leaderboard_below_slide
left_sabechdi

საბჭოთა „ზენიტიდან“ – პროფესიულ ზენიტამდე

ბავშვობიდან ახსოვს მამის ნაყიდი, ფეხზე მდგარი გერმანული ფოტოაპარატი „გომზა“, რომელსაც „შავ ტილოს გადააფარებდი და ჩიტს გამოაფრენდა“. წლების მერე, იშვიათი ფოტო არქივი რომ დაუგროვდა, დაწერა წიგნი, რომელსაც „ჩიტებით სავსე ყუთი“ დაარქვა…

პროფესიული საქმიანობა N1 საბჭოთა ბრენდით -„ზენიტი“ დაიწყო. იქიდან მოყოლებული ბევრი იშვიათი ფოტო გადაიღო. ერთ მშვენიერ დღეს, პროფესიულ ზენიტსაც მიაღწია. საქართველოს უახლეს ისტორიას ფეხდაფეხ, უფრო სწორად, კადრდაკადრ მისდევდა. ყველა ფოტოს მხოლოდ მისთვის ჩვეული რაკურსით იღებს, იქნება ეს პრივატულ გარემოში ნანახი ოფიციალური პირი თუ უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩენილი ცნობადი ადამიანი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი გადაღებული კადრი ან იუმორით დაწერილი მასალა არასოდეს ყოფილა ვინმესთვის მიუღებელი და მით უფრო, უხამსი. არადა, ბევრი მისი კოლეგა ამგვარ ცდუნებას ძნელად უძლებს ქვეყანაში, სადაც „სიყვითლე“ დღემდე ტრენდშია.

„გადაღებულია ჯემალ კასრაძის მიერ“

პირველად მისი ფოტო 1971 წელს, გაზეთ  „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა. ფოტოკორესპონდენტად კი ჟურნალ „მართვეს“ რედაქტორმა არჩილ გოგელიამ აკურთხა. მუშაობდა სპორტულ გაზეთ „ლელოში“, თანამშრომლობდა: „კაბადონის“, „დრონის“, „დილის გაზეთის“, „საქართველოს რესპუბლიკისა“ და სხვა გაზეთების რედაქციებთან. მის პირად არქივში სხვადასხვა „ჟანრის“ ბევრი ღირებული ფოტოა და ყველა მათგანს სიმბოლურად, ხარისხის ასეთი ნიშანი ადევს -„გადაღებულია ჯემალ კასრაძის მიერ“.

საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, სხვადასხვა პრიზების გარდა, კულტურის სამინისტროსგან ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ალექსანდრე როინაშვილის პრიზი და პრემია გადაეცა. ამ დარგის წარმომადგენლებისთვის ეს ფაქტობრივად, „ქართული ოსკარია“. თავის მესამე წიგნს ფოტოხელოვანმა უწოდა „მცირე დოკუმენტური ნოველები და სხვ.“

ჩვენთან საუბარში ბატონი ჯემალის მეუღლემ, ქალბატონმა ნელი რეხვიაშვილი-კასრაძემ იხუმრა: „მე ჯემალის „შავი მუშა“ ვარ, რადგან კომპიუტერში წიგნის ტექსტები მე ავკრიფე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, როგორც რედაქტორს, ისე მახსენებს. წიგნის დიზაინი ჩვენს შვილს, ლევანს ეკუთვნის“.

ამ წიგნში უმეტესობა ისეთი ფოტოები და ამბებია, რომლებიც ჯერ არსად დაბეჭდილა. ამიტომ რამდენიმე მათგანის გამოქვეყნების ექსკლუზივი ჩვენ მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა, ავტორის თავაზიანი თანხმობით…

ამბავი ჯანო კახიძეზე

„ჯანო კახიძეს დირიჟორობის დროს არ უყვარდა ფოტოგრაფები. ამიტომ ვცდილობდით, ფორტესიმოზე გადაგვეღო, რომ ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა არ გაეგონა. ამ წესს კი ვიცავდი, მაგრამ ხიფათი, როგორც ეს ხშირად ხდება, სხვა მხრიდან მეწვია: ერთ-ერთი მომღერალი ისე დადგა, იძულებული ვიყავი, ადგილი შემეცვალა. გადავდგი თუ არა ფეხი, ეშმაკად, ამოწეულ პარკეტს წამოვკარი და აი, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯანო დიდი მაესტრო იყო – თან უკან, ჩემკენ იყურებოდა, განრისხებულ თვალებს არ მაშორებდა და თან დირიჟორობდა“.

