reportiori.ge - ელდარ შენგელაია: მე ვფიქრობ, რომ ზურაბ ჟვანია მოიცილეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 05 ივნისი, 2020. 20:18
ინტერვიუ
ელდარ შენგელაია: მე ვფიქრობ, რომ ზურაბ ჟვანია მოიცილეს!
26 იანვარი, 2014. 16:42

დღეს ელდარ შენგელაიას დაბადების დღეა.  ცნობილ  რეჟისორს 81 წელი შეუსრულდა. ,,რეპორტიორი“ ულოცავს  იუბილარს და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

 

 

ბავშვობა... საოცარ ოჯახში დაიბადეთ.  მამათქვენი ცნობილი რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია იყო, დედა  -ნატო ვაჩნაძე.

 

- მართალია, მე და ჩემი ძმები ცნობილ ოჯახში ვიზრდებოდით,  მაგრამ არაფერი გამორჩეული ჩვენ არ გვქონდა. ომის წლები იყო, ძალიან ბევრი სირთულე... ჩვენც ისევე  ვცხოვრობდით, როგორც ყველა.

9 წლის ვიყავი,  მამა რომ დაიღუპა.  კარგად მახსოვს,  რა თქმა უნდა.  ძალიან  მხნე ადამიანი იყო,   კარგი თამადა ,   პოეტი, ძალიან კარგად ჭიდაობდა. გადაღებებისას  შესვენებებზე აწყობდა ხოლმე შეჯიბრებებს.  მამას ბოლო ფილმი იყო ,,ისინი კვლავ დაბრუნდებიან“. ომის დროს იღებდა, ძალიან აკლდა ხალხი.  საბარგო ავტომობილს, რომელზედაც  განათების აპარატურა იყო, თვითონ მართავდა. გამნათლებლები არ ჰყავდა. მე  მთხოვა, დამეხმარეო. მაშინ იყო ასეთი ფოლგის ფარები.  დამაყენა და ვიდექი გაშეშებული. გადაღება რომ დამთავრდა,  კმაყოფილი იყო. მითხრა,  შენ გაქვს პროფესია, გამნათებელი ხარო. ეს იყო ჩემი პირველი პროფესია კინოში (იღიმის)

 

როცა ულამაზეს დედასთან ერთად  ქუჩაში გამოდიოდით, ალბათ ძალიან ამაყი იყავით...

 

- პირიქით  ვიტანჯებოდი.

 

- რატომ ?

- ომის დრო იყო. დედას მკბენარების ეშინოდა, თმებგადახოტრილი დავდიოდით. დედასთან ერთად რომ მივდიოდი, გაჩერდებოდა ვინმე, უი, რა ლამაზი ბიჭიაო,- იტყოდა. ხოდა, მე  ხომ ვიცოდი, როგორიც ვიყავი. მერე  ვუთხარი, შენ იარე და მე  10 ნაბიჯით ან  წინ ვივლი, ან უკან-მეთქი.    მახსოვს, დედა  49 წლის რომ გახდა, გაყიდა როიალი და მოაწყო დიდი ქეიფი. მოვიდა მედეა ჯაფარიძე . მოხდა ასეთი უცნაური რამ, პირველად  მაშინ ვიგრძენი, რა არის ლამაზი ქალი.  დედას შემხედვარე ამას ვერ   ვგრძნობდი, ძალიან ახლობელი იყო...

 

- მსახიობებს, რეჟისორებს, ხშირად არ უნდათ, რომ შვილი მათ პროფესიას გაჰყვეს...

 

- დედაჩემი წინააღმდეგი იყო, რომ  რეჟისორი გავმხდარიყავი. იმ პერიოდში სტალინს ჰქონდა ასეთი ნათქვამი,  ჩვენ გადავიღებთ ცოტა ფილმს, მაგრამ კარგსო.   ეშინოდა, უმუშევარი იქნებიო,  მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე. დედამ  თეატრალურ ინსტიტუტში, ჩვენი ოჯახის ახლობელთან, დოდო ალექსიძესთან გამიშვა,  ნახავს გაქვს თუ არა საერთოდ ნიჭიო. ეგონა, იტყოდა, რომ  არ მქონდა მონაცემები,   მაგრამ  ბატონმა დოდომ - ძალიან  ნიჭიერი ბიჭიაო.

