმა კი მონაწილეობაზე უარი განაცხადა.


ცნობისათვის, გორის 15-კაციან საკრებულოში 5 დეპუტატი კოალიცია „ქართული ოცნების"" წევრია, 4 წევრი ირაკლი ოქრუაშვილის „ქართულ პარტიას" ჰყავს, 2 - „თავისუფალ დემოკრატებს", 1 - „ნაციონალურ მოძრაობას", 1 - „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას", 1 - ლეიბორისტულ პარტიას და 1 უპარტიო დეპუტატია, რომელმაც დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა „ოცნების" ფრაქცია.


საკრებულოში „ოცნებამ" უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში გადავიდნენ. ხოლო 4 იანვარს კოალიცია „ქართული ოცნება" საკრებულოს კიდევ ერთ-ერთმა წევრმა დატოვა - იოსებ ფალელაშვილი ჯერჯერობით არც ერთ პარტიაში გაერთიანებული არაა, თუმცა საკუთარი ხმა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ გამოიყენა.


ერთმანეთისგან განსხვავებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გორის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება საკრებულოს აპარატში ჯერ კიდევ შემოდგომით შეიტანეს, თუმცა პროცესი შეჩერდა და მათი იმპიჩმენტის საკითხი არ დამდგარა. ახალი თვითმმართველობის პირობებში, შესაძლოა, პრეცედენტული აღმოჩნდეს და გორში წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელობა ოპოზიციამ აიღოს ხელში. დადგება თუ არა მერის იმპიჩმენტის საკითხი, ოპოზიცია ამაზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა, როგორც „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, არაფერს არ გამორიცხავენ.


რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ოპოზიცია ჯერჯერობით არ ასახელებს. თუმცა „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ახალი კანდიდატი შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიიდან" იყოს.


„გორში ხელისუფლებისთვის ვითარება საკმაოდ რთულია. „ქართულმა ოცნებამ" საკრებულოში უმრავლესობა დიდი ხანია დაკარგა. სანამ პარტია კიდევ ერთმა წევრმა არ დატოვა, სტატუს-კვოს საკრებულოს ბურჯანაძის „დემოკრატების" და „ლეიბორისტი" წევრებით ინარჩუნებდნენ.

 

ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. სავარაუდოდ მის ბედს კომისიის თავმჯდომარეებიც გაიზიარებენ.


ახალი თავმჯდომრის ასარჩევად, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე საჭირო ხმები არავის არ აქვს. ამიტომ ის პარტიები, რომლებმაც თავმჯდომრის გადადგომა მოითხოვეს, სრულიად საკმარია, ანუ ჯამში 8 კაცი. სავარაუდოდ გორის საკრებულოს თავმჯდომრის კანდიდატი „ქართული პარტიიდან" იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


როგორც „ქართული პარტიის" წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ილია მეტრეველი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ოპოზიციის გაერთიანება მას შემდეგ მოხდა, რაც „თავისუფლმა დემოკრატებმა" „ქართული ოცნება" დატოვა.


„ოპოზიციის გაერთიანება იმ საქმიანობამ გამოიწვია, რასაც გორის მერია და საკრებულოს ხელმძღვანელობა აკეთებდა. ქალაქს ცოტა სხვანაირი მუშაობა და მიდგომა სჭირდება. ამ ყველაფერმა გაგვაერთიანდა.


არჩევნებამდე გორის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის გამჟღავნებას არ ვაპირებ. თუმცა, გორის საკრებულოში ამჟამად ჩვენი ფრაქცია ყველაზე დიდია. რაც შეეხება მერის იმპიჩმენტს, ამ საკითხს ვერც დავადასტურებ და ვერ უარვყოფ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, გამორიცხული არაფერი არ არის", - აღნიშნა მეტრეველმა.


გორის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" მინდია გოდერძიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას თავმჯდომარის კანდიდატზე საუბრისგან თავს იკავებს.


„ჯერჯერობით კანდიდატებზე საუბარისგან თავს შევიკავებ. ოპოზიცია კონკრეტული საკითხის მიმართ გაერთიანდა. ვთვლით, რომ ჩვენ სხვადასხვა საკითხთან გადაწყვეტილებების მიღებაში გაცილებით უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე ცენტრალურ აპარატს დამოკიდებული პირები. მთელი რიგი საქმეები გადასახედია და სხვანაირი თვალითაა დასანახი", - განაცხადა გოდერძიშვილმა.


