ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად შეიარაღებული ბანდის, Delmas 95-ის, ლიდერი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters პოლიციასა და ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჰაიტის პოლიტიკური ჯგუფები გარდამავალი საბჭოს დაკომპლექტებას ასრულებდნენ.
საბჭომ პრემიერ-მინისტრ არიელ ანრის გადადგომის შემდეგ ქვეყნის მმართველობის სადავეები დროებით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, ხელში უნდა აიღოს.
გაეროს სპიკერის ცნობით, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიესალმა ცნობებს იმის შესახებ, რომ ჰაიტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა გარდამავალი საბჭოს ყველა წევრი აირჩიეს, რომლებიც მომავალი არჩევნების წინ ქვეყანაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას შეასრულებენ.
ცნობისთვის, ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო თანამდებობას ტოვებდა. გადადგომის შესახებ ვიდეომიმართვაში არიელ ანრიმ აღნიშნა, რომ მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, გარდამავალი საბჭოს შექმნის შემდეგ დაუყოვნებლივ გადადგებოდა.
არიელ ანრი პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ ქვეყანას 2021 წლის ივლისიდან დროებით მართავდა. მან ჰაიტიში უსაფრთხოების აღდგენის მოტივით საპრეზიდენტო არჩევნები არაერთხელ გადადო. ამის გამო ბევრი ჰაიტელი მისი მმართველობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა.
ბოლო დღეების განმავლობაში მძიმედ შეიარაღებული ბანდები ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ქუჩებს აკონტროლებდნენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.
მათ ჰაიტის ორი დიდი ციხე შტურმით აიღეს და 4 000-მდე პატიმარი გაათავისუფლეს.