leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა ღონღაძე: ჩემმა თაობამ ცხოვრების ყველა განზომილებაში იცხოვრა და სხვებზე მეტი გადაიტანა…

70-იან წლებში ქართველმა ტელემაყურებელმა პირველად როგორც მოცეკვავე ისე გაიცნო. მაშინ 16 წლის გოგო იყო და ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს ანსამბლში ცეკვავდა. დღის პირველ ნახევარში ტროლეიბუსების პარკში დისპეტჩერად მუშაობდა. იმ დროს ჟურნალისტობას არც აპირებდა, სცენაზე ოცნებობდა.

ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ საუბარია 70-90-იანი წლების ერთ-ერთ ცნობად სახეზე, ჟურნალისტზე, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო რანგის შეხვედრების გაშუქებას ანდობდნენ. ამავე დროს საკავშირო ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტიც იყო. ქართულ თემატიკაზე მომზადებული მისი მასალები იმდროინდელი ცენტრალური ტელევიზიის ოქროს ფონდშია დაცული.

დღეს ნანა ღონღაძე თავისუფალი სამყაროს მოქალაქეა, პროფესიას ვერ შეელია და საქმიანობა ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში გააგრძელა. სხვადასხვა ტელეკომპანიის, მათ შორის, რუსულ-ამერიკული სატელევიზიო არხის WMNB-ის კორესპონდენტი იყო. როგორც თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტი, ამერიკის კონგრესსა და გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებს აშუქებდა. ამერიკულ კომპანია GVC-ში (Global village Communications) დოკუმენტური ფილმების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას, მუშაობდა  „ამერიკის ხმაში“.

ტელეეკრანზე როგორც მოცეკვავე და მოდელი

60-იან წლებში საქართველოს ტელევიზიის მაყურებელმა ქორეოგრაფ ბუხუტი დარახველიძის მიერ დადგმული ცეკვა „ფრესკა” იხილა. მას სამი გოგო ასრულებდა: ნატა სეხნიაშვილი, გუგული დარახველიძე და 16 წლის ნანა ღონღაძე. მეორედ მაყურებლის წინაშე როგორც მოდელი, ისე წარსდგა. იმ დროს თბილისის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. პარალელურად, მოდის სახლში მოდელ-დემონსტრატორად მუშაობდა. როცა მეტროსადგურ „რუსთაველის“ გახსნაზე, ფოიეში, მხატვარ-მოდელიერების კოლექციის ჩვენება გაიმართა, პროგრამა „მოამბის“ სიუჟეტში ისიც გამოჩნდა – როგორც ერთ-ერთი მოდელი… ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების მერე, როცა სამსახური ვერ იშოვა, ცეკვამ გადაარჩინა. ზუსტად ორ კვირაში „სუხიშვილების“ რეპერტუარი აითვისა და მათი დასის წევრი გახდა. „სუხიშვილების“ ცეკვებს ეკრანს ხშირად უთმობდნენ და ამ მიზეზით ტელევიზიის ხშირი სტუმარი გახდა. ოთხი წლის შემდეგ ანსამბლიდან წამოვიდა და გადაწყვიტა, ძირითადი პროფესიით დაეწყო მუშაობა.

