საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს! ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში “დინამო არენაზე” ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.
ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, რომელმაც ყაზახეთს ადვილად აჯობა. ბერძნული გამოცემა Sport24 მომავალი ფინალის შესახებ წერს:
“საბერძნეთის ნაკრების ამოცანა ერთია: ევრო 2024-ზე გერმანიაში ყოფნა. ის ამას იმსახურებს და თბილისში შეუძლია მიზანს მიაღწიოს. ყაზახეთის ბარიერი ძალიან მარტივად დავძლიეთ, იმაზე ადვილად, ვიდრე ველოდით და ახლა თბილისში, ევრო 2024-ის საგზურისთვის მივდივართ.
ჩვენ ვიმსახურებთ ზაფხულში ფინალურ ეტაპზე ყოფნას, იმ ჩემპიონატზე, რომელიც 20 წლის წინ მოვიგეთ და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ შეგვიძლია ეს საგზური მოვიპოვოთ.”
კვარაცხელია და მისი კომპანია
“ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ ხვიჩა კვარაცხელიაა. ნაპოლის სუპერვარსკვლავი საუკეთესოა ქართული ფეხბურთის ბოლო წლებში, მაგრამ “კვარადონა” მარტო არ არის. ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ და კვარა უბრალოდ ტორტზე ალუბალია. ეს არის გუნდი, რომელსაც მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს და მას დაეყრდნობა, რათა უახლოეს წლებში დიდ ტურნირზე გავიდეს. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელების თაობა ჰყავს, ლუქსემბურგთანაც დაამტკიცეს, რომ კვარაცხელიას გარეშეც შეუძლიათ გამარჯვება.
გუსტავო პოიეტის არჩევანმა ყაზახეთთან 100%-ით გაამართლა. ურუგვაელმა კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს თბილისში, სადაც განსხვავებული სიტუაცია იქნება”.