ჭირვეული ილიჩი

„1989 წელია, თბილისში ეროვნული მოძრაობის აქტივისტები პროლეტარიატის ბელადის ძეგლს ანგრევენ. გარშემო ვუვლი და ვაფიქსირებ. ძალიან ემოციური სიტუაციაა. კისერზე ტროსმობმული ილიჩი ჭირვეულობს. 40 წელია აქ დგას და არ ეთმობა პრესტიჟული ადგილი. უზარმაზარი სატვირთო მანქანა ამაოდ ატრიალებს საბურავებს. ჩემს სიახლოვეს, ზოოპარკის ლომივით, ბოლთას სცემს ზურაბ ქაფიანიძე. და აი, როგორც იქნა, ხალხის ნებამ გაიმარჯვა და ლენინი ხმაურით დაასკდა ბეტონის ფილებს. აღტაცებულმა შეძახილმა იქაურობა გააყრუა. ზურაბ ქაფიანიძე მომვარდა, მხრებში ჩამავლო „ტორები“ და გახარებულმა დამაჯანჯღარა. მაშინვე ფოტოლაბორატორიაში გავქანდი, მინდოდა, ფირი მალე გამემჟღავნებინა და გაზეთისთვის მიმესწრო. აპარატი გავხსენი და დამცეცხლა. სიჩქარისაგან ფირი ისე ჩამედო, პერფორაცია კბილანებს ასცდენოდა და იმ მანქანასავით ერთ ადგილზე ტრიალებდა“.

პავლე ინგოროყვა

„ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებას“, „მართვეს“ გარდა, კიდევ შვიდი სხვადასხვა პროფილის დამატება ჰქონდა, მათ შორის „ბალავერი“ („ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“), რომლის რედაქტორიც თამაზ კვაჭანტირაძე იყო. ერთხელაც მე და თამაზი, ზაზა აბზიანიძესთან ერთად ვეწვიეთ პავლე ინგოროყვას. გზაში თამაზმა და ზაზამ გამაფრთხილეს, ფოტოგადაღება არ უყვარს, თუ შეუმჩნევლად მოახერხებ, ხომ კარგი, თუ არა და, შეეშვიო. რას ვიზამდი. გადავედი იატაკქვეშეთში, დავიფარე უჩინმაჩინის ქუდი, გავძვერი ნემსის ყუნწში. ბატონი პავლე ისეა საუბარში გართული, „ვერ მამჩნევს“. როგორც კი „საკონტროლო კადრები“ ავკრიფე, თავისუფლად ამოვისუნთქე. ამ დროს ბატონმა პავლემ ეშმაკურად შემომხედა, გამიღიმა. მარჯვენა ხელი მაღლა ასწია, საჩვენებელი თითი რამდენჯერმე მოღუნა და აპარატით ჩემი მოქმედებები „გაახმოვანა“ – „ჩხაკ, ჩხაკ, ჩხაკ“, თანაც გულიანად გაიცინა. მე რომ მგონია, ოპერაცია სუფთად ჩავატარე, ეს ას წელს მიღწეული კაცი რას დამინახავს-მეთქი, თურმე ნუ იტყვი, თავიდანვე შევუმჩნევივარ. ძალიან მომწონს ეს ფოტოსერია – ერთ ჯერზე ამდენი კარგი კადრი არასოდეს გადამიღია“.

 

ასევე იხილეთ