მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს ყველა ის საფუძველი, რომ ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მზად იყოს
“დღეს აქტუალური იყო ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებითაც პროგრესის დაფიქსირება, ესეც ერთგვარი ბალანსის შესაქმნელად ხდება, რადგან დღეს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს რეგიონს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და არსებობს მომენტები, როდესაც საჭიროა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მეტი წახალისება მიეცეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ევროკავშირში გაწევრიანება არის პოლიტიკური პროცესი და ნებისმიერი ნაბიჯი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ შევქმნათ ყველანაირი საფუძველი, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოსთვის სასარგებლო იყოს. თუმცა მეორე მხრივ, 2 წლის წინ ვნახეთ გადაწყვეტილებები, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი საფუძველი იყო შექმნილი, საქართველოს ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული, რომ ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი, მოხდა მოლდოვას და უკრაინის წინ წამოწევა და საქართველოს უკან დაწევა. ასეთი რამ ხდება ხოლმე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეული დღის წესრიგით მოქმედებენ. დღეს აქტუალური იყო ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებითაც პროგრესის დაფიქსირება, ესეც ერთგვარი ბალანსის შესაქმნელად ხდება, რადგან დღეს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს რეგიონს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე; ახალი კანდიდატი ქვეყნები გაჩნდნენ – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და რა თქმა უნდა არსებობს მომენტები, როდესაც საჭიროა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მეტი წახალისება მიეცეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, იმისთვის რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ.
ასე, რომ აქ დრამატულს მე ვერაფერს ვხედავ. თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში საქართველო არ ჩამორჩეს და არ დავიჩაგროთ, რადგან მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს აქვს ყველა საფუძველი, რომ იყოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მზად და ეს არის ჩვენი გზავნილი ყველგან, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ის შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც სხვა კანდიდატ ქვეყნებს უჩნდებათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იაროს და მეტი სიკეთეები მიიღოს ევროკავშირისგან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.