სიტყვებს შორის დაფარული აზრის ამოცნობა ჯერ კიდევ ბავშვობაში მოსწონდა. მოგვიანებით დარწმუნდა, რომ ცხოვრება რეალურადაა თამაში და ეს მომენტი დისერტაციის დაცვისა და სამეცნიერო საქმიანობის დროს ამოსავალი გახდა. 2014 წელს დაცული დისერტაცია საფუძვლად დაედო მის მიერ შეადგენილ დამხმარე სახელმძღვანელოს „ენობრივი თამაშები“ და კრებული „შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ასი იდიომი“.
ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური ენის სპეციალისტი მაია გიორგაძე 2010 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. ოცი სამეცნიერო სტატიისა და ორი სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორია. ერთ მშვენიერ დღეს, ცხოვრებამ თავად შესთავაზა, რომ მისი „თამაშის წესის“ მიხედვით ემოქმედა…
– ქალბატონო მაია, როდის და რატომ დაინტერესდით სიტყვების თამაშით სერიოზულად?
– სიტყვებში დამალული აზრების გამოცნობა ბავშვობიდან მიყვარს. მიმაჩნია, რომ ცხოვრება სხვადასხვა როლის მორგებით დიდ სცენაზე თამაშია. ჩემი დისერტაციის თემაც იყო „სიტყვათა თამაშის ფუნქცია, სემანტიკა, პრაგმატიკა და თარგმანი“. როგორც მასწავლებელ-ტრენერმა, ექვსი წლის წინ, გერმანიის ქალაქ ვიადრინას უნივერსიტეტში წარვადგინე პროექტი „სიტყვათა თამაშის გამოყენება სწავლებისა და სწავლის პროცესში ანუ სწავლება ენობრივი თამაშებით“. ჩემი წიგნები ინგლისური ენაზე დაყრდნობით აიგო. შემიძლია ვთქვა, რომ თამაშებითა და სახალისო მიდგომებით ენის ათვისება ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიასთან ამართლებს.
– რომელ წიგნზე მუშაობა იყო გამორჩეულად საინტერესო?
– გავიხსენებ მეორე მონოგრაფიას, რომელიც ჩემს ყოფილ ლექტორთან, მაგისტრატურის ხელმძღვანელთან, ახლა უკვე მეგობართან, საოცრად განათლებულ ადამიანთან, ნინო ქემერტელიძესთან ერთად შეიქმნა. აქაც ვთამაშობთ – „Unlocking the Secrets of Language: A Journey through English Stylistics“. ეს წიგნი ინგლისურ ენაზე დაიწერა და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. მალე საქართველოშიც დაიბეჭდება.
– როგორ ხსნით იმას, რომ ხატვაც რომ სპონტანურად, ასე ვთქვათ, თამაშით დაიწყეთ?
– დიახ, ხატვა მოულოდნელად დავიწყე და ამ ფაქტს იმით ვხსნი, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს სტრიქონებს მიღმა აზრის კითხვა – ეს ერთგვარი ხელოვნებაა და ცოდნა უნდა. დიახ, ალბათ იმის დასტურიცაა, რომ სამყაროს მინიშნება სწორად ამოვიცანი და წავიკითხე. ერთ მშვენიერ დღეს შევიძინე ფუნჯი, ტილო, საღებავები. მაშინ ისიც არ ვიცოდი, როგორ უნდა მეხატა. პირველად ბაბუაწვერები დავხატე, უფრო სწორად, შემომეხატა… დღეს, პროფესიონალი მხატვარი ქეთი საბანაძე დეტალების ტექნიკურად გამოსახვას მასწავლის.
– წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტულიც სტუდენტებმა თამაშით სწავლების მეთოდების გამო მოგანიჭეს?
– დიახ, ვფიქრობ, 2014 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანონიმური გამოკითხვის შედეგად სტუდენტების რჩეული პედაგოგი რომ გავხდი, ალბათ არამარტო მეგობრული ურთიერთობის, ამ მეთოდის დამსახურებაცაა. დარწმუნებული ვარ, რომ სწავლების პროცესი ჩარჩოებში არ უნდა მოექცეს. მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედი, კრეატიულად მოაზროვნე და სტუდენტებში შემოქმედებითი აზროვნების უნარი განავითაროს. მიხარია, რომ ისინი ფრაზის შენიღბულ აზრს უკვე მცირე მინიშნებითაც ხვდებიან. ცხოვრება ხომ მართლაც მშვენიერი თამაშია?!