მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ამბობს, რომ დავმალავთ ფინანსებს, ჩვენ და ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები დავფინანსდებით უცხოეთიდან და მავნებლობებს ჩავიდენთ…
„გამოდის, რომ ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ დავმალავთ ფინანსებს, ჩვენ და ენჯეო სექტორის რიგი წარმომადგენლები დავფინანსდებით უცხოეთიდან და ამ მავნებლობებს ჩავიდენთ: ანტიჩინურს – საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობას დარტყმას მივაყენებთ; ლგბტ პროპაგანდის მხარეს დავიჭერთ და სხვადასხვა სასტუმროში ჩავატარებთ შესაბამის ტრენინგებს, წინასწარ დავგეგმავთ როგორ გავაპროტესტოთ კანონი, რომელიც არ იციან როგორ იწერება, რა ჩაიწერება შიგნით და იციან, რომ უბრალოდ ლგბტ პროპაგანდას ებრძვის ეს კანონი და ადამიანის უფლებებს არა, პირიქით, ადამიანის უფლებებს აღსრულებაში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ა.შ. და თქვენ გამოიძიეთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას და არასამთავრობოების ნაწილს პროვოკაციული მიდგომა აქვს არჩეული, რაც აზიანებს ეროვნულ ინტერესებს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება მეგობარი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა თანხები.
„ბოლო დღეებია, ამ დაფინანსებაზე ისინი ნიშნისმოგებით საუბრობენ, რომ თქვენ გამოიძიეთ. ანუ, კანონი არ მიიღოთ არავითარ შემთხვევაში, ამერიკული კანონიც არ გაბედოთ, რუსულს დავარქმევთ ამას – შარშანდელი მესიჯი, არ გეტყვით ჩვენ და თქვენ გამოიძიეთ, თუ რამეა. აი, ეს მიდგომა აქვთ მათ და ეს არის პროვოკაციული მიდგომა, რომელიც აზიანებს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება მათი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელი ფული, ოღონდ 20 და 30 პროცენტი კი არა, 100 პროცენტი. უნდა იცოდნენ, რას ხმარდება ეს ყველაფერი და მერე, ამ ენჯეოებს და პოლიტიკურ ძალებს ენდოს თუ არა, გადაწყვეტს მოქალაქე. როცა არ იცის, საიდან ფინანსდება, რაში იღებენ თანხებს, როგორ გადაწყვიტოს ამ მოქალაქემ. რას ნიშნავს ბოლო დღეების ნიშნისმოგების კამპანია ფინანსებთან დაკავშირებული, გამოჩნდება, ალბათ, რაღაც ახალი სტრატეგია აქვთ კიდევ ახალი.
ვგულისხმობ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ერთად, არასამთავრობო სექტორს ყველას არა, რა თქმა უნდა, იმათ, ვინც ამ ნიშნისმოგების კამპანიაშია ჩართული. მეტი ნიშნისმოგება რა გინდა, გამოიძიეთ, თუ რამეს აგენტობაში ვიღებო. როგორ გინდა, რომ გამოიძიო აგენტობა, როცა იცი, რომ ვიღაც ტაივანიდან იღებს თანხას და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას ურტყამს – გამოძიებულია.
როგორც კი კონკრეტულად დასვამ შეკითხვას, ანტიამერიკული, ანტიდასავლური კამპანიაა. რა უნდა გამოიძიო, გამოძიება კი არა, უბრალოდ, დეკლარაცია გააკეთეთ, რაში რამდენს იღებთ-თქო და დაარქვეს რუსული კანონი და გამოძიება რომ დაიწყოს ამაზე ვინმემ, თვითონ რასაც ლაპარაკობენ, ჩამოაქცევენ ალბათ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.