leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლუის ენრიკე: სულერთია, ქართველია თუ ესპანელი

ბოლო დროს ესპანეთში შერეული ორთაბრძოლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ამაში უდიდესი წვლილი UFC-ის ქართველ-ესპანელ ჩემპიონს, ილია თოფურიას მიუძღვის. 27 წლის დაუმარცხებელ მებრძოლს, რომელმაც თებერვალში გამართულ სატიტულო ბრძოლაში ავსტრალიელი ალეკსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქუი წონის ჩემპიონი გახდა, ესპანეთში არაერთი ცნობილი სახე აღიარებს და გულშემატკივრობს. მათ შორისაა ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი, ამჟამად კი პარი სენ-ჟერმენის დამრიგებელი ლუის ენრიკე.

სულ ახლახან 53 წლის სპეციალისტმა აღიარა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც MMA-ს თვალს ადევნებს და საკმაოდ კარგად იცნობს თოფურიას და მის შესაძლებლობებს.

“მრავალი წელია, ილია თოფურიას ვიცნობ და ვიცი, ვინ არის ის. დღეს ბევრი ხდება UFC-ის ფანატი, მაგრამ მე დიდი ხანია თვალყურს არამხოლოდ ილიას, მთლიანად UFC-ის, მის ისტორიასა და ყველა მებრძოლს ვადევნებ. ძალიან მომეწონა თოფურია-ვოლკანოვსკის ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ვოლკანოვსკიც იყო.

ჩემთვის სულერთია, ის ესპანელია თუ ქართველი. ის ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს იმ ღირებულებებითა და დონით, რომელსაც ბრძოლაში აჩვენებს. იმედია, ახლა შევურჩევთ მას კარგ მეტოქეს და ისიც შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას, ლიდერობისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას. ვფიქრობ, მას იმის ძალაც შესწევს, რომ ზედა დივიზიონში ანაცვლება და ქამრების გაერთიანებაც მოინდომოს”, – აქვეყნებს ლუის ენრიკეს სიტყვებს ესპანური მედია.

ილია თოფურია, რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს და ახლა უკვე ამ ქვეყნის მოქალაქეობასაც ფლობს, ვოლკანოვსკისთან მოპოვებული გამარჯვების წყალობით გახდა პირველი ქართველი და ამავდროულად, პირველი ესპანელი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა. ცნობილია, რომ ილია UFC-ის ღონისძიების ჩატარებას მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” აპირებს, მისი სასურველი მეტოქე კი კონორ მაკგრეგორია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, სად და ვისთან გამართავს მომავალ შეხვედრას ქართველ-ესპანელი მებრძოლი.

 

ასევე იხილეთ