სატელევიზიო მარათონის სტარტი

ნანა ღონღაძე: როდესაც ტელევიზიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სამი ტური წარმატებით გავიარე. თუმცა კონკურსის შედეგები დედის გარდაცვალებისა და დის ავადმყოფობის გამო ვეღარ მოვიკითხე. ადგილზე მისვლის დროს აღმოჩნდა, რომ უკვე სხვა ჰყავდათ აყვანილი. მაშინდელმა თავმჯდომარემ, კარლო გარდაფხაძემ ნება დამრთო და სამი წელი ტელევიზიაში დიქტორად (უხელფასოდ) ვიმუშავე. შემდეგი ორი წელი საინფორმაციო პროგრამის შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი. ტელევიზიის ახალმა თავმჯდომარემ, გურამ ენუქიძემ ჩემს მომავალ ჟურნალისტურ საქმიანობას მწვანე შუქი საბოლოოდ აუნთო. მან ცენტრალური ტელევიზიისთვის შექმნა ჯგუფი, რომლის  მომზადებულ გადაცემებს 190-მილიონიანი რუსულენოვანი აუდიტორია ჰყავდა. შემდეგ  საქართველოს ტელევიზიაში მოვიდა ნუგზარ ფოფხაძე, რომლის ხელმძღვანელობის წლებს ოქროს ხანად მოიხსენიებენ. მან მკაცრი დისციპლინა შემოიღო, ტელევიზიის ტექნიკური ბაზა გაამდიდრა (ფერად კამერაზე გადავედით), თანაც, გარშემო ნიჭიერი და შრომისმოყვარე  ჟურნალისტები შემოიკრიბა. საინტერესო ცხოვრება მქონდა. ჩემს გამორჩეულ რესპონდენტებს შორს იყვნენ: შოთა ყავლაშვილი, რეზო გაბრიაძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ზურაბ ჟვანია, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, სერგო ფარაჯანოვი და სხვები…

უცნობი ამბები გამორჩეულ ქართველებზე

ნანა ღონღაძე: 1991 წლის 2 სექტემბრის შემდეგ, საქართველოში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. როდესაც აფხაზეთის ომი დამთავრდა, ცენტრალურ ტელევიზიაზე ჩემს მუშაობას აზრი აღარ ჰქონდა. სამსახურიდან წამოვედი და გეზი ამერიკისკენ ავიღე. უკან ჩემი განადგურებული ქვეყანა რჩებოდა, წინ – გაურკვეველი მომავალი მელოდა… ამერიკაში, როგორც პროდიუსერმა, 2008 წლიდან არაერთი დოკუმენტური ფილმი გადავიღე. ჩემი ფილმები უცხოეთში მცხოვრებ ისეთ გამოჩენილ ქართველებზეა, რომლებზეც ჩვენთან თითქმის არაფერი იცოდნენ. ჯორჯ ბალანჩინის მუზაზე, ულამაზეს და უნიჭიერეს ქართველ ბალერინაზე – თამარა თუმანოვაზე დავწერე წიგნი და გადავიღე ფილმი „ცხოვრება პუანტებზე“. ეს ფილმი და წიგნი საქართველოს ემიგრაციის მუზეუმსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავეცი. სპეციალურად ფილმის ჩვენებაზე ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში ჩამოვიდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდის კვლევების დირექტორი, ჩემი მრჩეველი ნენსი რეინოლდსი.

შეხვედრა ვლადიმერ მაიაკოვსკის ქალიშვილთან – იშვიათი რესპონდენტები

ნანა ღონღაძე: იმ ქართველებიდან, ვისთანაც შეხება მქონდა, დამამახსოვრდა საუცხოო პიროვნება, უკანასკნელი ქართველი მეფის შთამომავალი, დავით ჭავჭავაძე, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურში 40 წელი იმსახურა. ასევე დამამახსოვრდნენ ქართველი ქორეოგრაფები, ირინა და პაატა ციქურიშვილები, რომლებმაც ამერიკაში „Synetic Theater“ დააარსეს და თეატრალური „ოსკარი“ არაერთხელ დაიმსახურეს. გავიხსენებ ქართველ არქიტექტორს, გოგი ტონიას, რომელიც მოსკოვში, საქართველოს წარმომადგენლობის შენობის არქიტექტორია. ამერიკაში პოეტ ვლადიმერ მაიაკოვსკის ქალიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი, პატრისია ტიმპსონი აღმოვაჩინე. როცა გაიგო, ქართველი ვარ, დამპატიჟა და სამი დღე მის ბინაში დავყავი. გარეგნობით ზედგამოჭრილი მამა იყო. ჩემი ერთსაათიანი ფილმი პოეტის 125 წლის იუბილეზე ვაჩვენე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ბოლოს კი მაიაკოვსკის მუზეუმს გადავეცი.