 მერე წავედი მოსკოვში ჩასაბარებლად. დედა გავაფრთხილე,  შენ თუ მოხვალ,  გამოცდაზე აღარ გავალ-მეთქი.მინდოდა თვითონ ჩამებარებინა, პროტექციის გარეშე. ჩემმა  მეგობარმა  გოგონამ, რომელიც  რუსულ სკოლაში სწავლობდა,  უამრავი   ,,შპარგალკა“  მომცა.  დავიწყვე ეს ,,შპარგალკები“ ფეხებზე, ხელებზე , დახატული მქონდა სად რა არის.  შემხვდა თემა - ,,გორკი და სოციალისტური რეალიზმი“.  გადავხატე. მეორე დღეს მივედი, დამხვდენ  აბიტურიენტები,  ერთადერთმა  ქართველმა მიიღო ხუთიანი, დანარჩებმა ოთხები,სამებიო.  მივხვდი, რომ ჩემზე იყო ლაპარაკი. შევიცხადე, რას ამბობთ-მეთქი. (იცინის)

 მერე რეჟისურას რომ ვაბარებდი,  ანბანის მიხედვით გვიძახებდნენ, ხუთი-ექვსი საათი ჩემი დრო არ მოვიდა. ვიღაც ბიჭმა მითხრა, ქვევით ქალი არის და გეძახისო. ჩავედი-დედაჩემი. ვუთხარი,  დედა, გინდა, რომ წავიდე-მეთქი. არაო, ელდარ,  დილიდან არაფერი გიჭამია,  წავიდეთ,„ბელარუსკი ვაგზალზე“  პატარა რესტორანიაო. დედაჩემი კახელი ქალი იყო. ძალიან ამაყობდა ამით. სადილზე წითელ ღვინოს სვამდა ხოლმე , ჩვენც გვასმევდა პატარ-პატარა ჭიქებით. მიაჩნდა, რომ ეს იყო წამალი.   მოიტანეს საჭმელი და ვხედავ, რომ მოაქვთ ერთი ჭიქა არაყი. ძალიან  გამიკვირდა,  დედა და არაყი,  რაღაც უცნაურია. ეს  შენ უნდა დალიოო მითხრა,  გაგამხნევებს და კარგად ჩააბარებო. მართლაც, წავედი და მივიღე ხუთიანი.

 პირველი სემესტრი რომ დამთავრდა, ისევ ჩამოვიდა. მივუტანე მატრიკული, რომელშიც  ერთადერთი ოთხიანი ეწერა, დანარჩენი სულ ხუთიანები.  არ დაიჯერა,  იმიტომ რომ სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, სულ ორიანები და სამიანები მყავდა. იყო ასეთი თავრიზიანი, ჩვენი დეკანი, იმასთან მიიტანა, შეამოწმა ნამდვილი იყო თუ არა (იღიმის).

 

- პირველი ფილმი, პირველი უშუალო შეხება კინოსთან...

  

- პირველი ფილმი, ,,ლეგენდა გაყინულ გულზე“,  ჩემს უახლოეს მეგობარ ლიოშა სახაროვთან ერთად გადავიღე.ერთად ვსწავლობდით, საერთო საცხოვრებელშიც ერთ ოთახში ვცხოვრობდით, მესამე ძმას ვეძახდი. ჩვენმა ოსტატმა შემოგვთავაზა სცენარი,  გვითხრა, რომ ეს ისეთი ცუდი სცენარია არცერთი  რეჟისორი ხელს არ ჰკიდებსო. თუ რეჟისორები ხართ, აიღეთ, გადააკეთეთ და გადაიღეთო. ასეც მოვიქეცით, მოგვიწონა. ეს ჩვენი სადიპლომო ნამუშევარი იყო.

