„2023 წლის მარტში, ეს ოპოზიცია ამბობდა, თითქოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებსო, რომ საქართველოს ტერიტორიული ოკუპაციის საკითხი იყოს დღის წესრიგში მაღლა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მხარი არ დაეჭირათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუციისთვის.
„ევრონესტის რეზოლუციაზე ხელის არმოწერა და მისი დაბლოკვა ამ გზით, არის პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ამ ოპოზიციას არ სურს დეოკუპაცია, პირიქით – მათ უნდათ დესტაბილიზაცია, მეტი არეულობა საქართველოში, რომ ამ ამღვრეულ წყალში როგორმე თევზი დაიჭირონ და სხვა კარით შემოვიდნენ პოლიტიკაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.