leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალეკსეი ანდრონოვი საქართველოს გამარჯვებას უსურვებს

ცნობილი რუსი სპორტული კომენტატორი და ჟურნალისტი ალეკსეი ანდრონოვი, რომელიც საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით არაერთხელ გამოსულა,  საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს (2:0) გამოეხმაურა.

ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფის 1/2-ფინალში “დინამო არენაზე” ლუქსემბურგის ნაკრები მიიღო და ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა (2:0).

48 წლის ანდრონოვმა საქართველოს წარმატება მიულოცა და ასევე რეზი, შოთა და არჩილ არველაძეების სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა ახლახან გარდაცვლილი, კიდევ ერთი ცნობილი რუსი კომენტატორის ვასილი უტკინის ოჯახს.

“საქართველომ (ხვიჩას გარეშე, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო) ლუქსემბურგს მოუგო (2:0). ნაბიჯი ევროსკენ, დარჩა კიდევ ერთი… საქართველოს გაუმარჯოს!!!

დღეს დამიკავშირდა რეზი არველაძე და მთხოვა მისგან, შოთასგან და არჩილისგან და მათი დიდი ოჯახისგან თანაგრძნობის სიტყვები გადავცე ვასილი უტკინის ოჯახს, მის კოლეგებსა და მეგობრებს. ისინი გამოთქვამენ მწუხარებას… და აი, გადავცემ”, – წერს ანდრონოვი.

ფინალში, რომელიც 26 მარტს, ასევე თბილიში გაიმართება, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს, რომელმაც თავის მხრივ ყაზახეთს აჯობა (5:0). გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს, რომელიც ზაფხულში გერმანიაში ჩატარდება. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველო-საბერძნეთის მატჩის გამარჯვებული F ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები ეყოლება.

 

ასევე იხილეთ