reportiori.ge - დავოსის ფორუმიდან ჭიათურის უდაბნომდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017. 19:55
ინტერვიუ
დავოსის ფორუმიდან ჭიათურის უდაბნომდე
12 თებერვალი, 2016. 13:22


იქ, სადაც არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა,

ეს უდაბნო - ჭიათურა - გაშენდება

აკაკი წერეთელი

 

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ცნობილი ეკონომისტი, პროფესორი დავით იაკობიძე, რომელსაც ნაახალწლევს დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჭრილში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის შეფასებას ვთხოვ.


- ამ თემაზე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ერთხელ უკვე ვისაუბრე. „რეპორტიორისთვის" უფრო ვრცლად ვილაპარაკებ.


უწინარეს ყოვლისა, დავაზუსტებ, რომ დავოსში განხილული მრავალი აქტუალური საკითხის თავი და თავი თქვენს მიერ ნახსენები რევოლუციაა, რომლის გამომოძრავებელ ძალად წარმოგვიდგა ხელოვნური ინტელექტის, რობოტოტექნიკის, ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების, ნანოტექნოლოგიურ და თანამედროვე მეცნიერების სხვა სფეროებში მოპოვებული მიღწევები.


დიდი ციკლების თეორიის მიხედვით, 2018 წლიდან დაიწყება ეკონომიკური აღმასვლა, დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა დაადასტურა, რომ 2016 და 2017 წლები იქნება გადასვლის პერიოდი, გაძლიერდება და განვითარდება ის ეკონომიკები და ბაზრები, რომლებიც მოემზადება ამ სიახლეთა დასანერგად.


ასეთია საერთო ფონი, თუ უფრო კონკრეტულად ვიტყვით, მეოთხე სამრეწველო რევოლუცია გულისხმობს ნავთობის ერის დამთავრებას.


ნავთობის ჩანაცვლების პრობლემა ჯერ კიდევ 1988 წლიდან მუშავდებოდა, ახლა კი უდიდესი კაპიტალიზაციის ფული ერთვება ამ მიმართულებაში. მიმდინარეობს ტექნიკური პროგრესის მსოფლიო სამეურნეო სისტემიდან გამოცალკევების და მისი ერთიანი სამეცნიერო ცენტრიდან მართვის მოსამზადებელი პროცესი.

 

- ამის პოპულარულად განმარტება შეიძლება გთხოვოთ? რას ნიშნავს ეს ერთიანი სამეცნიერო ცენტრიდან მართვა მსოფლიოს სამეურნეო სისტემის, რომელიც გამოცალკევებულია?

 

- შევეცდები. ერთ-ერთ ჩვენს ინტერვიუში ვილაპარაკეთ პრობლემაზე - სჭირდება თუ არა ამერიკის შეერთეაბულ შტატებს ახალი რევოლუცია. მაშინ გითხარით, რომ ახალი  რევოლუცია საჭირო არ არის. არ იყო საჭირო კი იმიტომ, რომ ამერიკა ემზადებოდა ამ ცენტრის (რომელზეც ვლაპარაკობთ) ორგანიზებისთვის და მსოფლიოს ეკონომიკური მართვის ხელში ჩასაგდებად. თავისი საწარმოო სიძლიერის გასამტკიცებლად შტატებს არ სჭირდება, ვთქვათ, საქსოვი დაზგების რაოდენობის გაზრდა, მოპოვებული წიაღისეულის გამდიდრება, მსგავსი მიმართულებებით ტექნიკური სიახლეების დანერგვა და ა.შ. რადგან თავის თავს მოიაზრებს მთელი მსოფლიოს ერთიან საკონსტრუქტორო ბიუროდ. რაღაც ამდაგვარად, რომლის საშუალებით უნდა მოხდეს მსოფლიოში რესურსების განაწილების და მათი გამოყენების მეცნიერული პოლიტიკის განსაზღვრა და ამოქმედება.


- მაგრამ ამ ერთიანი ქსოვილის არსებობა ბადებს ასეთ შეკითხვას: ჩვენ რა ვჭამოთ, რით შევინახოთ თავი საქართველოს მოქალაქეებმა? როგორ გადავწყვიტოთ ჩვენი სოციალური პრობლემები?