 შემდეგ გადავიღეთ ,, ზამთრის ზღაპარი“ , რომელიც ცნობილი მსახიობის, ლეონოვის პირველი ფილმი იყო. მაშინ ჩემი მეუღლე  არიადნა შენგელაია იყო. დაიბადა ჩემი პირველი ქალიშვილი, ნატა.  ფილმისთვის იმდენად მცირე ჰონორარი მოგვცეს, რომ იმ ფულით ნატას ქოთანი ვუყიდე. სახლში რომ მივიტანე, არიადნას ძალიან გაუხარდა,  ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი იყო. (იცინის)

 მერე  იყო  მუდმივი ბრძოლა  ცენზურასთან, მაგრამ ქართულმა კინომ მონახა ასეთი გზა -იგავი, ეს   ფორმა, მუდამ რჩება. ყველა ის იდეა, რომელიც იყო ქართულ ფილმებში,  მუდმივი იდეაა. მაგალითად ,,ცისფერი მთები“, ბიუროკრატია.  დღეს რა,  არ არის ბიუროკრატია? იგივე „შერეკილები“ ცენზურამ  აღიქვა, როგორც ზღაპარი. სინამდვილეში, ეს იყო სწრაფვა თავისუფლებისაკენ.

 

 

- თქვენ საუკეთესო ნამუშევრებად რომელ ფილმებს მიიჩნევთ?

 

- ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“, ,,შერეკილები“, ,,სამანიშვილის დედინაცვალი“, ,,ცისფერი მთები“, თუმცა  მგონია, რომ „თეთრი ქარავანიც“ არ არის ურიგო ფილმი.

   ჰემინგუეი ამბობდა, რომ ხელოვნება უნდა იყოს როგორც აისბერგი. ზედა ნაწილი უნდა იყოს ბრჭყვიალა, მაგრამ იდეა, აისბერგის ძირითადი ნაწილი, არის ქვემოთ. აი, ამას ვცდილობდი, რამდენად გამომივიდა,  არ ვიცი.

 

- მსახიობებთან,როგორი დამოკიდებულება გაქვთ, თავისუფლებას, იმპროვიზაციის საშუალებას თუ აძლევთ?

 

- გააჩნია მსახიობს. ზოგიერთ მსახიობს ვაძლევ აბსოლუტურ თავისუფლებას. გურამ ლორთქოფანიძეს ყოველთვის ვაძლევდი თავისუფლებას, თემიკო ჩირგაძეს. აი, ვთქვათ ,,ცისფერ მთებში“ მარკშრეიდერს რომ თამაშობს, საყვარელიძე, იმასთან ბევრი მუშაობა მიხდებოდა.

 

- თქვენს ფილმებში არაერთი არაპროფესიონალი თამაშობს

 

 

- კინოში ძალიან  მნიშვნელოვანია,  როგორც სამსახიობო მონაცემები,  ისე -ტიპაჟი. ბევრს  ტიპაჟური მონაცემები აქვს, მაგრამ არ არის მსახიობი. აი, მაგალითად, თქვენ გახსოვთ, კომენდანტი, ,,ცისფერი მთებიდან“ .   ის თავის თავს თამაშობს. ძველ სტუდიაში მართლაც კომენდანტი იყო.  კინოსთვის  გამოდგა ძალიან კარგი.

 

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

 

- ახლახან გადავიღე ფილმი  ,,კავკასიური ტრიო“  სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე , რომელიც იცით, როგორი რთულიც არის.  ეს ფილმი ერთგვარად მოუწორებს შერიგებისკენ.   ვამონტაჟებთ და ალბათ, აპრილში დავასრულებთ.  ცნობილი მსახიობი სტოიანოვი თამაშობს, გოგა პიპინაშვილი და ჩემი ქალიშვილი  ნატო შენგელაია.

