ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: საარჩევნო კოდექსზე ვერაფერს ამბობენ და პროცესი უნდა დააზიანონ
“ძალიან რთულია საარჩევნო პროცესის დაზიანება. ახლა საერთოდ ელექტრონული დათვლის სისტემაა და გაყალბება, როგორც ასეთი, პრაქტიკულად, შეუძლებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საარჩევნო კოდექსზე ვერაფერს ამბობენ. აქამდე არსებული საარჩევნო კოდექსიც ფაქტობრივად, სრულყოფილი იყო. ნაკლი, რაც მას გააჩნდა ერთადერთი იყო ის, რომ ხმების დათვლას დიდი დრო მიჰქონდა, იმდენად სკრუპულოზურად იყო ჩადებული დათვლის სისტემა. ოქმი უნდა შემდგარიყო და ერთი ბიულეტენიც რომ არ დაჯამებულიყო, ამაზეც კი დიდი ამბავი ხდებოდა. ახლა საერთოდ ელექტრონული დათვლის სისტემაა და გაყალბება, როგორც ასეთი, პრაქტიკულად შეუძლებელია. ხშირად შემითავაზებია, რომ მოდელირება გააკეთოს ოპოზიციურმა მედიამ. აიღეთ ოთახი, მოაწყვეთ საარჩევნო უბანი საარჩევნო კოდექსის მიხედვით და აჩვენეთ საზოგადოებას, თუ როგორ შეიძლება ჩვენი კოდექსის და საარჩევნო წესების პირობებში არჩევნები არათუ გააყალბო, ოდნავი გადაცდომაც კი მოახდინო. წარმოუდგენელია. შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, კოდექსზე ვერაფერს ამბობენ და პროცესი უნდა დააზიანონ. ანუ, ცენტრალური საარჩევნო კომისია არაქმედითუნარიანი უნდა გახადონ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.