leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჟურნალისტი, რომლის ჰონორარი „კგბ“-მ საბჭოთა კავშირის განვითარების ფონდში გადარიცხა

თეიმურაზ ქორიძის დოსიე:

აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, თარჯიმანი. ჟურნალისტური მოღვაწეობა 36 წლის ასაკში დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებში „თბილისი“, „დრონი“, „ტფილისის უწყებანი“,  რადიო „თავისუფლებასა“,  საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში..

დღეისათვის გამოცემულია მისი ოთხი წიგნი. მათგან ორი – „დიდი წვრილმანები“ და  „საუბრები ჟურნალისტიკაზე“ – სახელმძღვანელო წიგნებია ჟურნალისტებისთვის; ფილოსოფიური ლექსიკონი (სტატიების კრებული) „ბედისწერა“ და ლიტერატურულპუბლიცისტური ნარკვევების კრებული „შენ რომ სხვა მაჰკლა…“ გამოსაცემად მზად არის პოლიტიკური პუბლიცისტური ჟანრის სტატიების ორი კრებული „თექვსმეტი ნაბიჯი დიქტატურისაკენ“ და „ლაჩრების შურისძიება“; სამართლებრივი პუბლიცისტიკის ჟანრის ორი კრებული „ნაცისტები და ნარცისები“ და „უმოკლესი გზა ჯოჯოხეთისაკენ“; ქართულ-რუსული, ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური პრობლემების ამსახველი სტატიების კრებული „ამაღამ ჩემთან წამოდი…“   აგრეთვე, თარგმანების ორტომეული – ალექსანდრე დიუმას „გოთიკური მოთხრობები“ და პოპულარული მწერლების თარგმანების კრებული „ბრუკლინს მხოლოდ მკვდრები იცავენ“.  თარგმანები შესრულებულია ფრანგული, გერმანული, რუსული და არაბული ენებიდან. თეიმურაზ ქორიძის თარგმანები გამოქვეყნებულია „მსოფლიო ლიტერატურის“ მეოთხე და მეხუთე ტომებშიც.

როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტიკაში აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი

თეიმურაზ ქორიძე: ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ – თეიმურაზ ქორიძის გაჟურნალისტებას მადლიერი ქართული ჟურნალისტური სამყარო ბატონ არჩილ გოგელიას, იმჟამად გაზეთ „თბილისის“ რედაქტორს, უნდა უმადლოდეს. როცა უცნობი დიდუბელი უპარტიო და „უსაქმური ბიჭის“ ერთადერთ „ლიტერატურულ ნაშრომს“ – ავტობიოგრაფიას გაეცნო, მაშინვე „თბილისის“ რედაქციის კორესპონდენტობა შემომთავაზა, რასაც დიდსულოვნად დავეთანხმე.

უცხოეთში გახმაურებული ექსკლუზივი

თეიმურაზ ქორიძე: 1989 წელს, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნდა ჩემი ნაშრომი სათაურით „ჩემი ქმარი ლავრენტი ბერია“. ეს იყო ნინო გეგეჭკორის, ლავრენტი ბერიას მეუღლის მონოლოგი. აქვე, თუ შეიძლება, ცოტას წავიტრაბახებ – მე ვარ პირველი და უკანასკნელი ჟურნალისტი მსოფლიოში, ვინც ქალბატონ ნინოსთან შეხვედრა მოახერხა. ის მონოლოგი უცხოურმა გამომცემლობებმა გამოქვეყნებისთანავე აიტაცეს.

