„მოლდოვაშიც მოქმედებს „ვეტინგის“ კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც, რომელიც პასუხისმგებელი იყო ეთიკასა და ანტიკორუფციულ კომპონენტებზე, ნიდერლანდელი მოსამართლე, ჰერმან ფონ გებელი, სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან გაირკვა, რომ ეთიკასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონია“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
დავით ქართველიშვილმა „ვეტინგის“ უარყოფით მხარეებზე მოლდოვას მაგალითზე დაყრდნობით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, საკუთარი ინსტიტუციების სამართავად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა არ სჭირდება.
„ნიდერლანდელმა მოსამართლემ მოლდოვაში „ვეტინგის“ კომისიის წევრად დანიშვნისთანავე საკუთარი შრომითი ბიოგრაფიის კონკრეტული ნაწილი გააყალბა და არ აღიარა ის, რომ 2020 წლის მაისიდან დღემდე ნიდერლანდების ერთ-ერთი ქალაქის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. „ვეტინგის“ კომისიის რეგლამენტით კი ორ ადგილზე მუშაობა აკრძალულია. ასევე, ეს ის მოსამართლე აღმოჩნდა, რომელიც ნიდერლანდებში სასამართლოს რეფორმირებაზე მუშაობდა, რისთვისაც მრავალმილიონიანი ტრანში იყო გამოყოფილი, ხოლო მან ამ ტრანშიდან 760 000 ევრო მიითვისა. დღეს კი ის ანტიკორუფციულ კომპონენტზე ზედამხედველ კომისიის წევრად მუშაობს.
როცა დღეს ევროკავშირის ელჩი გამოდის და იმისთვის გვაკრიტიკებს, რომ თურმე რანაირად შეგვიძლია ვენდოთ საკუთარ სასამართლო კოლეგიას საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე, ალბათ ქართული „ვეტინგის“ კომისიაში ერთ-ერთ წევრად პოლონეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მოიაზრებოდა, რომლის მიმართაც დღეს კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. ამიტომ, ისეთი სახიფათო ექსპერიმენტი, როგორიც „ვეტინგია“, ჩატარდეს – მოლდოვაში, კოსოვოში, ალბანეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მაგრამ საქართველოს თავი დაანებონ. თავი დაანებონ საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას – რამენაირად შევძლებთ საკუთარი ინსტიტუციების საკუთარი ხელით მართვას ისე, როგორც ეს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს შეეფერება“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.