 

- იმ კონცეფციას, რომელსაც განვიხილავთ, აქვს გამზადებული პასუხი: ეს შენი პრობლემაა. შენი თავის ტკივილია. რადგან იმიტომ ხარ დაფასებული და მრავალმხრივ ხელშეწყობილი, რომ შენ თვითონ განსაზღვრო და მოაგვარო ეს საკითხი. ამას ჰქვია ადგილობრივი ბაზრების ჩამოყალიბების პოლიტიკა. ე.ი. ადგილზე უნდა შეიქმნას ყველა ის სამეურნეო სტრუქტურა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას თვითკმარს გახდის იმ დიდი ქოლგის ქვეშ, რომელზეც ვლაპარაკობთ, ანუ დაექვემდებაროს სამეცნიერო ცენტრს, რომელზეც მიბმული იქნებით.


- ძალიან ხომ არ ჰგავს უტოპიას?

 

- თქვენ წარმოიდგინეთ - არ ჰგავს! თუ, რა თქმა უნდა, მოვემზადებით საჭირო სიახლეთა დასანერგად.


- რა სიახლეებს გულისხმობთ, ბატონო დავით?

 

- იმ სიახლეებს, რომლებსაც გარდამავალ პერიოდში ქვეყანა საფუძვლად დაუდებს შესაბამისი ინფრასტრუქტურების მომზადებას:  გამორიცხავს ნავთობის მაქსიმალურ მოხმარებას, ენერგეტიკის სისტემაში ჩართავს განახლებადი ენერგიის წყაროებს - მზის, ქარის, წყლის ენერგიას და ა.შ., კარგად გაიაზრებს იმ სისტემას, რომელიც მის ბაზარს ახალ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით აამუშავებს.


- ე.ი. ყველა თავისთვის უნდა გაისარჯოს?

 

- არც უმაგისობაა. მაგრამ აქვე იბადება შეკითხვა, რომელიც საქართველოში რესურსების სიმწირეზე მიგვითითებს: რაც არ გვაქვს, საიდან გავაჩინოთ?


პირდაპირ გეტყვით: თუ არ შეგიძლია (ან არ გინდა) იმის დანახვა, რაც გვაქვს, არც გექნება. სააკაშვილი სულ იმას გაიძახოდა - ჩვენ რომ ნავთობი გვქონდესო... ჯერ ერთი, საკითხავია, გვაქვს თუ არ გვაქვს; მეორე, მანგანუმი ხომ გვაქვს? „შავი ქვა", რომელიც ლითონის მადნების შემდეგ თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილზე დგას მეტალურგიასა და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში?


მანგანუმს 6 მილიონი ტონის ოდენობით აწარმოებს ჩინეთი, ავსტრალია - 6 მილიონ ტონას, ამდენივეს - სამხრეთ აფრიკა, 2 მილიონ ტონამდე ავიდა გაბონი, 3 მილიონ ტონას აწარმოებს ბრაზილია. ყაზახეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდში საერთოდ არ აწარმოებდა, რადგან შედარებით უხარისხო მადანი ჰქონდა და ძვირიც, ამჟამად 2 მილიონ ტონაზე გავიდა, უკრაინა ერთ მილიონ ტონას აწარმოებს. და ჩვენ, ვინც 800 ათას ტონაზე მეტს ვაწარმოებდით, 300 ათას ტონამდე ჩამოვედით. თანაც, ეს მაჩვენებელი, მგონი, მაინცდამაინც ზუსტი არ არის, გაზრდილია.


რა ხდება? რატომ ვერ ხედავდა და ვერ ხედავს ამ რესურსს დამოუკიდებელი საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება? კი, ამოქმედდება გლობალური მსოფლიო სისტემა, მაგრამ როგორც იცხოვრებს შენი პენსიონერი, როგორ იმკურნალებს შენი ავადმყოფი, როგორ განათლებას მიიღებს შენი ახალი თაობა, რომელ ენაზე და ა.შ. ამ ყველაფერს კოსმოსიდან ვერავინ გადაგიწყვეტს.


ხომ ასეა? მაშ, ამას უნდა მივხედოთ მეოთხე სამრეწველო რევოლუციის გარდამავალ პერიოდში.


