„ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, პრინციპში, უკვე აღიარებები, მათ შორის პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ასეთი სქემებით – ყალბი „ენჯეოების“ დაფუძნებით იღებენ უცხოურ დაფინანსებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა არასამთავრობოების დაფინანსებას ეხებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა დონორსა და საელჩოს, გაასაჯაროონ თავისი დაფინანსება, ვინაიდან, ეს არის რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება.
„ჩვენ ვნახეთ აღიარებები, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში. ასე რომ, დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროდ, ჩვენ ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვუწოდე, როგორც საჯაროდ, ისე პირადი შეხვედრების დროს, რომ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დონორი ორგანიზაცია კვლავ მალავს, რაში ხარჯავს თანხებს საქართველოში. კეთილი საქმეების დამალვა არავის არაფერში სჭირდება, როდესაც რაღაცას მალავენ, ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს და კანონს. ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული. ასე რომ, ეს ფაქტები, ჩვენთვის შემთხვევით ხდება ხოლმე ცნობილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და საელჩოს, გაასაჯაროონ თავისი დაფინანსება, ვინაიდან, ეს გახლავთ რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში, ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.