„მოსამართლეთა პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ე.წ. ვეტინგის საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევასა და კონსტიტუციის დარღვევას არ დაუშვებს.
„ვეტინგის“ საკითხი დახურულია. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც საქართველოში უზენაესი კანონია. მოსამართლეთა პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი. რაიმე სახით, იმ პროცესის განმეორება სურთ, რომელსაც 2003-2005 წლებში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე არიან.