- ეგებ, ამავე კონკრეტიკით განვაგრძოთ საუბარი - მანგანუმი, ჭიათურა?

 

- გუშინ ამაზე მეტი რომ გვეფიქრა, დღეს მანგანუმის წარმოება მაღალ დონეზე გვექნებოდა. საქართველოში იყო მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვამზადებდით ამ დარგის მრავალმხრივ სპეციალისტებს და ა.შ., მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიყავით კონცენტრირებული იმაზე, თუ როგორ უნდა ვამუშაოთ ჭიათურა ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში.


მარტივად გეტყვით, ერთი მაგალითის მოშველიებით: დამოუკიდებელ საქართველოში ფული მოვჭერით, ხომ?

 

- დიახ.

 

- ლითონის ყველა შენადნობში მონაწილეობს მანგანუმი, თუ გსურს მას (ლითონს) მიანიჭო მდგრადობა, სილამაზე და ა.შ., მხოლოდ მანგანუმის ჩართვით მოახერხებ ამას. ადამიანს დაავადებულ ძვლებს ხელოვნურით რომ უცვლიან, იქაც აუცილებელია მანგანუმის მონაწილეობა, იმ „სამედიცინო ლითონში".


ფული მოვჭერით, მაგრამ ამ საქმეში ჩვენი მეტალურგიის ინსტიტუტი არ გამოვიყენეთ, ჩვენს  შესაძლებლობაზე უარი ვთქვით და წავედით საფრანგეთში. ესეც ყველამ იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარ თავს სახელობით ბრუნვაში არ ვიყენებთ - რისი უნარიც გვაქვს, რისი გაკეთების შესაძლებლობა, ამ თვალსაზრისით.


ჭიათურის მნიშვნელობა კარგად რომ გვქონოდა გათვითცნობიერებული, 300 ათას ტონაზე არ გავჩერდებოდით, იმუშავებდა უფრო მეტის მოსაპოვებლად; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დაამზადებდა უფრო მეტ პროდუქციას და მსოფლიო ბაზარზე დავიმკვიდრებდით ჩვენს ადგილს.


ისიც უნდა ვთქვათ, რომ გარდამავალ პერიოდში, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენი დავით შალიკაშვილი მართავდა ზესტაფონის „ფეროს", უამრავი წინააღმდეგობა შეექმნა გადასალახი: ვერ თანხმდებოდნენ მანგანუმის ფასზე, საქმეს აბრკოლებდა არაჯანსაღი ეკონომიკური გარემო, რომელიც კორუფციული ელემენტებით იყო უხვად გაჯერებული და ა.შ. დავით შალიკაშვილს ებრძოდნენ ყოვლად დაუშვებელი მეთოდებით და კიდეც შეიწირეს. ნათელში იყოს მისი სული.


მის შემდეგ ვისია ჭიათურა, იცით? ვისია „ფერო"?


-არა, არ ვიცი.

 

- მეც მანდა ვარ. ჟურნალისტურ გამოძიებებს რომ ვისმენ, ვრწმუნდები, რომ თქვენი კოლეგები ერთ დახშულ წრეში ტრიალებენ, რაღაც წვრილმან თემებზე ხარჯავენ ძვირფას დროს და მიდის ერთი და იმავეს ღეჭვა. წადი რა, შე მამაცხონებულო, ასეთ პრობლემურ თემებში ჩაიხედე, შენს ქვეყანასაც უკეთესად შეისწავლი და შენც გაიზრდები, თვალსაწიერს გაიფართოვებ! ამას წინათ გაგა რაზმაძის ფილმი აჩვენეს და თქვეს, რომ პირველად წარმოაჩინეს ჭიათურის კინემატოგრაფიული სახე(!). პირველად?! ხომ ცნობილია, რომ კინორეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა გადაიღო ფილმი ჭიათურაზე ჯერ კიდევ როდის! შენ კი შენი ქვეყნის ამ სიმდიდრიდან თვითიზოლირებული ხარ! ამ შემთხვევაში ჩემი საყვედური ეკუთვნის მხატვრებსაც, კომპოზიტორებსაც, მწერლებსაც, დრამატურგებსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ერის ელიტურ ნაწილს წარმოადგენენ. პოეტი იყო აკაკი წერეთელი, დრამატურგი - შალვა დადიანი. აბა, ნახეთ, რას აკეთებდნენ ჭიათურისთვის და რა თავდადებულები იყვნენ. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ჭიათურამ ევროპაში გააგზავნა სასწავლებლად კონსტანტინე გამსახურდია, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ბიძინა რამიშვილი... ამ ინდუსტრიულმა აკვანმა შექმნა ხელოვანთა ეს ბრწყინვალე თაობა.