 

- 9 აპრილის მოვლენებიდან მოყოლებული წლების განმავლობში პოლიტიკაში იყავით. ბოლო პერიოდში თითქოს ჩამოშორდით, რატომ?

 

- პოლიტიკას ჩემი ქალიშვილის დაღუპვის მერე  მოვშორდი.

 

- გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრ ჟვანიას გუნდის წევრი იყავით...

 

- რა თქმა უნდა, ჟვანიასთან შეხვედრამ ითამაშა დიდი როლი.  მე  მანამდე ვაპირებდი პოლიტიკიდან წამოსვლას, მაგრამ ზურაბი მთხოვდა,  კიდევ  გვჭირდება თქვენი ავტორიტეტიო .ძალიან განვიცადე მისი დაღუპვა.

 

- მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თქვენ რა ვერსია გაქვთ?

 

- მე ვფიქრობ, რომ ის მოიცილეს!

რა არის იცით, ზურაბი ალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან. ეს იყო აბსოლუტურად სწორი.სანამ საქართველოში არ გაიგებენ,  რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ოსებთან და აფხაზებთან გაერთიანება არ მოხდება.  ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. დათმობაც რომ იყოს საჭირო, უნდა დავუთმოთ, რომ გაერთიანდეს საქართველო. დროთა განმავლობაში ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ არავითარი აზრი არა აქვს ნატოში შესვლას. ეს არის დაპირისპირება რუსეთთან და   საქართველოს დაქუცმაცება.

 

- როგორ ფიქრობთ, ასეთი ტერიტორიული პრობლემებით მიგვიღებენ ნატოში?

 

- არ მიგვიღებენ. რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ აი, ხვალ,ზეგ... ჩვენ ხომ მოწმეები ვართ,არა? რამდენი წელიწადია მივდივართ, მივდივართ და ვერ მივედით. ასეთ დაქუცმაცებულ ქვეყანას, არ მიიღებენ არც ნატოში და არც ევროკავშირში.

 

- რუსეთთან მიმართებაში დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაზე რას ფიქრობთ?

 

- ნელ-ნელა თითქოს აგვარებენ ურთიერთობას .  ეკონომიკური საკითხები გვარდება.  მე ახლა მოსკოვში ვიყავი. იქ ქართული ღვინო შევიდა, ბორჯომი შევიდა. ნელ-ნელა  ეკონომიკური ურთიერთობა თუ დამყარდა, მერე ის თავისთავად მოაგვარებს პოლიტიკურ ურთიერთობებს.ოღონდ ნება უნდა იყოს ჩვენგან.

 

- და ბოლოს, თქვენს ერთგულ მაყურებელს, თქვენი შემოქმედების თაყვანისმცელებს რას ეტყვით, რას ურჩევთ?

 

 

- ძალიან მიყვარს ჩვენი ხალხი და  არა მარტო  ქართველები. მე ისეთ ეზოში გავიზარდე, სადაც სომხები ცხოვრობდნენ,   პოლონელები,  აზერბაიჯანლები.  ჩვენ ვმეგობრობდით და ძალიან კარგი  ურთიერთობა გვქონდა.  არა აქვს მნიშვნელობა რომელი აღმსარებლობის ვართ, რომელი ნაციონალობის,  ჩვენ ყველანი ერთ სახლში ვცხოვრობთ და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავმთლიანდეთ.  მთელ მოსახლეობას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ერთად ყოფნას. არავითარი დაპირისპირება არ შეიძლება იყოს ჩვენს შორის, არავითარი! იცით, ქართველს აქვს ერთი უცნაური თვისება- ის სულ ელის, რომ ვიღაცა მოვა და დააპურებს.  ყველამ უნდა ვიმუშავოთ. არა აქვს მნიშვნელობა რეჟისორი ხარ, გლეხი თუ მეცნიერი. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და  ეს მიგვიყვანს კეთილდღეობამდე.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016