leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეუფე შიო: ვეცადოთ, ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა მოვიშოროთ

“მარხვის აზრი მდგომარეობს ჩვენი დაცემული ნების მოთოკვაში, სხეულის დამორჩილებასა და ხორციელი ვნებების დათრგუნვაში – ვეცადოთ, ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა მოვიშოროთ და ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით შევცვალოთ”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის ხუთშაბათს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია განსაკუთრებით გვახსენებს, რომ ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავების გარდა, არსებობს მარადიული ცხოვრება და ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამ მარადიული სიცოცხლისთვის.

მაგრამ როგორ უნდა მოვემზადოთ მარადისობისთვის და ღმერთთან შეხვედრისთვის? – უნდა მოვემზადოთ სულის განწმენდითა და თავშეკავებით, მარხვით. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბოროტი სულების მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით. აი, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მარხვის აზრი მდგომარეობს ჩვენი დაცემული ნების მოთოკვაში, სხეულის დამორჩილებასა და ხორციელი ვნებების დათრგუნვაში.

ამაზე საუბრობს, ასევე, წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. მას მოჰყავს მაგალითად მორბენალები და მოკრივეები და წერს: „ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი”.

აქ წმინდა პავლე მოციქული საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, რომ ისე კი არ ასპარეზობს, თითქოს არ იცოდეს, რისთვის ასპარეზობს, ფუჭად და ამაოდ კი არ მოღვაწეობს, როგორც, მაგალითად, მოკრივეები, რომლებიც ვარჯიშის დროს ჰაერში იქნევენ მუშტებს, არამედ ნამდვილ დარტყმებს ვაყენებ ჩემს მტერს, ეშმაკს, მაგრამ ამისთვის ვიმონებ და ვთრგუნავ ჩემს სხეულს, რაღა სხვას რომ ვუქადაგებ, თავად არ გამოვჩნდე უღირსიო.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, პავლე მოციქულის ეს სიტყვები გახლავთ ფუძემდებლური ქრისტიანული ასკეტიკისთვის. აქედან ჩანს, რომ ხორციელი მოთხოვნილებების დათრგუნვის და თავშეკავების გარეშე შეუძლებელია ვნებების აღმოფხვრა და სულიერ ცხოვრებაში წარმატება.

დიდი მარხვის პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ასეთი ღვაწლისთვის. ამიტომ ვეცადოთ, მოვიშოროთ ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა და შევცვალოთ ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით და დავინახავთ, რა დიდ სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენ ეს… მაგრამ ამას სჭირდება შრომა და თავის იძულება, რადგან ,,სასუფეველი ცათა იიძულების”, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ , – აღნიშნა მეუფე შიომ.

ასევე იხილეთ