ყველაზე საიმედო ამერიკელი

ნანა ღონღაძე: დღემდე მახსოვს ცნობილი ჟურნალისტი და წამყვანი უოლტერ კრონკაიტი. 1950 წელს, სანამ ვაშინგტონში, ტელეკომპანია „CBS“-ის ფილიალის კორესპონდენტად გადავიდოდა, მოსკოვში, UP-ის ბიუროს უფროსად მუშაობდა. ნიუ-იორკში და ვაშინგტონის პრეს-კლუბში მას არაერთხელ შევხვდი. ხშირად იხსენებდა, თუ როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ ომის შემდგომ რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტები. სხვათა შორის, ამერიკაში მას „ყველაზე სანდო ადამიანს“ უწოდებდნენ. შესანიშნავი რესპონდენტები იყვნენ ამერიკელი მწერალი ბელ კაუფმანი და ლუსი ჯარვისი -პირველი ამერიკელი ქალი პროდიუსერი. ახლო მეგობრობა მქონდა ლარი კინგთან, რომელთან ერთადაც ქალაქ არლინგტონში, ერთ კორპუსში ვცხოვრობდით. ლარი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, უშუალო და ყურადღებიანი. მოკლედ, გასახსენებელი ბევრია…

საჩუქარი ქართულ ტელევიზიას

სულ ახლახან, ქალბატონმა ნანამ საქართველოს ტელევიზიას საჩუქრად ყველაზე რთული, 1991-1993 წლების ვიდეოარქივი გადასცა. ამ რაოდენობით და მსგავსი ჩანაწერი ტელევიზიას აქამდე არ ჰქონდა. ესაა ზვიად გამსახურდიას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების და შევარდნაძის ვიზიტების ამსახველი ვიდეომასალა. სხვათაშორის, ის არქივი ალბათ 100 კილოზე მეტს იწონის. ამ ყველაფრის გამოგზავნაში მას ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ზანკალიანი ძალიან დაეხმარა. ასევე საელჩოს დახმარებით, ჟურნალისტმა „პიონერფილმს“ და გრიშა ჩიგოგიძეს ვიდეოკამერა და შტატივი გამოუგზავნა.

ბამბაზიის ნიფხვებიდან – ბიკინებამდე

– ქალბატონო ნანა, საკმაოდ რთულ, მაგრამ საინტერესო დროს მოგიწიათ ცხოვრება, ბევრი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდით, ავტობიოგრაფიულ წიგნზე ხომ არ ფიქრობთ?

– მართლაც საინტერესო დროში ვიცხოვრე. ავტობიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობა დაწყებული მაქვს. ერთ მათგანს სავარაუდოდ ერქმევა „რკინის ფარდის მიღმა“, მეორეს -„ამერიკა ოცნებების ქვეყანა“.  ჩემი თაობა ნელ-ნელა მივიდა: ბამბაზიის ნიფხვებიდან – ბიკინებამდე, შარვლებიდან – შორტებამდე, ვინილის ფირფიტებიდან – ონლაინ მუსიკამდე, ხელნაწერი ბარათებიდან – ელექტრონულ ფოსტამდე, ტელეფონიდან -მობილურ ქსელებამდე… ჩემმა თაობამ ცხოვრების ყველა განზომილებაში იცხოვრა და სხვებზე მეტი გადაიტანა. ეს ის თაობაა, რომელსაც ცვლილებების არ შეეშინდა და თამამად გაითავისა ისინი.

 – პროფესიული განვითარების ყველა ეტაპი გაიარეთ და ბოლოს, მწვერვალზე აღმოჩნდით, ალბათ შეიძლება, რომ „ჟურნალისტი-კონკია“ გიწოდოთ. ბედნიერი ხართ?

– ჟურნალისტი-კონკია? – კარგი შედარებაა… მე ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ დავიბადე და ორ განსხვავებულ ქვეყანაში – საქართველოსა და ამერიკაში ვიცხოვრე. დიახ, ბედნიერი ვარ, რადგან ფესვები მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში გავიდგი და ჩემი ოჯახის სამ თაობას მოვესწარი. მყავს მზრუნველი ქალიშვილი ელისაბედი, ამერიკელი მეუღლე ფრენკი, რომელთანაც ოჯახის გარდა საერთო ინტერესებიც მაკავშირებს. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი შვილიშვილები, თინა და ლიკა, ქართულად საუბრობენ და ძალიან უყვართ საქართველო…

 

ასევე იხილეთ