როგორ  „აიტაცა“ უშიშროებამ უცხოეთში გამოქვეყნებული მასალა

თეიმურაზ ქორიძე: ერთ მშვენიერ დღეს, უშიშროებიდან (მაშინდელი КГБ-დან) დამირეკეს და თავაზიანად მთხოვეს მათ ოფისში მისვლა. მივედი. სიმპათიური,  განათლებული ახალგაზრდა კაცი უშიშროების სამსახურის პოდპოლკოვნიკად გამეცნო და მკითხა: მყავდა თუ არა ნათესავები დიდ ბრიტანეთში? – იქაურზე რა მოგახსენოთ, მაგრამ  გურული ნათესავები ნამდვილად მყავს-მეთქი, ვუპასუხე. როგორც ჩანს, ჩემმა იუმორმა პოდპოლკოვნიკს გული ვერ აუჩვილა. თუმცა, ჩემი აღშფოთების შემდეგ, მითხარით, აქ რატომ მომიყვანეთ-მეთქი, გამომიტყდა – დიდ ბრიტანეთში თქვენი სტატია გადაუბეჭდავთ და ჰონორარი გადმოგიგზავნეს – 5000 გირვანქა სტერლინგიო!.. შეგახსენებთ, ეს ამბავი 1989 წლის მიწურულს ხდება, როცა პურის ფულიც სანატრელია. ამის შემდეგ თავისი უწყების განზრახვა გამანდო: ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ამხანაგო თეიმურაზ, ეს ფული საბჭოთა კავშირის განვითარების ფონდში უნდა გადარიცხოთო. ერთხანს ვიწუწუნე – დანგრევის პირას მისულ საბჭოეთს ეს ფული მაინც ვერაფერს უშველის, ჩემს ოჯახს კი ცოტას შეეშველება-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. საბოლოოდ, ჩემი 5000 გირვანქა სტერლინგი საბჭოთა განვითარების ფონდში გადარიცხეს. მე კი საკომპენსაციოდ 500 საბჭოთა მანეთი მიბოძეს.  თუმცა, თავი შემიძლია იმით ვინუგეშო, რომ ჩემი მასალა მსოფლიოს 40-ზე მეტ  ქვეყანაში დაიბეჭდა.

„ბატონო ედუარდ, გვეშველება რამე?“

თეიმურაზ ქორიძე: ეს ამბავი 2009 წლის დეკემბრის მიწურულს მოხდა. მაშინ უნიკალური იუმორით ცნობილ  ედუარდ შევარდნაძეს შევხვდი. ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის, სააკაშვილის ფენომენზეც.  დამშვიდობებამდე ვკითხე: ბატონო ედუარდ, რას ფიქრობთ, გვეშველება რამე? – შევარდნაძე სავარძელში ღრმად ჩაეფლო და ფიქრებში ჩაიძირა. ის იყო, გავიფიქრე, ალბათ დავავიწყდი-მეთქი, რომ მომიბრუნდა და ფართოდ გამიღიმა – „გვეშველება, აბა, არ გვეშველება? უცხოელი მეგობრები საქართველოს არ მიატოვებენ, მარა“… აქ მორიგი პაუზის მერე დაამატა:  „მარა, ამ მთავრობის ხელში არაფერი არ გვეშველება“…

სამი რჩევა კოლეგებს

თეიმურაზ ქორიძე: რაც შეეხება, ჩემს მოკრძალებულ რჩევებს, მათგან სამს გაგანდობთ:

– ჟურნალისტი ინტერვიუსთვის სათანადოდ მომზადებული უნდა იყოს. თუ  თქვენთვის დავალების მიზანი ბუნდოვანია, ინტერვიუ არ გამოვა. ამიტომ, მის მოსამზადებლად აუცილებლად უნდა მოითხოვოთ იმაზე მეტი დრო, ვიდრე სინამდვილეში გჭირდებათ.

– გამოუცდელობისა თუ პროვინციული თავმდაბლობის გამო, ზოგჯერ ჟურნალისტი აშკარად ექცევა რესპონდენტის გავლენის ქვეშ. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, თუ მოსაუბრე ცნობილი და გავლენიანი პერსონაა. ჩემი რჩევაა, იყოთ ყურადღებით, თორემ სექსუალურ უმცირესობებზე დაწყებული საუბარი შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებში გადაიზარდოს.

– თუ გრძნობთ, რომ ბევრი ფიქრის მიუხედავად, ინტერვიუს მიზანი ბოლომდე ნათელი არ არის, ჯობს, უარი თქვათ. გულდასაწყვეტი არაფერია, თითქმის ყველა რედაქციაში მოიძებნება ჟურნალისტი, ვისთვისაც ჰონორარი თავმოყვარეობასა და პროფესიულ ეთიკაზე მაღლა დგას…

როცა ჟურნალისტი ლიტერატორიცა

თეიმურაზ ქორიძე: ჩემი ლიტერატორობა მკითხველის შესაფასებელია. როცა მეუბნებიან, შენი ესა და ეს ნაშრომი სულმოუთქმელად წავიკითხეო, ბედნიერი ვარ. იმედია, ოდესმე გამოჩნდება კეთილი ადამიანი, ვინც დასაბეჭდად გამზადებული ჩემი წიგნების გამოცემით დაინტერესდება. ეს არის პირუთვნელად დანახული საქართველოს უახლესი ისტორია, რაც, დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობებისთვის საინტერესო იქნება.

ასევე იხილეთ