reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის საბადოს არსებობის შანსი დიდია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019. 11:48
ინტერვიუ
რამაზ საყვარელიძე: აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის საბადოს არსებობის შანსი დიდია
05 თებერვალი, 2016. 16:23


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში არსებულ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:


- ბატონო რამაზ, ატლანტიკური საბჭო კომპანია „ფრონტერას" ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგია აღმოჩენილი. წლებია, აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, ქვეყანას ამ მიმართულებით რეალური შედეგი არ უნახავს. არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?


- შანსი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის საბადო იყოს, დიდია. ბუნებრივ აირთან ერთად, ნავარაუდევია, რომ საქართველოში ნავთობის საბადოებიც არის. ინგლისელები იყვნენ ჩამოსულები და მუშაობდნენ დიდხანს, მაგრამ დიდი წარმატებით ვერა. ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ ნავთობი შერეულია წყალთან, რაც დამატებით ხარჯებს ითხოვს მისი დასუფთავებისთვის. შესაძლოა, ანალოგიური პრობლემაა გაზთან დაკავშირებითაც. ჩვენ რეგიონში ორივე ენერგომატარებლების დიდი რესურსია. შანსი, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლე იყოს, დიდია. ტექნიკურად რამდენად მოსახერხებელია ამ საშური ენერგომატარებლების მიღება, ძნელი სათქმელია.

 

- თუკი რეალურად აღმოჩნდება 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი და საქართველო შეძლებს, საკუთარი გაზით უზრუნველყოს შიდა მოხმარება და ასევე ექსპორტი, ეს ფაქტი აზერბაიჯანთან გარკვეულ პრობლემებს ხომ არ შექმნის, კონკურენციის კუთხით?


- თუკი მოხერხდება აღნიშნული ენერგომატარებლების მოპოვება და როგორც შიდა მოხმარებისთვის გამოყენება, ისე ექსპორტზე გატანა, ეს პრობლემას ვერ შექმნის, რადგან, თუკი აზერბაიჯანის ენერგომატარებლები ჩვენთვის ზედმეტი აღმოჩნდება, ჩვენ ტრანზიტის ფუნქციას შევასრულებთ. ისინი ბაზარს იპოვიან ჩვენი გავლით და არა ჩვენთან. ამ მხრივ, მგონი, ჩვენთვისაც უფრო ხელსაყრელი იქნება და შესაძლოა, აზერბაიჯანისთვისაც უფრო მომგებიანი იყოს.


- ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიება დაიწყო, რუსული მხარე კი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. შეუშლის თუ არა აღნიშნული გარემოება ხელს ობიექტურ გამოძიებას? და ზოგადად, რა შედეგს ელით ჰააგის სასამართლოსგან?


- ჰააგის სასამართლოსგან ამ კურსის აღებას არ ველოდი, რადგან დასავლეთი მუდამ ცდილობს, რომ დამნაშავე იპოვოს ორივე მხარეს და პასუხისმგებლობა გადაანაწილოს. ამის ნათელი მაგალითია ტალიავინის დასკვნაც. იმავეს ველოდი ჰააგის გამოძიებაში, მაგრამ ჯერჯერობით ჰააგამ აიღო კურსი იქით, რომ რუსეთში დაინახოს 2008 წლის ტრაგედიის ძირითადი მიზეზი. ის, რომ ახლა მოხდა ამ თემის წამოწევა, თავისთავად საყურადღებოა. მოგეხსენებათ, საკითხი უკვე დიდი ხანია დგას და მგონია, რომ ეს ფაქტი ბევრისთვის სასიგნალოა, მათ შორის რუსებისთვის.