 

როცა ჩვენს თანამედროვე ამათ კოლეგებს მოვუწოდებდით, მოდით, ერთად ვიმუშაოთ ჭიათურის პრობლემების გადასაწყვეტად, იცით, როგორ ეკიდებოდნენ ჩვენს შეთავაზებებს? ტვინი წაიღეს ამათ თავიანთი ყიყინითო...


სტალინს, რომელსაც უზარმაზარი რუსეთი ჰყავდა ფეხზე წამოსაყენებელი, ხელი ვეღარ მიუწვდა ჭიათურაზე და ისღა დარჩენოდა, რომ 1925 წლის 12 ივნისს მანგანუმის საბადოს კონცესია გადაეცა ამერიკულ ფირმა „ჰარიმანისთვის", ყველაზე მოწინავე მეტალურგიული სისტემისთვის. 1990-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოში ამოღებული მადნის „ქართული წილი" 54,4 პროცენტი იყო, 1925 წლისთვის 18,8 პროცენტამდე დაეცა. დღევანდელ ვითარებაზე ზემოთ მოგახსენეთ.

 

- ჰარიმანმა რა ჰქმნა?

 

- საქმე ისე ააწყო, რომ ეს დარგი მომგებიანი გახადა. შემოსა ხალხი, აქტიურად განაგრძო საბაგირო გზების გაყვანა, ბილიარდი ჩამოიტანა ჭიათურაში, ჩოგბურთის თამაში დაიწყეს აქაურებმა (ეღიმება), ანუ კაპიტალიზმის სისტემური ელემენტი შემოიტანა ჭიათურაში გაგანია ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, „სტალინური დესპოტიზმის" პირობებში.


ჭიათურაში დაფრთიანებული სპეციალისტების ერთი ნაწილი, რომელიც აქ ვერ გამოვიყენეთ, ახლა საზღვარგარეთ განაგრძობს მუშაობას. მაგალითად, დაგისახელებთ გაბონის რესპუბლიკას, ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და სტაბილურ ქვეყანას, რომელიც გამორჩეულია მანგანუმისა და ოქროს საბადოებით.


ისევ იმ შეკითხვას ვუბრუნდები: ვისია დღეს ჭიათურა? არავითარი გამართლება არ აქვს ჩვენი მთავრობის პოზიციას, რომელიც იხსნის პასუხისმგებლობას და განზე გადგომას ამართლებს კერძო საკუთრებაში ჩაურევლობის პრინციპით.

 

მთავრობა რომ ხარ, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას გაითვალისწინე თუნდაც შენი მოსახლეობის დასაქმების პრობლემა. ახლა, მაგალითად, 3500 კაცი დარჩა დაუსაქმებელი. შენ რას გააკეთებ? ახალ საწარმოოს გაუხსნი?


ისეთ რა ეკონომიკურ პოლიტიკას განახორციელებ,რომ ამხელა საწარმოს გაჩერება არ გეხება?! როცა კრედიტების, პროცენტების გაზრდა-შემცირების საკითხებს განიხილავენ, მთავრობაში იბარებენ ბანკების პრეზიდენტებს და საზოგადოებრიობა ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები. აქ რატომ არ ჩანან ხელმძღვანელები? მეორე და მესამე კი არა, მეათე რიგის პირებთან საუბრით რატომ იფარგლება მთავრობა?!

 

ამას მარტო ჭიათურაზე კი არ ვამბობ, მადნეულის კომბინატსაც ვგულისხმობ, სხვა საწარმოებსაც, მაგალითად, ცემენტის ქარხნებს, რომელთა ფაქტობრივი პატრონები არიან ვიღაც-ვიღაცები საქართველოდან, აღჭურვილნი დეპუტატის ან რომელიმე სხვა ქვეყნის საპატიო კონსულის სტატუსით, ან, სულაც, - „ჩვენ უჩინონი" გახლავან! ჩემთვის გაუგებარია, ჭიათურას ასე რომ ჰკრავენ ხელს ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელები?!


