თეა ახვლედიანი: გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 12 გადმოსვენებული პირის, აქედან 10 სამხედრო მოსამსახურის, ოჯახებისთვის, რომლებიც 30-წლიანი მოლოდინის ფონზე, კიდევ ერთხელ განიცდიან თავიანთი ახლობლის გარდაცვალების დადასტურებით გამოწვეულ ტკივილს და მე, კიდევ ერთხელ მინდა, მათ თანაგრძნობა გამოვუხატო და გამოვთქვა რწმენა, რომ ამ ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულება, მცირედ შვებას მაინც მიანიჭებს მათ. საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება მთავრობის კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში უკვე გაზრდილი დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი კი არის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის მოგვარების ჩვენს ეროვნულ მიზნებს, რათა არასდროს განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 300. დაახლოებით 2000 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.