გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე სტუმრად გელზენკირხენის შალკეს დაუპირისპირდება.
მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა KSC-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა, რომელმაც ქართველ ფორვარდზეც ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბუდუს ყველანი გულშემატკივრობდნენ:
“ბუდუს დასვენების დღე მივეცით. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ აღიდგინა ენერგია მატჩების და ზეიმის შემდეგ. პირველ მატჩში ბუდუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების ფინალში გასვლაში. მას ყველანი ვგულშემატკივრობდით. პარასკევს დაუბრუნდება ვარჯიშს და შეიძლება კვირას ითამაშოს. ვერც კი წარმოიდგენთ, მათთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რამდენს ნიშნავს”, – თქვა აიხნერმა.
30 წლის ქართველ თავდამსხმელს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 8-ჯერ იყო, მიუხედავად ამისა, იგორ მატანოვიჩთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
შალკე-კარლსრუეს მატჩი 31 მარტს გაიმართება. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან თამაში სწორედ შალკეს საშინაო არენაზე, გელზენკირხენში მოუწევს.