ებრაული ანდაზაა: „ღმერთს არ შეუძლია, ერთდროულად ყველგან იყოს, ამიტომაც მან შექმნა დედა“. შორენა მონდაძე თვლის, რომ ღმერთის ყველაზე დიდი წყალობა ოჯახია. სხვათა შორის, თავის ერთ-ერთ შვილს წყალობა დაარქვა. შვილი კი, შორენა მონდაძეს 11 ჰყავს.
თუმცა ხატვის ხელოვნებას თავის დროზე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში დაეუფლა, მაინც თვლის, რომ მოყვარული მხატვარია. ყველაზე დიდი სტიმული მისთვის აღიარებული ხელოვანის, მოქანდაკე გივი მიზანდარის შექება გახდა.
შორენა მონდაძე: „საბავშვო თემატიკაზე ხატვა განსაკუთრებით მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემში ბავშვობის სიკეთე დღემდეა შემორჩენილი. ძირითადად ცნობილი ნახატების ასლებს ვქმნი. სოციალური თემატიკის ნამუშევრებიც მომწონს. პირველად ფოტოდან ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე. დღეს უკვე შეკვეთებზეც ვმუშაობ“.
პირველი „შეკვეთა“ შვილებისგან მიიღო. ხატვის ნიჭი და შრომის სიყვარული შვილებსაც გამოჰყვათ. მეუღლის თხოვნით, რომელიც სასულიერო პირია, ძირითადად, ბიბლიურ თემატიკაზე მუშაობს. არაჩვეულებრივი ხელწერის მქონე მხატვარი ქალბატონის ნამუშევრებს სახელოვნებო წრეებში კარგად იცნობენ. 9 მარტს გამოფენაზე „გაზაფხულის ფერები“, რომელიც „მხატვართა სამყაროს“ ხელმძღვანელების ორგანიზებით, კულტურის საერთაშორისო ცენტრის „მუზა“ საგამოფენო დარბაზში გაიმართა, ცნობილ მხატვრებთან ერთად შორენა მონდაძემაც მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი გამოფენაზე თითო ნახატით იქნა წარმოდგენილი. შორენა მონდაძემ შეარჩია ნახატი „გოგონა შავი ძაღლით“.
დღეს, მეუღლესა და ათ შვილთან ერთად სოფელ ნასაგურში ცხოვრობს. მეთერთმეტე შვილი, სწორედ ის, რომელსაც წყალობა ჰქვია, საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, რადგან ისრაელის ფეხბურთის გუნდმა „ჰაპოელ ნოფ ჰაგალილმა“ მას ხელშეკრულება გაუფორმა.
ოჯახს პატარა მეურნეობა აქვს, სადაც თხებს უვლიან.
„შვილებს სულ ვუმეორებ, რომ კარგი ადამიანები იყვნენ და კეთილი საქმეები აკეთონ“, – ამბობს მხატვარი, რომელიც 11 შვილის დედაა. იქნებ, ამ სიტყვების მათთვის გამეორება საჭირო არც არის, რადგან ყოველ დღე საკუთარი ცხოვრებით აჩვენებს ყველაზე მთავარს – სიკეთის ფასს და იმას, თუ როგორ ვერ უნდა ჩაანაცვლოს რუტინამ მარადიული ფასეულობები…