reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: ციხეებში მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2017. 19:12
ინტერვიუ
გიორგი ვოლსკი: ციხეებში მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია!
12 თებერვალი, 2016. 13:38


„სახელმწიფოს ინტერესში აგრესიული ქმედებები არ შედის", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „მაესტროში" მიმდინარე პროცესებს. როგორც ვოლსკიმ „რეპორტიორთან" ინტერვიუში განმარტა, მსოფლიოში ვერცერთი ხელისუფლება, მედიაზე ზეწოლით, წინასაარჩევნო ველს ვერ გაათავისუფლებს და ეს არც დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში არ შედის.


ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „რეპორტიორს" გიორგი ვოლსკი ესაუბრა:


- მსოფლიოში ვერცერთი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ვერანაირ ველს ვერ გაათავისუფლებს მედიასთან ასეთი ქმედებებით. ნამდვილად არ არის სახელმწიფოს ინტერესებში რაიმე აგრესიული ქმედებები. არსებობენ მოწილეები, არსებობს წილები და არსებობს სასამართლო, სადაც ინტენსიურად განიხილება ეს საკითხი. ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, ასეთი სურვილები რომც ჰქონდეს, წარმატებული ვერ იქნება, თუკი საზოგადოება და მითუმეტეს სასამართლო სისტემა არ მიიღებს ასეთ მოცემულობას. სანამ ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება, ვნებათაღელვა არ დაცხრება, მუდმივად იქნება ხელისუფლების მისამართით ასეთი საუბრები.


ყურადღება მინდა გავამახვილო პრემიერის შეხვედრაზე გია გაჩეჩილაძესთან. ამასაც საკმაო დაფიქრება სჭირდებოდა, სანამ თვითონ გია გაჩეჩილაძე გადაწყვეტდა შეხვედრას. თუმცა, ჩუმად შეხვედრის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, ალბათ, ამის პრობლემაც არ იქნებოდა. კვირიკაშვილი საკმაოდ გახსნილი კაცია, მართალს ამბობს, ძალიან გულწრფელადაც თქვა ამ საკითხზე, რომ უფრო მეტი უნდა სცოდნოდა და შესაძლოა, შეხვედრაზე უარიც ეთქვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მეგობრების წრე საკმაოდ ვიწროა და შეხვედრას ვერანაირი პოსტის წარმომადგენელი ვერ აიცილებს  თავიდან.


- ემხრობით თუ არა ფარულ პატრულირებას?


- შესაფასებელია. როდესაც საუბარია პირად ცხოვრებაში ჩარევაზე, უნდა წარმოადგინო არამარტო ლოგიკური აზროვნების ნაყოფი, არამედ დაწერილი პრინციპები, რომლითაც ფასდება ადამიანის პირადი თავისუფლების ხელყოფის ნიშნები. თუ ასეთი რამ არ არსებობს, ლოგიკურად ვერ ვხედავ ასეთ რამეს. წინასწარ განხილვა რთულია. არ ვიცი, შეიძლება დეტალურად განხილვის დროს პირადად მე და ჩემმა მეგობრებმა ამას მხარი არ დავუჭიროთ. ამ საკითხზე შიდა კონსულტაციები ჯერ არ გვქონია. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ჩავატარებთ ფრაქციის შეხვედრას და გვექნება ამ თემაზე საუბარი.


არსებობს ქვეყნები, სადაც მეთვალყურეობა საჭირო არ არის. თავად მოქალაქეები ატყობინებენ წესების დარღვევის შესახებ პოლიციას. ეს ითვლება საკმაოდ დამაჯერებელ ჩვენებად. რაც შეეხება დარღვევას, არანაირი მაჩვენებლით თბილისში და ზოგადად საქართველოში ავტომოძრაობა არ ატარებს 21-ე საუკუნის სახელმწიფოს ნიშნებს. ცოტა გამკაცრებაა საჭირო. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპის წინაშე პოლიტიკური კეკლუცობა დავიწყოთ. რელურად, ადამიანთა სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას.


- „რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ თუკი კანონპროექტში ფარული პატრულირება დარჩება, სრულად კანონპროექტს არ დაუჭერენ მხარს.


- მგონი „რესპუბლიკელებისა" და ბევრი სხვისი გამონათქვამები ცოტა უტრირებულია. ვიმუშაოთ და იქნებ ვუჭერთ მხარს. ისე გამოდის, რომ ჩვენ თუ მხარი არ დავუჭირეთ კანონპროექტს, „რესპუბლიკელების" გამო არ დავუჭერთ. მართალი გითხრათ, არ გამიგია „რესპუბლიკელების" მხრიდან მსგავსი ულტიმატუმი. შესაძლოა, ცალკეული პირები საუბრობდნენ ამაზე, მაგრამ რესპუბლიკური პარტიის მხრიდან დემარშს ადგილი არ ჰქონია. თუ მხარს არ დავუჭერთ, ეს არ იქნება ვინმეს ულტიმატუმის გამო.


- ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველომ შესაძლოა ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. რა შეიცვალა ირანთან ურთიერთობაში სანქციების დაწესების შემდეგ?


- არის საკითხები, სადაც საქართველო დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც გლობალურ პოლიტიკას ეხება, ინტენსიური კონსულტაციები იმართება როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან. საქართველო თავისი რესურსებით არ არის იმ სიმძლავრის, რომ ასეთი საკითხები მხოლოდ საკუთარ თავზე იტვირთოს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიიღებს, აქვს მთავარი საფუძველი, რომ ქვეყანას შეუქმნას უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პირობები. მათ შორის არის ვიზა-ლიბერალიზაცია.


როდესაც ირანი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ფართო ასპარეზზე გავიდა, რასაკვირველია, საქართველოც უფრო დაცულად გრძნობს თავს. არცერთ ირანელ მოქალაქეს და ირანის ხელისუფლებას ამით არ მინდა ჩრდილი მივაყენო, მაგრამ უამრავი დაფარული პროცესია, რომლითაც შეიძლებოდა ესარგებლა ადამიანს. ახლა შეცვლილია ვითარება ირანთან მიმართებაში და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

 

- „ნაციონალური მოძრაობა" გახმაურებული საქმეების დროულად გამოძიებას ითხოვს. რამდენად კმაყოფილი ხართ პროკურატურის მუშაობით?


- საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა", როდესაც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ წარმოუდგინა დოკუმენტები, სადაც საუბარია ადამიანის უფლების, ღირსებისა და სიცოცხლის უფლების მნიშვნელოვან დარღვევებზე. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, არსებული ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იმავე ფორმატში ჩასვას. აქედან გამომდინარე, პარალელების გავლება ხდება საკითხებთან დაკავშირებით. ჯერ აცხადებდნენ, რომ ციხეებში წამება გრძელდება. თუმცა ამ თემამ გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან ციხეებში მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.


სამწუხაროდ, მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს დანაშაულები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია და საკმაოდ ბევრ წლებს ითვლის. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016