დიმიტრი ხუნდაძე: გვახსოვს ალბათ, მიგრანტი ვაშაძე კედელს რომ ელაპარაკებოდა, ისე, როგორც გოდების კედელს და ჩამოვიდა აქ ტყუილებით…
„თუკი ხელისუფლებების პერიოდს შევადარებთ, რამდენი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ, ანუ რამდენი გავიდა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდა (ამას ჰქვია უარყოფითი მიგრაციული სალდო), სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც არ იყო ვიზა-ლიბერალიზაცია, არ იყო ქვეყნიდან გასვლა გაადვილებული, 247 000 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
როგორც ხუნდაძე აცხადებს, როცა ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გარბის და უკან აღარ ბრუნდება.
„მოჰყავთ ციფრი, რომ 800 ათასი მოქალაქე გაიქცაო. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. უსინდისო, არაფერს დაფუძნებული ტყუილი. 800 ათასი მოქალაქე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ერთად აღებული ყველა ხელისუფლების დროს არ გასულა ქვეყნიდან (იგულისხმება ქვეყნიდან გასული და უკან არ დაბრუნებული მოქალაქეები). მაგრამ სპეკულირებენ ამდენი გავიდაო. სხვათა შორის, ქვეყნიდან გასვლა დანაშაული არ არის. მაშინ გამოვაცხადოთ საბჭოთა კავშირი და ჩავკეტოთ საზღვრები. ვიზა-ლიბერალიზაცია, რატომ მივიღეთ იმიტომ, რომ გავაადვილოთ საზღვარგარეთ მიმოსვლა. როცა ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გარბის. ჩვენი ხელისუფლების დროს, ქვეყნიდან 800 ათასი ადამიანია გასული, მაგრამ იქიდან არიან ბიზნესს ვიზიტით სამკურნალოდ, სასწავლოდ, ტურისტულად, პოლიტიკური მიზნებისთვის. გვახსოვს, ალბათ მიგრანტი ვაშაძე კედელს რომ ელაპარაკებოდა, ისე, როგორც გოდების კედელს და ჩამოვიდა აქ მერე ტყუილებით (ასე იყო ერთი კვირის წინაც). იმ 800 ათასში შედის თვითონაც. ამდენად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
მოდით დავითვალოთ ასე – მიგრაციის პროცესში არ გვაქვს კარგი სიტუაცია, მაგრამ ყველა ქვეყანას ჰქონდა პირველი ტალღა ემიგრაციის, ვინც ვიზალიბერალიზაცია მიიღო და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგივე მოხდა. თუკი ხელისუფლებების პერიოდს შევადარებთ, რამდენი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ, ანუ რამდენი გავიდა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდა (ამას ჰქვია უარყოფითი მიგრაციული სალდო), სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც არ იყო ვიზა-ლიბერალიზაცია, არ იყო ქვეყნიდან გასვლა გაადვილებული, 247 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პერიოდს, სასპეკულაციოდ რომ არ დავტოვოთ ომის პერიოდი, გამოვაკლოთ ბოლო ორი წელი, მიგრაციული მიმოსვლა ამოვიღოთ ანგარიშიდან, იმიტომ, რომ კიდევ უფრო პოზიტიური ციფრი დაჯდება (პლიუსზე გავა), ამიტომ ეს ნაწილი გამოვაკლოთ და „ქართული ოცნების“ დროს ხუთჯერ ნაკლები მოქალაქეა ქვეყნიდან გასული, ვინც დარჩა ემიგრაციაში და უკან არ დაბრუნდა. ეს არის 47000. ერთად რომ ავიღოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დროს ქვეყნიდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რიცხვი 300 000-ს არ აჭარბებს, მან კი [გიორგი ვაშაძემ] დაასახელა 800 000, თუმცა როგორც აღვნიშნე „ნაცმოძრაობის“ დრო ხუთჯერ მეტია გასული.
დღეს ყურში ხშირად გვხვდება, რომ ვიღაცამ ქვეყანა დატოვა და ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული ქვეყნიდან და ბევრი მეზობელიც და მეგობარიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. დღეს კი ყოველდღე ამაზეა საუბარი, მით უმეტეს ოპოზიციურ ტელევიზიებში ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ატრიალებენ ინფორმაციას, რომ თითქოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომაა ამხელა საცობები? რა თქმა უნდა, რაიონები იცლება, შიდა მიგრაცია, რომელსაც მე „თბილისიზაცია“ დავარქვი, დაწყებულია 90-იანი წლების შემდეგ და ეს პრობლემაა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.