ვიღაც ხომ მაინც იღებს გადაწყვეტილებებს ამ რთულ სიტუაციაში?!


ვინ? - იკითხავ და გეტყვიან, მაგალითად, რომ ეს ვიღაც მოღვაწეობს ამერიკაში, მაფიოზია. შეგაშინებენ. შიშს თესავენ, ხმა რომ ჩაგაკმენდინონ.


ამას თუ ხედავ შენ, მინისტრი რომ გქვია, არ ჩახვიდე იქ, ჭიათურაში, და თუნდაც სამი-ოთხი დღე არ „დაკარგო" იქაური ვითარების შესასწავლად, ე.ი. საკუთარი ფუნქციები მაინცდამაინც კარგად არ გცოდნია.

 

მინისტრების გუნდზე ვლაპარაკობ, რომლებსაც პირდაპირ ევალება ამ პრობლემების მოგვარება - ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილზე, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურზე, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიაზე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გიგლა აგულაშვილზე. აი, მათ სჭირდება თავმოყრა, ფუნქციების შეჯერება.


- ვინ უნდა მოაგვაროს ეს საქმე?

 

- ვისაც ვაჟკაცობა აქვს და ცოდნა ჰყოფნის. შენით უნდა მიხვდე იმას, რასაც ეკონომიკური პოლიტიკა მოითხოვს. მაინცდამაინც უნდა დაგავალონ?!


ერთიც.


ვიცი, რომ შეუძლებელია, მთავრობაში არ იყო და მთავრობას მართავდე, მაგრამ ურჩევდე, წინადადებებს სთავაზობდე, ამას წინ არაფერი უდგას.


იცით, ვისაც ვგულისხმობ.


არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილის მამას ცხრა პირი ტყავი აქვს ზურგზე გადამძვრალი მაღაროში მუშაობით, მაღაროში ნაშრომი კაპიკებით გაზარდა შვილები. დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილს ამ ჭიათურის არავითარი სიყვარული არ აქვს?! არ უფიქრია, მამამისი, ბავშვობაში იმ ყველსა და მჭადს რომ აჭმევდა, სად შოულობდა, რა შრომის ფასად? თან, სად ცხოვრობდა და ფეხით დადიოდა რვა კილომეტრს მაინც ყოველდღიურად, ცვლებში მუშაობდა. ყველა, ვინც ჭიათურის მაღაროებში მუშაობდა, გმირია, ვაჟკაცი ხალხია!


გვერდზე გადგე და შორიდან უყურო, რა ხდება იქ?! არ მესმის, ვერ ვიგებ!


თუ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ 2018 წლიდან ვიწყებთ აღმასვლას, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმაც დაადასტურა, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ეძებენ ამ აღმასვლის მეცნიერულად და პრაქტიკულად დასაბუთებულ ორიგინალურ გზებს, ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ.


ვაპირებთ კი ამის გაკეთებას?

ვერ ვატყობ.


- ჭიათურის კონკრეტიკით რომ დავამთავროთ?

 

- თუ იმ მოცულობის მანგანუმს მაინც ვაწარმოებთ, რამდენსაც ამჟამად (ოდენობის გაზრდას თავი დავანებოთ), ამ პროდუქციას ოფშორების გარეშე თუ გავყიდით, დასაქმების, ბაზრის განვითარების დონე გაცილებით მაღალი გვექნება, ექსპორტ-იმპორტის სალდო გაგვიუმჯობესდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასიკეთოდ აისახება ბიუჯეტზე და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.



ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

 

P.S. მხოლოდ ასე და ამ გზით, ბატონმა დავითმა რომ ბრძანა, თორემ ჭიათურა, სადაც ჯერ კიდევ გზაც არის და კვალიც, რკინიგზაც მივიდა და ქალაქიც გაშენდა, შეიძლება, აკაკის ნათქვამის არ იყოს, კვლავ უდაბნოდ იქცეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016