მამუკა მდინარაძე: რამდენიმე მინისტრი ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა

„დღეს მე ვიქნები რესპუბლიკის მოედანზე. გავიყავით, როგორც იტყვიან. ნახევარი უმრავლესობა რესპუბლიკის მოედანზე ვიქნებით და დანარჩენები, ვისაც ბილეთები შეხვდა, იქნებიან სტადიონზე”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა.
„ლევან კობიაშვილს ველაპარაკე გუშინ თუ გუშინწინ და მითხრა, რომ როდესაც ბილეთები გაიყიდა, იმ წუთის მდგომარეობით ნახევარი მილიონი ადამიანი იდგა რიგში. ანუ, რამდენმაც ყიდვა შეძლო, საბოლოო ჯამში 20 იმდენი დარჩა ბილეთის გარეშე და მოდი ამ ხალხს გავუწევთ ანგარიშს და ძალიან ბევრი ჩვენგანი, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა და მათთან ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ძალიან მაგარ ბიჭებს და ძალიან მაგარ ნაკრებს. არ ვიცი, ამაზე მაგარი დღე რა შეიძლება იყოს.
დღეს უნდა გავიმარჯვოთ. უნდა მოვახერხოთ და გავიმარჯვოთ. ეს იქნება ქვეყნის ახალი ისტორია, არა მხოლოდ ფეხბურთის. ვუსურვებ უდიდეს წარმატებას ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ამ ეროვნული საქმის გაკეთებაში და ჩვენ დღეს უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.