რუსეთი სულ უფრო და უფრო ხდება მტრის ხატი ევროპისათვის, სულ უფრო იდგმება ნაბიჯები იმისკენ, რომ რუსულ პოლიტიკაში ხარვეზები დაინახონ. ეს ცალ-ცალკე აღებული თითქოს სხვადასხვა რამეა, მაგრამ მთლიანობაში იკვრება რუსეთის წინააღმდეგ. დღეს რუსეთი უტევს უკრაინას და ამერიკას უწევს შეიარაღების გადაცემა ევროპისთვის, რომელსაც რუსული საფრთხე ემუქრება. ასე რომ, რუსეთი უკვე საფრთხეა და ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას ბევრი ხერხი გააჩნია. გამორიცხული არაა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური დატვირთვის ნაბიჯი იყოს ჰააგის სასამართლო. 2008 წლის ომი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის სახის დასანახად. იმდროინდელმა ევროპამ ეს ვერ დაინახა. იქნებ ახლა გამოასწორონ ეს შეცდომა და დაინახონ, რომ რაც უკრაინაში დღეს ხდება, რუსეთმა საქართველოში უფრო უტიფარი ფორმით დაიწყო 2008 წელს. შესაძლოა, ნაბიჯები ამის დანახვისკენ იდგმება.


- სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ამახვილებს ყურადღებას. რამდენად შესაძლებელია რუსულ მხარესთან დიპლომატიური ურთიერთობა და რა გამოწვევებისთვის უნდა იყოს მზად ქართული ხელისუფლება?


- იმდენჯერ წამოვიდა რუსეთის მხრიდან ეს შეთავაზება და ისეთ დონეებზე, რომ თავისთავად ჩნდება კითხვა, რა უნდა რუსულ მხარეს? იმაზე ორიენტაციის აღება, რომ რუსულ მხარეს ქართველებთან ურთიერთობა ადარდებს, ალბათ არ ღირს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა უკვე არსებობს. ბაზარი გაიხსნა, მიმოსვლა აღდგა და ა.შ. მაგრამ რუსეთს სწორედ პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობა სჭირდება, ამ განცხადებების საფუძველზე. რა დგას ამის უკან, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ ეს არ გაიშიფრა, ისე ურთიერთობა არ ღირს. ქართულმა მხარემ უნდა დაითვალოს რუსეთის ინტერესები, საკუთარი ინტერესები. ეს ინტერესი შეიძლება იყოს მინიმალური, რუსეთს უბრალოდ სურდეს, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ქართულ მხარეს ჩამოართვა ხელი და ყველაფერი კარგად აქვს პოლიტიკურ ჭრილში ჩვენთან. ეს რეჟიმი საქართველოსთვის, ბუნებრივია, მიუღებელია. მაგრამ, თუ რუსულ მხარეს რამე სერიოზული პოლიტიკური წინადადებები აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაშინ, რა თქმა უნდა, დიალოგი შეიძლება შედგეს. ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. ეს უბრალოდ არის ურთიერთობა საიმისოდ, რომ რიგი საკითხები მოგვარდეს ისე, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდეს ურთიერთობის აღდგენა. სანამ ტანკები არიან ცხინვალში, მანამდე ლაპარაკი დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ალბათ, არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მისაღები არ იქნება.

 

- რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება შესაძლოა დასჯადი გახდეს. რამდენად ხედავთ აღნიშნული კანონპროექტის დაწერის საჭიროებას და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფაში?


- მთავარია, როგორ განიმარტება რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება. ასეთ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მიდგომები, რომლებმაც შესაძლოა საერთოდ ლაპარაკის საშუალება არ მისცეს ადამიანებს. დავუშვათ, თუ თქვი, რომ ესა თუ ის რელიგიური პირი შეცდომას უშვებს, ეს აღიქმება შეურაცხყოფად და ამის გამო დაისჯები. ამ დონეზე თუ იქნება დაყვანილი შეურაცხყოფის განმარტება, რა თქმა უნდა, ეს სიტყვის თავისუფლებას ემუქრება. გამოდის, რომ, ფაქტობრივად, შემოგვაქვს ასეთი რამ, ახლა ვსაუბრობთ რელიგიურ გრძნობებზე და რა ვთქვათ პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფაზე, ნათესაური გრძნობის შეურაცხყოფაზე? გრძნობებს რა დალევს? დიდი სპექტრი იშლება გრძნობების შეურაცხყოფის და თუ ყველას კანონმდებლობით მოვუვლით, ოდიოზურ სიტუაციამდე მივალთ და სახელმწიფოც შეიძლება აღმოჩნდეს რთულ მდგომარეობაში.


