reportiori.ge - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მძღოლმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2020. 03:21
პრეს-დაიჯესტი
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მძღოლმა!
ავტორი:
05 დეკემბერი, 2013. 17:50

31 ოქტომბერს ბათუმში დიდი სისწრაფით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, რა დროსაც ის ადგილზევე გარდაიცვალა... ორიოდე დღეში, 3 ნოემბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი „მერსედესის" მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ „ოპელის" მარკის ავტომობილს შეეძახა. ავარიის შედეგად „მერსედესის" 2 მგზავრი (ქალები) გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მსგავს ინფორმაციებს, ხშირად მოისმენთ მედიასაშუალებებით, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთებზე, უფრო სწორად კი აჭარისა და გურიის რეგიონში მალე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას ვარაუდობენ. აღნიშნულ პერიმეტრზე უკვე დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდავი რადარები. მსგავსი მოწყობილობები რამდენიმე თვეა, წარმატებით მუშაობს დედაქალაქში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ და გარდაცვალების რიცხვმა საგრძნობლად იკლო. გარდა ე. წ. რადარებისა, მძღოლებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება ისიც, რა სახის მოძრაობის წესების დარღვევაზე მცირდება ჯარიმები. ამ თემებზე „პრაიმტაიმი" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ლევან მაჭავარიანს ესაუბრება.


- ბატონო ლევან, პირველ რიგში, გკითხავთ, სულ რამდენი რადარი მოქმედებს თბილისის მასშტაბით?

- ჩვენ თბილისში ავარჩიეთ 29 ადგილი, სადაც მოძრაობას ჰქონდა გარკვეული პრობლემები და დავიწყეთ ამ ადგილებში რადარების მონტაჟი. ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს 17 რადარი და გრძელდება დანარჩენის დამონტაჟება.

 

- და რა შედეგი მოგცათ ამან?

- ამ რადარების მუშაობამ უკვე გამოიღო დადებითი შედეგი. როდესაც ჩვენ შევადარეთ წლევანდელი მონაცემები გასული წლის პერიოდს, როდესაც არ იყო რადარები, ვნახეთ, რომ ამ ადგილებში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 80 პროცენტით იკლო, ცალსახად დადებითი შედეგია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ის შემცირდა 85 პროცენტით, თბილისის მასშტაბით კი იმ ადგილებში, სადაც რადარები დამონტაჟდა, შარშან დაიღუპა 39 ადამიანი, წელს მხოლოდ ექვსი. ნოემბერში კი საერთოდ არ ყოფილა მძიმე შემთხვევიანი საგზაო შემთხვევა. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით. ჩვენ ეტაპობრივად ვავრცელებთ ამ სერვისს მთელ საქართველოში. აჭარა-გურიაში სატესტო რეჟიმში უკვე დავამონტაჟეთ რადარები და პირველი დეკემბრიდან სრული დატვირთვით ამუშავდა.

 

- რა კრიტერიუმით არჩევთ იმ ადგილებს, სადაც რადარები მონტაჟდება?

- ეს არის მაღალი რისკის მქონე ადგილები, საგზაო ინციდენტების რაოდენობისა და მძღოლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევებიდან გამომდინარე. ასეთი ადგილები გამოვკვეთეთ, როგორც მაღალი რისკის ზონა. მაგალითად, ვერეს ხეობა, სადაც ხდებოდა თავაშვებული მოძრაობა. რადარების დამონტაჟების შემდეგ შედარებით დარეგულირდა. ეს არის კარგად აპრობირებული მექანიზმი ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში.

 

- ალბათ, ამით საპატრულო პოლიციის რესურსსაც დაზოგავთ...

- რასაკვირველია. ამით დავზოგავთ საპატრულო პოლიციის რესურსს, რასაც სხვა მიმართულებით გამოვიყენებთ. უფრო მეტი დატვირთვით მოვემსახურებით სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად, ოჯახურ ძალადობას და ა.შ. როგორც უკვე გითხარით, გეგმაში გვაქვს, მოვიცვათ მთელი საქართველო. ეს არის პერმანენტული პროცესი. გარდა რადარებისა, როგორც იცით, მოქმედებს სპეციალური კამერები, რომელიც არეგულირებს საგზაო მოძრაობის წესებს. ასეთი კამერები მხოლოდ თბილისის მასშტაბით 600-ს აღწევს. საერთო ჯამში, ეს არის კომფორტი როგორც პოლიციისთვის, ისე მოქალაქეებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონის ამაღლებას. რადარებიც ამ თემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

 

- რაც შეეხება ჯარიმებს...  როგორც ვიცით, პარლამენტი გარკვეულ ცვლილებებზე მუშაობს...

