top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: ევრონესტის საგანგებო რეზოლუციის პროექტი  საქართველოს ინტერესებზე იყო მორგებული

“რეზოლუციის ტექსტი იყო აბსოლუტურად საქართველოს ინტერესებზე მორგებული, არაფერი იქ ისეთი არ იყო, რომ უხერხულობა გასჩენოდა ოპოზიციას იმის, ხელი მოეწერა. საქართველოს ევროპულ მომავალზე იყო საუბარი ყოველგვარი მთავრობის და „ქართული ოცნების“ ხსენების გარეშე”, –  ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ევრონესტის საგანგებო რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

„ევრონესტში საქართველოს დელეგაცია, პირველ რიგში, უნდა ცდილობდეს, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს გაჟღერებული თანამშრომლობის ამ ფორმატში. აქედან გამომდინარე იყო იდეა, რომ იცით, ევროპარლამენტის ვადა იწურება, ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ამ მოწვევის ევროპარლამენტთან და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, რომ სამ კანდიდატ ქვეყანას გაგვეჟღერებინა ჩვენი პოზიციები და კიდევ ერთხელ დაფიქსირებულიყო ევროპარლამენტის და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ გვქონდა მცდელობა დაგვეინიცირებინა რეზოლუციის პროექტი. ტექსტი თქვენ ნახეთ და ნახა მაყურებელმაც, რომ იყო აბსოლუტურად საქართველოს ინტერესებზე მორგებული, არაფერი იქ ისეთი არ იყო, რომ უხერხულობა გასჩენოდა ოპოზიციას იმის, ხელი მოეწერა.

საქართველოს ხელისუფლების ქება-დიდებაც კი არ იყო. [რეზოლუციაში] საქართველოს ევროპულ მომავალზე იყო საუბარი ყოველგვარი მთავრობის და „ქართული ოცნების“ ხსენების გარეშე და აქ მთელი აქცენტი იყო საქართველოს ინტერესზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, [ევროკავშირის წევრობის] მოლაპარაკებების დაწყებაზე სამივე ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი, ნებისმიერი ქართველისთვის მისაღები ტექსტი, რომელზეც არცერთი წამი არ უნდა დასჭირვებოდა საქართველოს არცერთ პარლამენტის წევრს, რომ მისთვის ხელი მოეწერა.

ამაშია პრობლემა და ამაშია საქმე, რომ მათ [ოპოზიციონერ დეპუტატებს] დასჭირდათ მთელი დღე იმისთვის, რომ ეფიქრათ, პოზიცია დაეფიქსირებინათ ტექსტთან დაკავშირებით. ცხადი იყო, რომ მათი ინტერესი საერთოდ არ იყო ამ ტექსტზე ხელმოწერა და სურვილი არ ჰქონდათ, რომ მათი კონტრიბუცია ყოფილიყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე მიღებულ რეზოლუციის ტექსტში, ან ამ პროცესში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

„მონები“, „ქვეყნის გამყიდველები“, „სამარცხვინოები“ – ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელიდან დაბრუნებულ რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევრონესტზე პროევროპულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

 

 

ასევე იხილეთ