“პოლიტიკური პარტიების შემოვლითი გზით დაფინანსების საკითხზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, კონკრეტული მაგალითების მითითებით”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აქვს “ენჯეო”, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.
„ნებისმიერი ოპოზიციური პარტია დაასახელეთ, ფაქტობრივად, ყველას აქვს ისეთი „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. უკვე ამდენი ხანია გვაქვს მოწოდება საელჩოებისა და დონორი ორგანიზაციების მიმართ, რომ დააკვირდნენ ამ პროცესს და უზრუნველყონ, რომ ასეთი ტიპის დაფინანსებები იყოს გამჭვირვალე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფული მიედინება პარტიაში, (დაფინანსება) შეწყდეს, ვინაიდან ეს არის არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობის დარღვევა, საიდანაც ეს ფული მოედინება.
საბედნიეროდ, არასამთავრობო სექტორის მხოლოდ ნაწილია ასეთი სქემების მონაწილე და მათ შორის, ისინი, ვისაც პირდაპირ აქვს პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე. წესით, ამით რეალურად, აღარც შეიძლება, ჩაითვალონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად. ეს არის მხოლოდ მცირე, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ყველაზე მდიდარი ნაწილი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ცუდი გავლენა ჰქონდეს ამა თუ იმ პროცესზე“, – ამბობს პაპუაშვილი.