მაკა ბოჭორიშვილი: მოველი, რომ საქართველოზე ევროპული საბჭოს შემდგომი გადაწყვეტილებები იქნება პოზიტიური
“მოველი, რომ შემდგომში უკვე საქართველოზეც იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები, თუმცა ამისთვის საჭიროა ევროკომისიის პოზიტიური შეფასებები ჩვენთან დაკავშირებით”, – ასე შეაფასა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარისას.
„ამ დროისთვის ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში რაც დგას, ეს არის უკრაინა და მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნა. ეს ვიცით ჩვენ, ვინაიდან საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება სწორედ ამას ეხებოდა. თარიღიც კი იყო ევროკომისიის მიერ დასახელებული, 24 მარტი, თუმცა, როგორც ვნახეთ, ვერ მოხდა მაინცდამაინც 24 მარტს გადაწყვეტილების მიღება, რომ უკვე გახსნილიყო მოლაპარაკებები, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დროის გარკვეული მონაკვეთი მონიშნული, რათა შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქროთ – ეს არის შემდგომი ანგარიში, როდესაც გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში შემოდგომაზე და შევხედავთ როგორ შეფასდება საქართველოს პროგრესი.
ამ პერიოდში ვიცით, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე მუშაობენ ევროკომისიაში, ამზადებენ მოლაპარაკებების ჩარჩოს და მოელიან, რომ ევროკავშირის საბჭო უახლოეს მომავალში გაიზიარებს ევროკომისიის პოზიციებს და შესაძლებლობა გაჩნდება, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ოფიციალურად. ეს დასკვნები მნიშვნელოვანი იყო ზოგადად გაფართოებისთვის, ვინაიდან ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. მოველი, რომ საქართველოზეც (ევროპული საბჭოს) შემდგომი გადაწყვეტილებები იქნება პოზიტიური, თუმცა ამისთვის საჭიროა ევროკომისიის პოზიტიური შეფასებები ჩვენთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისიის 2024 წლის 12 მარტის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.