leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები

“აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის ჩემპიონები და ასევე მსოფლიო ჩემპიონები, თუმცა ამას სჭირდება მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედი Live“-ში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა 26 მარტის თამაშზე ისაუბრა, სადაც საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა.

„ენით აღუწერელი სიხარული იყო. მერე მთელი ღამე ჩემს შვილებთან ერთად ვმოძრაობდი „დინამო-დინამოს“ სიმღერით. ძალიან ემოციური დღე იყო. გრძელდება ემოციები, კიდევ არ ჩაცხრა და ალბათ გაგრძელდება ევროპის ჩემპიონატამდე. მე იმ თაობას ვეკუთვნი, როდესაც საქართველოს ნაკრები შეიქმნა. ის მძიმე წლები მახსენდება, ფეხბურთელები იზოლაციაში, სამოქალაქო ომი, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვა და გავუძელით იმ ფეხბურთელებმა, ვისაც ძალიან გვიყვარდა და მეტი მოთმინება და სურვილი გვქონდა, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. ვსაუბრობ თემურ ქეცბაიაზე, კახა ცხადაძეზე, შემდეგ იყო ჯამარაული, ნემსაძე, კახა გოგიჩაიშვილი, ქინქლაძე, არველაძეების თაობა და შემდეგ უკვე კალაძე, კობიაშვილი და ა.შ. რთული პერიოდი იყო, მაგრამ სულ იყო ის განცდა, როდის დადგებოდა ის დღე, რომელიც გუშინწინ დადგა.

ვერაფერი შეედრება ნაკრების წარმატებას. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის ჩემპიონები და ასევე მსოფლიო ჩემპიონები, თუმცა ამას სჭირდება მიზანმიმართული, დაგეგმილი პროცესი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