პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა კილიან მბაპემ სანაკრებო შეკრებაზე ფრანგულ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, ახლა მხოლოდ სეზონის დასკვნით ნაწილზეა კონცენტრირებული, თავის მომავალზე ყველა შეკითხვას პასუხი კი, ევრო 2024-ის დაწყებამდე გაეცემა.
“ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერი მაქვს გამოსაცხადებელი. ამ მომენტში თავს კარგად ვგრძნობ, ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და მინდა, საუკეთესო ფორმაში შევხვდე. როდესაც ევროპის ჩემპიონატის დრო დადგება, მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებზე ვიქნები კონცენტრირებული და არა სატრანსფერო ბაზარზე. როდესაც ჩემს თამაშებს უყურებთ, ხედავთ ბიჭს, რომელიც სატრანსფერო ჭორებით შეწუხებულია? ვწუხვარ, რომ თქვენი იმედის გაცრუება მიწევს, მაგრამ ჯერჯერობით, ამაზე არაფერი მაქვს სათქმელი. ახლა არ არის შესაფერისი დრო ჩემს მომავალზე დასაფიქრებლად, სეზონის ფინალური ეტაპია და რამდენიმე ტიტული დევს სასწორზე, ჩემს გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიგებთ”, – თქვა მბაპემ.
კილიანმა კომენტარი პარიზის ოლიმპიადაზე შესაძლო მონაწილეობაზეც გააკეთა: “ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული, არც ამის შესახებ შემიძლია რამის თქმა. თუ არ ვიქნები ოლიმპიადაზე, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, გავაკეთებ იმას, რასაც მეტყვიან”.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. დიდი ხანია საუბრობენ, რომ ფრანგი ვარსკვლავი მომდევნო სეზონიდან მადრიდის რეალში ითამაშებს.