reportiori.ge - ემზარ ჯგერენაია: ლარის დევალვაციის მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019. 05:14
ინტერვიუ
ემზარ ჯგერენაია: ლარის დევალვაციის მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორია!
26 იანვარი, 2016. 14:52


ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. როგორც ჯგერენაიამ „რეპორტიორს" განუცხადა, ლარის გაუფასურება მსოფლიოში ნავთობზე ფასების დაცემამ გამოიწვია. ჯგერენაია აქვე ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი კვლავ დაეცემა და იგი 15 დოლარს მიაღწევს.


რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ეკონომიკა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად - ამის შესახებ ემზარ ჯგერენაია „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ლარის გარშემო დატრიალებული მოვლენების მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორია. ქვეყნის შიგნით პოლიტიკაში ბოლო ორი კვირა არაფერი შეცვლილა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ დაეცა ნავთობის ფასი, აზერბაიჯანის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. აზერბაიჯანი სიტუაციაში უხეშად ჩაერია, მანათი თავისუფალ ბრუნვაში ჩაუშვა. ამან რამდენჯერმე გამოიწვია დევალვაცია. მსოფლიოში ნავთობის ფასი კატასტროფულად დავარდა და ყველამ ვიცით, რომ 15 დოლარამდეც დავა. ასევე რუსეთში რუბლის დევალვაციამ პიკს მიაღწია. საქართველოს ირგვლივ შეიკრა რკალი.


საქართველოსთვის რუსეთი ერთ-ერთი სერიოზული სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ამიტომ, როცა რუბლის კურსი ვარდება, ძვირდება ვალუტა და იმპორტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექსპორტი რუსეთში მცირდება. შარშან 23 %-ით შემცირდა ექსპორტი. წელს კიდევ უფრო შემცირდება. ერთ-ერთი ძირითადი სავალუტო ნაკადი მოგვაქვს იმ სავალუტო ტრანსფერებიდან, რომლებსაც რუსეთში მცხოვრები ქართველები აგზავნიან საქართველოში. გასულ წელს ეს თანხა 1,1 მლნს შეადგენდა, წელს კი შემცირდა, რადგან რუსეთში დასაქმებულ ქართველს დოლარი გაუძვირდა. ეს გარე ფაქტორი საქართველოსთვის შიდა ფაქტორად გადაიქცა. ანუ, ამან გააფუჭა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რამაც მოახდინა ზეწოლა ლარზე.


ამის გარდა, რუსეთის საექსპორტო პროდუქცია გაიაფდა. ნებისმიერი პროდუქტი მინიმალურ ფასებში იყიდება. ეს არის ძალიან კარგი რიგითი მომხმარებლისთვის. მაგრამ ძალიან ცუდია ქართველი მეწარმეებისთის, რომლებსაც უწევთ დემპინგურ ფასში შემოტანილ რუსულ და თურქულ საქონელთან შეჯიბრება.


ბუნებრივია, საერთაშორისო და გარე ფაქტორები ტრანსფორმირდებიან შიდა პრობლემებად და ეს არის ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი.

 

- რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება 2016 წელი მსოფლიოსთვის და როგორ აისახება რეგიონში არსებული ვითარება საქართველოს ეკონომიკაზე? რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად?


- მთელი მსოფლიო ელოდება ღრმა ფინანსურ კრიზისს. ეს არ იქნება ის საბანკო კრიზისი, რომელიც იყო 2008 წელს. მაგრამ, სასაქონლო ბირჟებზე ფასები დაეცემა და ბუნებრივია, რთულ საერთაშორისო ვითარებაში საქართველოს მოუწევს განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს. გაგვიმართლა, რომ ნავთობის ქვეყანა არ ვართ და ჩვენი ბიუჯეტი ნავთობის ფასით არ არის დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა რაც გაგვაჩნია. რეგიონში ფინანსურად ყველაზე მყარი ქვეყანა ვართ. ყველაზე მყარი ფინანსური გარემო გვაქვს ინვესტირებისთვის და ეს უნდა გამოვიყენოთ, უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები და გადავარჩინოთ სიტუაცია.


სიტუაცია ვითარდება ძალიან სწრაფად და დრამატულად. უნდა დავწეროთ სრული სცენარი. ამ წუთში თუ გვაწუხებს მხოლოდ ლარის დევალვაცია, უნდა ვიფიქროთ, თუ რა ხდება დემპინგურ ფასებთან მიმართებაში. უნდა განვსაზღვროთ, როგორ არის დაცული ჩვენი ბაზარი. საქართველო ღია ქვეყანაა და ხელოვნურ ბარიერს ვერ შევქმნით. ამიტომ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, თანაც დროულად. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება პასუხის გაცემა. იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, არასწორია. ის, რაც ახლა ხდება, პრელუდიაა და რაც მომავალში დაიწყება, იმაზე უნდა ვიფიქროთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ძალიან ბევრი ღონისძიებებია დასაგეგმი, რათა ბაზრის სირთულეებს მოვერიოთ. 2016 წელი მთლიანობაში ძალიან რთული იქნება.

 

- რეგიონში და ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება რამდენად მიმზიდველია ინვესტორებისთვის?


- ინვესტორებზე ეს ყველაფერი დადებითად აისახება. თუკი ის დოლარით შემოდის, მეტ ლარს მიიღებს და მას ეს მოსწონს. საქართველოში რეპატრიაციის პრობლემა არ არის და ეს ინვესტორს უპირატესობას აძლევს.


- შეიძლება თუ არა, რომ ლარი კვლავ გაუფასურდეს? და რა ნიშნულს შეიძლება მიაღწიოს?


- თეორიულად შესაძლოა ლარი კვლავ გაუფასურდეს და 2,6-2,7-მდე გახდეს დოლართან მიმართებაში. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მთავრობა ჩაერევა სიტუაციაში. 20-20 მილიონის ინტერვენცია უკვე განახორციელა ეროვნულმა ბანკმა. მთავრობა ჩაერევა, მოიზიდავს სავალუტო სახსრებს 100 მლნ დოლარის ფარგლებში და სიტუაცია გამოსწორდება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016