ახლახანს იყო ინციდენტი, როდესაც პრეზიდენტს გოგი თოფაძემ წამოაძახა მისი ადრინდელი სტატია და ჰკითხა, ქართველები დაუნებად რატომ მოიხსენიეო. ტრიბუნიდან ამას რომ ამბობ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფას საყვედურობ? ამაზეც უნდა დაეკისროს ჯარიმა? ასე არ გამოვა. მაშინ ილია ჭავჭავაძე წმინდანად არ უნდა გამოვაცხადოთ, რადგან რაც ილია ჭავჭავაძემ თქვა ქართველებზე, მსგავსი რამ არავის უთქვამს. ე.ი. მან ეროვნული გრძნობა შეურაცხყო? დავით აღმაშენებელმა ეკლესიას ძალიან მძიმე ჩარჩოები დაუწესა. მან რელიგიური გრძნობები შეურაცხყო? თუკი ამ ტიპის ნორმებს მივიღებთ, ჩვენი ისტორია, კულტურა სხვანაირად იკითხება. შესაბამისად, სხვანაირადვე განვითარდება ეს ყველაფერი. კულტურა ჩაჯდება ჩარჩოებში და ჩარჩოებიანი კულტურა კარგად არ გამოიყურება.

 

- როგორ აფასებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში? შეეხო თუ არა პრეზიდენტი ყველა მნიშვმელოვან, პრობლემურ საკითხს? ხომ არ იყო რაიმე პრობლემა, რომელზე საუბარსაც ელოდით პრეზიდენტისგან და ვერ მოისმინეთ?


- იყო რამდენიმე შენიშვნა, რასაც მედიაში მოვკარი თვალი. პრეზიდენტს ზვიად გამსახურდია არ უხსენებიაო. ამ შენიშვნიდან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რამდენი პრეტენზია შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ. საპრეზიდენტო გამოსვლა, რომლის ამოცანაც ასეთი მიდგომით არის, რომ ყველაფერს უნდა შეეხოს, ძალიან რთული ამოცანაა. ერთსაათიან მოხსენებაში ყველაფრის ჩატევა ძალიან ძნელია.


მეორე მხრივ, პრობლემატიკის თვალსაზრისით პრეზიდენტის გამოსვლაში იყო პრობლემებიც წამოჭრილი და მათი გადაჭრის გზებიც. ვეთანხმები აბსოლუტურად იმ აქცენტს, რაც პრეზიდენტმა გააკეთა. დღეს საქართველოს შიდა პრობლემაა სასამართლო ხელისუფლება. აბსოლუტურად მოუგვარებელი და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერი, საზოგადოებას მათი შეცვლის ბერკეტი გააჩნია. ჩვენ ახლა ვდგამთ ნაბიჯს, რომ მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ და არც კი შეგვიმოწმებია, არის თუ არა ეს ხალხი უვადოდ დასანიშნი. თუკი მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი და 200 პოლიტპატიმარი ამის მაჩვენებელია, მაშინ უვადოდ ვნიშნავთ დამნაშავე ადამიანებს, ჩვენი ბედ-იღბლის გამგებლად?! ამაზე რთული სიტუაცია ძნელი წარმოსადგენია. უვადოდ მოსამართლეების დანიშვნა ნაჩქარევი იყო, სანამ იმის გარანტია არ გვექნებოდა, რომ სასამართლო სისტემის საკადრო შემადგენლობა კრიტიკას არ იმსახურებს. ახლა შევდივართ ძალიან რთულ ჩიხში და ამ ჩიხიდან გამოსავალს საზოგადოება როგორ იპოვის, არ ვიცი. პრეზიდენტის პოზიცია ამ მხრივ გასაზიარებელია.


მეორე მომენტი, რაზეც პრეზიდენტმა გაამახილა ყურადღება, გახლავთ აღმოსავლეთით გაშლილი პერსპექტივები. ამისთვის პრეზიდენტთან მადლობა გვეთქმის. პრეზიდენტის გამოსვლას ლუპით კითხულობენ უცხოელებიც, გარდა ჩვენი პოლიტიკოსებისა. და იმ პერსპექტივის ჩვენება, რომ საქართველო უკვე აღმოსავლეთ-დასვლეთის ურთიერთობის გამტარია, ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი სამსახურია. ეს ორი აქცენტი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016