leaderboard_below_slide
left_sabechdi

არგენტინული მედია: საქართველომ ისტორია შექმნა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა

საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მას შემდეგ რაც პენალტების სერიაში საბერძნეთს სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა TyC Sports-ი წერს.

„ქვეყანამ, რომლის ნაკრებსაც ამჟამად ფრანგი ვილი სანიოლი წვრთნის, 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად დიდ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. F ჯგუფში საქართველოს მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

120 წუთის დიდი ნაწილის განმავლობაში უპირატესობა ურუგვაელი გუსტავო პოიეტის გაწვრნილ საბერძნეთს ჰქონდა, თუმცა შეტევაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება აკლდათ. ძირითად დროში საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო მომენტი ჩაკვეტაძის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ვლახოდიმოსმა კუთხურზე მოიგერია.

დამატებით დროში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები: ბერძნებს მამარდაშვილმა არ გაატანინა, ვლახოდიმოსმა კი დავითაშვილის და წიტაიშვილის დარტყმები მოიგერია. მატჩის მიწურულს მცირე დაზიანების გამო შეცვლა ქართველთა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოითხოვა.

პენალტების სერიაში მამარდაშვილმა ბაკასეტასის დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი მიქაუტაძის დარტყმა აღმოჩნდა არაზუსტი. თუმცა იაკუმაკისმა თავისი შანსი ასევე ვერ გამოიყენა და ნიკა კვეკვესკირმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რასაც სიგიჟე მოჰყვა 55 000-იანი „დინამო არენის“ ტრიბუნებზე – გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ, რათა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ეზეიმათ“, – წერს გამოცემა.

 

ასევე იხილეთ