- ჩვენ მოვამზადეთ ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, მისი უშუალო ინიციატივით. ეს პაკეტი განსახილველად გადაგზავნილია პარლამენტში. როდესაც პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, ჯარიმის ზედა ზღვარი საგრძნობლად იქნება დაწეული. მაგალითად, ე.წ. რადარის ჯარიმა, ანუ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის ოდენობა დაიწევს 100 ლარიდან 50 ლარამდე. დღეს ნებისმიერ გადაჭარბებაზე ჯარიმა 100 ლარით განისაზღვრება, რაც ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწვება საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ბიუჯეტს. იმისთვის, რომ ჯარიმას დარჩეს რაღაც ტიპის აღმზრდელობითი პროცესი, შემოვიფარგლეთ 50-ლარიანი ჯარიმით, რომელიც საგრძნობია ბიუჯეტისთვის, მაგრამ არ არის დამაქცეველი მოქალაქისთვის. ასევე, დაიწევს ჯარიმა ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის. დღეის მდგომარეობით, ღერძულა ხაზის გადაკვეთა ისჯება 100-ლარიანი ჯარიმით, ყოველი შემდეგი გადაკვეთა კი - 200-ლარიანით. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ესეც სცილდება გარკვეულ ლოგიკას და ასევე, გავანახევრეთ ჯარიმის ოდენობა.

 

- თუმცა წარმოდგენილი პროექტით, პირიქით, მკაცრდება სანქცია ნასვამი მძღოლების მიმართ...

- დიახ, ჩვენ, ერთი მხრივ, წავედით ლიბერალიზაციისკენ, მაგრამ, მეორე მხრივ, მტკიცედ დავიცავით მკაცრი მიდგომა სიმთვრალესთან დაკავშირებით. დღეს ნასვამი მძღოლი 200-ლარიანი ჯარიმით ისჯება, ცვლილებების შემდეგ კი პირდაპირ მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. ის, რაც გაუმართლებლად მკაცრია და არ მუშაობს საზოგადოების საკეთილდღეოდ და იძენს რეპრესიულ ხასიათს, რა თქმა უნდა, შეიცვლება, მაგრამ კიდევ უფრო გამკაცრდება მიდგომა ნასვამ მძღოლებთან მიმართებაში, რომელიც ნამდვილად პრობლემაა და აქ რაიმე შერბილება, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა.

 

- შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენს შედაგენს ჯარიმებიდან შემოსული თანხა თუნდაც ბოლო კვარტალოში?

- ჯარიმებიდან შემოსული თანხა არ აისახება საპატრულო პოლიციაზე, ის პირდაპირ მიდის ბიუჯეტში. კარგი კითხვაა, რადგან ამაზე საზოგადოების ნაწილში არსებობს მითი, რომ თითქოს, რაც უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს პატრული, მით  უკეთესია მისთვის და რომ თითქოს ეს აისახება მის ხელფასზე. ხაზგასმით მინდა ვუთხრა თქვენს მკითხველსა და მთლიანად საქართველოსაც, რომ არც ერთი თეთრი ჯარიმებიდან არ შემოდის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და ეს არ აისახება პატრულის წახალისებაზე, ხელფასზე ან პრემიაზე... ჩვენი ხელფასი არის სტანდარტული, პატრულის წახალისება ხდება არა იმით, რამდენ ჯარიმას გამოწერს, არამედ იმით, რამდენად წარმატებულად იმუშავებს ის და ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, შეფასების კრიტერიუმები პროფესიონალიზმია და არა ჯარიმების რაოდენობა. ეს გაბატონებული აზრი, ალბათ, იქიდან მომდინარეობს, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მართლაც მოქმედებს ასეთი სისტემა. მაგალითად, სომხეთში გამოწერილი ჯარიმების 10 პროცენტი ოფიციალურად ილექება იმ პოლიციელის ჯიბეში, რომელიც ამ ჯარიმას წერს.


- რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება იგივე რადარების მონტაჟთან დაკავშირებით... თუ გეგმავთ საინფორმაციო კამპანიას?

- თუ დააკვირდით, ჩვენ პერმანენტულად ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. გარდა ამისა, თითოეული რადარის წინ, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით დაყენებულია სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც აცნობს მძღოლს, რომ უახლოვდება სიჩქარის შეზღუდვის ზონას, არც ერთი ჩვენი რადარი არ არის დამონტაჟებული ბუჩქებში, მოსახვევში ან მალულად.

 

- რამდენად უტყუარია რადარის მონაცემები და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს პრეტენზია გაუჩნდა?

- ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ თითოეული მძღოლის პრეტენზია. ეს არის 21-ე საუკუნის ტექნოლოგია, რომელიც თითქმის გამორიცხავს რაიმე ცდომილებას. ჩვენ არასდროს არ ვწერთ ჯარიმას, თუ 100 პროცენტით არ ვართ დარწმუნებული. მაგალითად, მაშინ, როდესაც რადარის მოქმედების ზონაში ხვდება ორი მანქანა და არ ვართ დარწმუნებული, რომელი აჭარბებს სიჩქარეს, ან არ იკითხება სანომრე ნიშნები.


 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016