როგორც „თავისუფალი დემოკრატების" გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ოპოზიცია კანდიდატებზე შეთანხმებული უკვე არის, თუმცა დასახელებისგან თავს იკავებს.


„როდესაც საკითხი იმპიჩმენტამდე მივიდა, საკრებულოს წევრების მიმართ გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ჩვენ თითქმის ყველა საელჩო და დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ პირველ ეტაპზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ამის გამო თავს დავიზღვევთ და კანდიდატს ჯერჯერობით არ დავასახლებ.

 

ერთ-ერთი ბოლო მიზეზი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა, ისაა, რომ ბიუჯეტის მისაღებად რიგგარეშე სხდომა არ დანიშნა. თავმჯდომარეს შეეძლო და ვალდებულიც იყო, რომ რიგგარეშე სხდომა დაენიშნა", - განაცხადა თედლიაშვილმა.


საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნების"" წევრი პაპუნა კობერიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება იმას მოწმობს, რომ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს.


„2012 წელს ხელისუფლებაში იმიტომ მოვედით, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყოფილიყო, რასაც ეს გორში მიმდინარე პროცესიც ადასტურებს. ყველა დამეთანხმება, რომ წინა ხელისუფლების დროს პროცესი აქამდე ვერ მივიდოდა.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესების მიღმა სხვა საქმეა. პარტიებმა გაერთიანება იმისათვის მოახდინეს, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. ესენი არიან „ქართული პარტია", „ნაციონალური მოძრაობა", „თავისუფალი დემოკრატები" და კოალიციის ერთი წევრი, რომელმაც ფრაქცია დატოვა. დანარჩენი უკვე მკითხველმა უნდა შეაფასოს, თუ ეს რა ძალებმა მოახდინეს.

 

მინდა გითხრათ, რომ ეს საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა. ეს ყველაფერი გორელების დაკვეთა რომ ყოფილიყო, გადადგომის შესახებ განცხადებას თავად გავაკეთებდი. ვიღაცების მიერ მართული წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესია", - აღნიშნა კობერიძემ.


როგორც „ქართული ოცნების" წევრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, გორში მიმდინარე პროცესები ეტაპობრივად შექმნილი და დამძიმებული სიტუაციის შედეგია.


„ესაა ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნილი და დამძიმებული სიტუაცია, რომელმაც დღეს უბრალოდ საზოგადოებას დაანახა, რომ მოხდა პრეცედენტული გადაწყვეტილება და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" გორში ჯერ უმრავლესობა და შემდეგ მმართველობაში თავისი კადრი დაკარგა.


დაახლოებით ერთი კვირის წინ ადგილობრივ ტელევიზიაში ვრცელი საჯარო გამოსვლა მქონდა, სადაც რისკებზე და შექმნილ სიტუაციაზე ვისაუბრე. მაშინ განვაცხადე, რომ ეს პროცესი იმპიჩმენტამდე მივა, შემდეგი კი გორის მერი იქნება.

 

საჯაროდ ვიძახი, რომ მმართველობაში და მენეჯმენტში ბევრი ცვლილებაა შესატანი როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფების დონეზე. შეცდომებიც ბევრი მოგვდის, განსაკუთრებით საკადრო. ამის იქით არ მინდა წავიდე, რადგან ვითარება დამატებითი ანალიზის საჭიროებას განაპირობებს და არ მინდა, კიდევ უფრო დავამძიმო შექმნილი სიტუაცია, რომელიც გორის საკრებულოშია შექმნილი", - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.


მისი თქმით, იმის გამო რომ გორში პოლიტიკური ძალთა ბალანსი შეიცვალა, შესაძლოა, მერის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.

 

„მერთან მიმართებაში ხმათა 2/3 სჭირდებათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ", რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ოქრუაშვილის პარტიასთან და „თავისუფლ დემოკრატებთან" ერთად დააანონსეს, რომ შემდეგი ნაბიჯი მერის იმპიჩმენტი უნდა იყოს. თუ ქმედითი ზომები არ გატარდება, ბუნებერივია, იმპიჩმენტი შესაძლოა განხორციელდეს. ვინაიდან ადამიანები, რომლებიც თავიანთი დაშვებულ შეცდომების შედეგად დამდგარ რეალობას ვერ აცნობიერებენ, ისინი შეცდომებს ალბათ მომავალშიც დაუშვებენ", - აღნიშნა ვახტანგაშვილმა.




წყარო: resonancedaily.com


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016