სანდრო ბაზაძე: დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდა
“ეს არის სრულიად საქართველოს წარმატება. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდა”, – ამის შესახებ მოფარიკავემ, ევროპის ორგზის ჩემპიონმა, სანდრო ბაზაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები გუნდად არიან შეკრული, ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ეს ყველაზე მთავარია. მე ვიცი სპორტსმენისთვის წარმატება რა არის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები უფრო მეტს გააკეთებს და მათ კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ“, – აღნიშნა სანდრო ბაზაძემ.
მისი თქმით, ქართველ ადამიანს ერთმანეთისთვის უდიდესი ძალის მიცემა შეუძლია.
„ყველა ხვდება, რომ ეს წარმატება არის ქვეყნის წარმატება და ამაში დიდი წვლილი ქართველ გულშემატკივარს მიუძღვის. მადლობა ქართველ ერს, რომ ასეთი გვერდში დგომა იციან“, – აღნიშნა სანდრო ბაზაძემ.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.